№ას-617-580-2012 14 ივნისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. კ.
მოწინააღმდეგე მხარე - დ. თ-ა, მ. ხ-ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი – ბინის ნასყიდობის ხელსეკრულების ბათილად ცნობა და ქონების ½ წილზე თანასაკუთრების უფლების აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. კ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: დ. თ-სა და მ. ხ-ს წინააღმდეგ და მოითხოვა დ. თ-სა და მ. ხ-ს შორის 2011 წლის 29 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ქ.ზუგდიდში, ბ-ს ქ. №121-ში მდებარე უძრავი ნივთის ½ წილის თანამესაკუთრედ ცნობა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. კ-ს სარჩელი დ. თ-სა და მ. ხ-ს მიმართ 2011 წლის 29 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ქ.ზუგდიდში, ბ-ს ქ. №121-ში მდებარე უძრავი ნოივთის ½ წილის თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 მარტის განჩინებით ნ. კ-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან მოსარჩელეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით, მაგრამ სააპელაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, ნაცვლად 2012 წლის 09 მარტისა, შეიტანა 2012 წლის 13 მარტს, ანუ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დარღვევით, სსსკ-ის 369-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი , განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. კ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარი მან წარადგინა არა 2012 წლის 13 მარტს როგორც ეს გასაჩივრებულ განჩინებაშია მითითებული, არამედ 2012 წლის 6 მარტს კანონით დადგენილ ვადაში, რის დასადასტურებლადაც კერძო საჩივარს თან დაურთო „E. E.“-ს ქვითრის ასლი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ნ. კ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება ნ. კ-ს, კერძოდ, მის წარმომადგენელ მ. ხ-ს ჩაჰბარდა 2012 წლის 24 თებერვალს (იხ. ს.ფ 157). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 25 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 9 მარტს. ამდენად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა იყო 2012 წლის 9 მარტი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილია 2012 წლის 13 მარტს, ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, რომლის აღდგენაც დაუშვებელია (იხ. ს.ფ. 162-173).
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მას სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა არ დაურღვევია, ვინაიდან მან სააპელაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ფოსტის მეშვეობით გააგზავნა 2012 წლის 6 მარტს, ანუ კანონით დადგენილ ვადაში, რის დასადასტურებლადაც კერძო საჩივარს თან დაურთო „E. E.“-ს ქვითრის ასლი, შესაბამისად, მოითხოვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილება.
აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერც კერძო საჩივარზე დართულ „E. E.“-ს ქვითარს მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან აღნიშნული ქვითარი ჯერ ერთი წარმოდგენილია ასლის სახით, ამავ დროს არ შეიცავს ნ. კ-ს მიერ აღნიშნული ორგანიზაციისათვის ჩაბარებული კორესპონდენციის დასახელებას და ამასთან, გამგზავნად მითითებულია პატიმართა სოც. უზრუნველყოფის ფონდი.
ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა ვერ შეძლო შესაბამისი მტკიცებულებებით დაესაბუთებინა, რომ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში შეტანა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მისი მტკიცების ტვირთს შეადგენდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ნ. კ-ს სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. კ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 მარტის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.