Facebook Twitter

№ას-677-637-2012 14 ივნისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ვ. ფ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - ა. ყ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელსეკრულების გაუქმება, ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ყ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. ფ-ისა და კ. ჯ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება.

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2012 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ყ-ის სასარჩელო მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდა და გაუქმდა კ. ჯ-სა და ვ. ფ-ს შორის დადებული, საგარეჯოს რაიონის სოფელ გ-ში მდებარე უძრავი ნივთის, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: საგარეჯო, კოდი - .., სექტორი - ..., კოდი- .., კვარტალი - .., ნაკვეთი- .., თანასაკუთრება, მიწის ნაკვეთის ფართობი 1775.00 კვმ, 2011 წლის 16 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება.

რაიონული სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ფ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება ახალი გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 აპრილის განჩინებით ვ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ვ. ფ-ს, კერძოდ, მის წარმომადგენელ ა. ხ-ს ჩაჰბარდა 2012 წლის 28 მარტს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სააპელაციო საჩივარი კი, სასამართლოში წარდგენილია 2012 წლის 12 აპრილს ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის დარღვევით, ვინაიდან გასაჩივრების ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, იყო 2012 წლის 11 აპრილი.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ფ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარი მან წარადგინა არა 2012 წლის 12 აპრილს როგორც ეს გასაჩივრებულ განჩინებაშია მითითებული, არამედ 2012 წლის 6 აპრილს– კანონით დადგენილ ვადაში, რის დასადასტურებლადაც კერძო საჩივარს თან დაურთო შპს „...“-ს ქვითრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ვ. ფ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2012 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება ვ. ფ-ს, კერძოდ, მის წარმომადგენელ ა. ხ-ს ჩაჰბარდა 2012 წლის 28 მარტს (იხ. ტ. 1, ს.ფ.149); სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 29 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 11 აპრილს. ამდენად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა იყო 2012 წლის 11 აპრილი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილია 2012 წლის 12 აპრილს, ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, რომლის აღდგენაც დაუშვებელია (იხ.ტ1 ს.ფ. 150-161).

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მას სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა არ დაურღვევია, ვინაიდან მან სააპელაციო საჩივარი საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში ფოსტის მეშვეობით გააგზავნა 2012 წლის 6 აპრილს, ანუ კანონით დადგენილ ვადაში, რის დასადასტურებლადაც კერძო საჩივარს თან დაურთო შპს „...“-ს ქვითრები, შესაბამისად, მოითხოვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილება.

აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერც კერძო საჩივარზე დართულ შპს „...“-ს ქვითრებს მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან ეს ქვითარები არ შეიცავს ვ. ფ-ის მიერ აღნიშნული ორგანიზაციისათვის ჩაბარებული კორესპონდენციის დასახელებას.

ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა ვერ შეძლო შესაბამისი მტკიცებულებებით დაესაბუთებინა, რომ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში შეტანა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მისი მტკიცების ტვირთს შეადგენდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ვ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ. ფ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 აპრილის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.