№ას-650-612-2012 14 ივნისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ნ-ის წარმომადგენელი დ. გ-ა
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ძ-ი, ჯ. მ-ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი – სესხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ძ-ისა და ჯ. მ-ის სარჩელი მოპასუხეების: მ. ნ-ისა და ნ. კ-ს მიმართ სესხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნ. კ-ს ჯ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 27 550 აშშ დოლარის ანაზღაურება. ნ. კ-ს ჯ. მ-ის სასარგებლოდ 2010 წლის 18 ნოემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაეკისრა ყოველდღიურად 10 აშშ დოლარის გადახდა. ზემოაღნიშნული დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მ. ნ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ც. დ-ის ქუჩა N127, ნაგებობა N3 და N10 საერთო ფართით 101.93 კვ.მ, სამეურნეო ფართი 21 კვ.მ. (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N...); ნ. კ-ს ნ. ძ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 5464 აშშ დოლარის გადახდა, ასევე 2010 წლის 18 ნოემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაეკისრა ყოველდღიურად 2 აშშ დოლარის გადახდა. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მ. ნ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ც. დ-ის ქუჩა N127, ნაგებობა N4 და N5 საერთო ფართით 43.86 კვ.მ, სამეურნეო ფართი 45.36კვ.მ. (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N...).
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ნ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 აპრილის განჩინებით მ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება 2012 წლის 17 თებერვალს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაჰბარდა - მ. ნ-ის წარმომადგენელ დ. გ-ს, მან კი სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 2012 წლის 27 მარტს, ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის დარღვევით, ვინაიდან გასაჩივრების ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, იყო 2012 წლის 2 მარტი.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ნ-ის წარმომადგენელმა დ. გ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაეწყო არა 2012 წლის 18 თებერვლიდან, როდესაც მას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაჰბარდა, არამედ 2012 წლის 01 მარტიდან (უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების ჩაბარების თარიღი) შესაბამისად, ვინაიდან გადაწყვეტილება ფაქტობრივად იყო ხარვეზიანი, მას არ გააჩნდა ვალდებულება გაესაჩივრებინა ამგვარი გადაწყვეტილება, სანამ არ მიიღებდა დასაბუთებულ, მოტივირებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, მ. ნ-მ მოითხოვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილება და საქმის წარმოების განახლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ მ. ნ-ის წარმომადგენელ დ. გ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით მ. ნ-ის წარმომადგენელ დ. გ-ს ჩაჰბარდა პირადად 2012 წლის 17 თებერვალს (ს.ფ. 273). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 18 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 2 მარტს. ამდენად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა იყო 2012 წლის 2 2 მარტი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2012 წლის 27 მარტს, ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, რომლის აღდგენაც დაუშვებელია (იხ.ს.ფ. 280-288).
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაეწყო არა 2012 წლის 18 თებერვლიდან როდესაც მას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაჰბარდა, არამედ 2012 წლის 01 მარტიდან (უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების ჩაბარების თარიღი) შესაბამისად, ვინაიდან გადაწყვეტილება ფაქტობრივად ხარვეზიანი იყო, მას არ გააჩნდა ვალდებულება გაესაჩივრებინა ამგვარი გადაწყვეტილება, სანამ არ მიიღებდა დასაბუთებულ, მოტივირებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა არ დაურღვევია, რის გამოც მოითხოვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილება.
აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან კანონმდებელი მხარეს პირდაპირ ავალდებულებს, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, მოცემულ შემთხვევაში კი, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, როგორც უკვე აღინიშნა, მ. ნ-ს (მის წარმომადგენელ დ. გ-ს) ჩაჰბარდა 2012 წლის 17 თებერვალს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 თებერვლის განჩინებით, გასწორდა მხოლოდ დასაბუთებულ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ მას 2012 წლის 17 თებერვალს არ ჩაჰბარებია დასაბუთებული, მოტივირებული გადაწყვეტილება, საკასაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრების ვადა უნდა ათვლილიყო უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების ჩაბარების თარიღიდან (2012 წლის 01 მარტი) და არა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან (2012 წლის 17 თებერვალი) საკასაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ნ-ის წარმომადგენელ დ. გ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 აპრილის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.