Facebook Twitter

№ას-631-594-2012 18 ივნისი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები _ პ. ღ-ი, ნ. ი-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. შ-ი, თ. ი-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების თანამესაკუთრედ აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. შ-მა და თ. ი-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში პ. ღ-ისა და ნ. ი-ის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების თანამესაკუთრედ აღიარების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: ნ. შ-ი და ვ. ი-ი1998 წლის 17 მარტს ზ-ის თემის გამგეობაში დაქორწინდნენ. მათ ჰყავთ შვილი თ. ი-ი. ისინი ქორწინების შემდეგ საკომლო წიგნში დარეგისტრირდნენ ვ. ი-ის კომლის წევრებად. ვ.ი-ი დამოუკიდებელი კომლი არ ყოფილა და იგი იყო მშობლების კომლის წევრი, შესაბამისად, კომლის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრე. 2003 წელს ვ.ი-ის გარდაცვალების შემდეგ კომლში დარჩნენ პ.ი-ი, ნ.შ-ი და თ.ი-ი. საცხოვრებელი სახლი ფაქტობრივად გაყოფილი იყო ვ. ი-სა და პ.ღ-ს შორის. ბოლო ერთი წელია პ.ღ-თან მათი ურთიერთობა დაიძაბა და მოსარჩელეები იძულებული გახდნენ სახლიდან წასულიყვნენ. 2010 წლის 29 მარტს პ. ღ-მა კომლის მთელი ქონება აჩუქა შვილს ნ. ი-ს, მოპასუხემ ასევე გააჩუქა მათი, როგორც კომლის წევრების წილი, რითაც საარსებო წყარო მოუსპო მოსარჩელეებს, რადგან მათ სხვა საცხოვრებელი სახლი არ გააჩნიათ.

მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. შ-ისა და თ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნ. შ-ი ცნობილ იქნა თიანეთის რაიონის სოფელ ზ-ში მდებარე 3503 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების 1/12 ნაწილის მესაკუთრედ. ამავე გადაწყვეტილებით თ. ი-ი ცნობილ იქნა თიანეთის რაიონის სოფელ ზ-ში მდებარე 3503 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების 7/24 ნაწილის მესაკუთრედ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს პ. ღ-მა და ნ. ი-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 2 აპრილის განჩინებით ნ.ი-ის ნაწილში სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგი საფუძვლებით: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. ზემოაღნიშნული ნორმა იმპერატიულია და გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის გაგრძელებას არ ითვალისწინებს. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ დასტურდება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნ. ი-ს 2012 წლის 7 თებერვალს პირადად ჩაჰბარდა. პალატამ მიუთითა, რომ გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა, კონკრეტულ შემთხვევაში, იწყება 2012 წლის 8 თებერვალს, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილით წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. აღნიშნული 14 -დღიანი ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს 2012 წლის 22 თებერვალი ანუ სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილება აპელანტს გააჩნდა 2012 წლის 22 თებერვლის ჩათვლით. სააპელაციო საჩივარი აპელანტის მიერ შეტანილ იქნა 2012 წლის 19 მარტს, კანონით დადგენილი 14 - დღიანი ვადის გასვლის შემდგომ, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 16 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ნ.ი-მა და პ.ღ-მა შემდეგი დასაბუთებით: გასაჩივრებული გადაწყვეტილება 7 თებერვალს ვერც ერთ მხარეს და, მათ შორის, ნ. ი-საც ვერ ჩაჰბარდებოდა, ვინაიდან, იგი გამოტანილია 2012 წლის 28 თებერვალს, ანუ სასამართლოს მიერ მითითებული თარიღიდან 21 დღის შემდეგ. აქედან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი წარდგენილია კანონით დადგენილ ვადაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი, რომელიც წარმოდგენილია ნ.ი-ისა და პ.ღ-ის მიერ ნ. ი-ის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პ. ღ-ის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 2 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნ.ი-ის ნაწილში დარჩა განუხილველი, გასაჩივრებული განჩინება პ.ღ-ის მიმართ არ არის გამოტანილი და არც უშუალოდ ეხება მას. შესაბამისად, კერძო საჩივრის შემოტანაზე უფლებამოსილი პირი მხოლოდ ნ.ი-ია. აღნიშნულიდან გამომდინარე, პ.ღ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო პალატის 2012 წლის 2 აპრილის განჩინებაზე უნდა დარჩეს განუხილველი.

საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის არგუმენტების შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო იზიარებს ნ.ი-ის მოსაზრებას სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ 14 - დღიან ვადაში წარდგენასთან დაკავშირებით შემდეგი დასაბუთებით:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მოდავე მხარე, რომელიც არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, უფლებამოსილია, შეიტანოს სააპელაციო საჩივარი მისი კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.

საქმეში მოცემული ჩაბარების ხელწერილით დგინდება, რომ ნ.ი-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება 2012 წლის 7 თებერვალს ჩაჰბარდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. ამდენად, საქმის განმხილველი სასამართლოს ვალდებულებაა, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე ზუსტად და უტყუარად გამოარკვიოს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტი. აღნიშნული ფაქტის უტყუარად დადგენა მნიშვნელოვანია, რადგან სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით მხარეს ერთმევა უფლება, სასამართლო წესით დაიცვას თავისი ინტერესი. უფლების სასამართლო წესით დაცვა კი, უზრუნველყოფილია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით და მის ერთ-ერთ ძირითად, ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს.

ცხადია, 2012 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება მხარეს 2012 წლის 7 თებერვალს ვერ ჩაჰბარდებოდა, შესაბამისად, გადაწყვეტილების ჩაბარების ხელწერილში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. ი-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 2 აპრილის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ი-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

პ. ღ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 აპრილის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.