Facebook Twitter

№ას-609-575-2012 14 ივნისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „... ...“

მოწინააღმდეგე მხარე - მ. ჯ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ჯ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „... ...“-ს წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესასრულებლად 7000 ევროს ეკვივალენტი ლარის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი ცნო მხოლოდ 6480 ლარის ნაწილში იმ საფუზვლიტ, რომ დანარჩენ ნაწილში მოთხოვნა გაქვითული იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „... ...-ს“ მოსარჩელე მ. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 15 680 ლარის გადახდა (7000 ევროს ეკვივალენტი თანხა ეროვნულ ვალუტაში).

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „... ...“-მ მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 იანვრის განჩინებით აპელანტ შპს „... ...“-ს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი, დასაბუთებული სააპელაციო საჩივარისა და სახელმწიფო ბაჟის სახით 627,2 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანის წარმოდგენა. ხარვეზის შესავსებად საჩივრის ავტორს განესაზღვრა 5 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 თებერვლის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 მარტის განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, შპს „... ...“-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ აპელანტს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 მარტის განჩინების ასლი ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით 2012 წლის 5 მარტს, შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების ბოლო ვადა იყო 2012 წლის 12 მარტი. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებული ვითარება _ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, იძლეოდა საფუძველს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისათვის.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „... ...“-მ, და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ კანონით დადგენილი წესით განჩინება არ ჩაჰბარებია, საქმეში არ მოიპოვება რაიმე დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება, რომ მას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაჰბარდა განჩინება. ამდენად, მოკლებული იყო შესაძლებლობას აღმოეფხვრა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ შპს „... ...“-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 იანვრის განჩინებით აპელანტ შპს „... ...-ს“ დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი, დასაბუთებული სააპელაციო საჩივარისა და სახელმწიფო ბაჟის სახით 627,2 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანის წარმოდგენა. ხარვეზის შესავსებად საჩივრის ავტორს განესაზღვრა 5 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 თებერვლის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, სააპელაციო პალატამ შპს „... ...“-ს სააპელაციო საჩიავრი განუხილველად დატოვა.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად და ხარვეზის შეუვსებლობის საპატიო მიზეზად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ კანონით დადგენილი წესით განჩინება არ ჩაჰბარებია, და არც რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი აღნიშნულის თაობაზე საქმეში არ მოიპოვება, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლი აპელანტს, კერძოდ, ორგანიზაციის დირექტორ ნ. კ-ს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩაჰბარდა 2012 წლის 5 მარტს, რაც დასტურდება საქმეში არსებული სატელეფონო შეტყობინების აქტით (იხ. ტ.2, ს.ფ. 17).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 6 მარტს და ამოიწურა 2012 წლის 12 მარტს. მას სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობით, შპს „... ...“-მ დაკარგა მისთვის მინიჭებული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ შპს „... ...“-ს სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს „... ...“-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 მარტის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.