№ას-697-654-2012 25 ივნისი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს „... ... ...“
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ფ-ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. ფ-ის სარჩელი მოპასუხე შპს „... ... ...-ის“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შეწყვეტილად იქნა აღიარებული ზ. ფ-სა და შპს „... ... ...-ის“ შორის 2007 წლის 29 ოქტომბერს დადებული №4/1/107-137 ხელშეკრულება; შპს „... ... ...-ის“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 39120 აშშ დოლარის ანაზღაურება, ამასთან, დადგინდა, რომ აღნიშნული თანხის გადახდა შპს „... ... ...-მ“ უნდა განახორციელოს სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი წლის შემდეგ; ზ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში; შპს „... ... ...-ის“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება 825 ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო ბაჟის სახით – 1905.45 ლარის გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს „... ... ...-მ“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 აპრილის განჩინებით შპს „... ... ...-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო. კერძოდ, პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი შპს „... ... ...-ის“ ჩაბარდა 2012 წლის 26 მარტს. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტისათვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა ამოიწურა 2012 წლის 10 აპრილს, სააპელაციო საჩივარი კი შეტანილი იქნა 2012 წლის 11 აპრილს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მიხედვით.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „... ... ...-მ“.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ შპს „... ... ...-ის“ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი 2012 წლის 26 მარტს არ ჩაბარებია, როგორც ეს გასაჩივრებულ განჩინებაშია მითითებული. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი აპელანტს რამდენიმე დღის შემდეგ ხელზე გადასცა სხვა ორგანიზაციის თანამშრომელმა. რაც შეეხება საქმეში არსებულ შეტყობინების ბარათს, იგი ხელმოწერილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, კერძოდ, ფოსტამ მოპასუხისათვის განკუთვნილი გზავნილი 2012 წლის 26 მარტს ჩააბარა სხვა კომპანიის, კერძოდ, შპს „დ-ის“ თანამშრომელ ა.ს-ს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილიდან გამომდინარე, ვერ ჩაითვლება მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარებად.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, შპს „... ... ...“ რამდენიმე წელია იმყოფება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში და მის სახელზე რიცხული მთელი ქონება დაყადაღებულია. შესაბამისად, კომპანიას, დირექტორის გარდა, სხვა თანამშრომელი არ ჰყავს, ასევე არ გააჩნია კანცელარია ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირი, ვინც შეიძლება ჩაიბაროს ესა თუ ის კორესპონდენცია. გარდა ამისა, შპს „... ... ...-ის“ ფაქტობრივ მისამართზე – ქ.თბილისში, დ.ა-ის გამზირის №150-ში განთავსებულია ასევე რამდენიმე სხვა ორგანიზაცია, ამიტომ საფოსტო დაწესებულების წარმომადგენელს უნდა გაერკვია, თუ რამდენად სწორ ადრესატს და უფლებამოსილ პირს ჩაჰბარდა კორესპონდენცია, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. გასათვალისწინებელია ასევე, რომ გზავნილის ჩაბარება არ არის დამოწმებული შპს „... ... ...-ის“ ბეჭდით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „... ... ...-ის“ კერძო საჩივარი ar უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 აპრილის განჩინებით შპს „... ... ...-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა.
კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას და განმარტავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი საწარმოს უფლებამოსილ პირს არ ჩაბარებია, ხოლო საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათი ხელმოწერილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, კერძოდ, ფოსტამ მოპასუხისათვის განკუთვნილი გზავნილი 2012 წლის 26 მარტს ჩააბარა სხვა კომპანიის - შპს „დ-ის“ თანამშრომელ ა.ს-ს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, ვერ ჩაითვლება მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარებად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება (განჩინება) მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ასეთ შემთხვევაში ჩაბარება დასტურდება მიმღების ხელმოწერით.
მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლის შპს „... ... ...-სათვის“ ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათი (ტომი 1, ს.ფ. 121). მითითებული დოკუმენტით ირკვევა, რომ საფოსტო გზავნილი გაიგზავნა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა ლ. კ-ს (პირადი №...), რაც დადასტურებულია ამ უკანასკნელის ხელმოწერით. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე იმ გარემოებას, რომ უფრო ადრე სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გზავნილი ამავე მისამართზე ჩაბარდა ლ. კ-ს (პირადი №...), რომელიც შეტყობინების ბარათში მოხსენიებულია როგორც თანაშემწე (ტომი 1, ს.ფ. 511). საყურადღებოა ისიც, რომ აღნიშნული ჩაბარება შპს „... ... ...-ის“ სადავოდ არ გაუხდია და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარადგინა კიდეც შესაგებელი სარჩელზე (ტომი 1, ს.ფ. 52). აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი გაიგზავნა შპს „... ... ...-ის“ მიერ მითითებულ მისამართზე და საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის მიხედვით ჩაბარდა ამ ორგანიზაციის თანაშემწეს (ლ. კ-ს), არსებობს პრეზუმფცია, რომ გზავნილი ჩაბარდა ორგანიზაციის უფლებამოსილ პირს. საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი ეკისრება კერძო საჩივრის ავტორს - შპს „... ... ...-ის“. ეს უკანასკნელი აღნიშნავს, რომ მისთვის განკუთვნილი გზავნილი ფოსტამ 2012 წლის 26 მარტს ჩააბარა სხვა კომპანიის - შპს „დ-ის“ თანამშრომელ ა.ს-ს. ამ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა შპს „... ... ...-ის“ თანამშრომელს (თანაშემწეს) ლ.კ-ს (პირადი №...) და არა შპს „დ-ის“ თანამშრომელ ა.ს-ს (პირადი №...). აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორს სწორედ ის უნდა დაემტკიცებინა, რომ ლ.კ-ე არ წარმოადგენდა მის თანამშრომელს და ორგანიზაციის უფლებამოსილ პირს. ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება კი მას არ წარმოუდგენია, შესაბამისად, შპს „... ... ...-ის“ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „... ... ...-ის“ კერძო არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.