№ას-604-570-2012 14 ივნისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „კ. 2008“
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე. კ-ა“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ნივთების დაბრუნება ან შესაბამისი ღირებულების თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს ,,კ. 2008”-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს „ე. კ-ის“ წინააღმდეგ, მესამე პირებად დაასახელა მ. გ-ე და სხვები და მოითხოვა გარიგების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ნივთების დაბრუნება ან შესაბამისი ღირებულების თანხის დაკისრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „კ. 2008“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „კ. 2008“-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 მარტის განჩინებით შპს „კ. 2008“-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან შპს ,,კ. 2008”-ის წარმომადგენელ რ. პ-ს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით, მაგრამ სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარადგინა 2012 წლის 24 თებერვალს (1 თვეზე მეტი დაგვიანებით), ანუ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დარღვევით, სსსკ-ის 369-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „კ. 2008“-ის წარმომადგენელმა რ. პ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლო განჩინების გამოტანისას დაეყრდნო ბათუმის საქალაქო სასამართლოს გზავნილზე მის მიერ შესრულებულ ხელმოწერას, სადაც მან შეცდომით გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღად ნაცვლად 2012 წლის 8 თებერვლისა, მიუთითა 2012 წლის 8 იანვარი. აღნიშნული დასტურდება იმ გარემოებით, რომ სასამართლოს გზავნილი დათარიღებულია 2012 წლის 13 იანვრით, რაც ცხადყოფს, რომ იგი გზავნილს 2012 წლის 8 იანვარს ვერ ჩაიბარებდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რ. პ-მ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ შპს „კ. 2008“-ის წარმომადგენელ რ. პ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 მარტის განჩინებით შპს „კ. 2008“-ის“ სააპელაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ შპს „კ. 2008“-მ, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2012 წლის 8 იანვარს, ხოლო მან სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2012 წლის 24 თებერვალს, რითაც დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხარის მიერ გასაჩივრებული დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან მხოლოდ 14 დღის განმავლობაში. ამდენად, კანონმდებელი ყურადღებას ამახვილებს და მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტი, საიდანაც უნდა აითვალოს ზემოხსენებული 14-დღიანი ვადა.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა 2012 წლის 9 იანვრიდან არასწორად აითვალა, ვინაიდან როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ბთუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება მხარეებს კანონით დადგენილი წესით გაეგზავნათ 2012 წლის 13 იანვარს. საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ რ. პ-ს სასამართლო გზავნილზე გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღად შეცდომით აქვს მითითებული აქვს 2012 წლის 8 იანვარი, რაც დასტურდება იმ გარემოებით, რომ სასამართლოს გზავნილი დათარიღებულია 2012 წლის 13 იანვრით, აღნიშნული კი, ცხადყოფს, რომ იგი 2012 წლის 13 იანვარს გაგზავნილ გადაწყვეტილებას 2012 წლის 8 იანვარს ვერ ჩაიბარებდა. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოწინააღმდეგე მხარეს, ასევე მესამე პირებს გზავნილზე გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღად მითითებული აქვთ 2012 წლის 7-13 თებერვალი (იხ. ს.ფ. 269-280).
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 მარტის განჩინებით შპს „კ. 2008“-ს სააპელაციო საჩივარი არასწორად იქნა განუხილველად დატოვებული, რადგან ორგანიზაციის წარმომადგენელ რ. პ-ს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების ასლი ფაქტობრივად ჩაჰბარდა 2012 წლის 8 თებერვალს, სააპელაციო საჩივარი კი წარადგინა 2012 წლის 24 თებერვალს, ანუ კანონით დადგენილ ვადაში, ვინაიდან გასაჩივრების ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, იყო 2012 წლის 22 თებერვალი. აღნიშნული კი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
განჩინებით შპს „კ. 2008“-ს წარმომადგენელ რ. პ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 მარტის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.