საქმე №ას-703-660-2012 4 ივნისის, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ე. ი-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ხ-ე (მოსარჩელე, მოპასუხე ზ.ლ-ის შეგებებულ სარჩელზე)
მოპასუხეები - ს. წ-ი, ბ. ლ-ე, დ. ჯ-ი, ზ. ლ-ე (შეგებებული სარჩელის ავტორი)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – თავდაპირველ სარჩელში - თანხის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტა, შეგებებულ სარჩელში - უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ხ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. წ-ის, ბ. ლ-ის, დ. ჯ-ისა და ზ. ლ-ის მიმართ და მოითხოვა შემდეგი: ქ.თბილისში, ს.ჩ-ის ქუჩა №16ა-ში მდებარე საცხოვრებელ სადგომზე საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 90%-ის - 10755 ლარის გადახდის სანაცვლოდ ს. წ-ის მფლობელობის შეწყვეტა, 11294 ლარის გადახდის სანაცვლოდ, ბ.ლ-სათვის მფლობელობის შეწყვეტა, 9473 ლარის გადახდის სანაცვლოდ, დ. ჯ-სათვის მფლობელობის შეწყვეტა, 3165 ლარის გადახდის სანაცვლოდ - ზ. ლ-სათვის მფლობელობის შეწყვეტა.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, ამასთან ზ. ლ-მ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ლ. ხ-ის მიმართ ქ.თბილისში, ს.ჩ-ის ქუჩა №16ა-ში მდებარე საცხოვრებელ სადგომისა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ზ. ლ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ლ. ხ-ს ს. წ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 10755 (ათი ათას შვიდას ორმოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა, ლ. ხ-ის მიერ ს. წ-ის სასარგებლოდ 10755 (ათი ათას შვიდას ორმოცდათხუთმეტი) ლარის გადახდის შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების დოკუმენტის ან ამ ვალდებულების სხვაგვარად შეწყვეტის დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, ს. წ-ს შეუწყდა მფლობელობა ქ.თბილისში, ს.ჩ-ის ქუჩა №16ა-ში მდებარე, მის მიერ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე ლ. ხ-ს, ლ. ხ-ს ბ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 11294 (თერთმეტი ათას ორას ოთხმოცდათოთხმეტი) ლარის გადახდა, ლ. ხ-ის მიერ ბ. ლ-ის სასარგებლოდ 11294 (თერთმეტი ათას ორას ოთხმოცდათოთხმეტი) ლარის გადახდის შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების დოკუმენტის ან ამ ვალდებულების სხვაგვარად შეწყვეტის დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, ბ. ლ-ეს შეუწყდა მფლობელობა ქ.თბილისში, ს.ჩ-ის ქუჩა №16ა-ში მდებარე, მის მიერ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე ლ. ხ-ს, ლ. ხ-ს დ. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 9473 (ცხრა ათას ოთხას სამოცდაცამეტი) ლარის გადახდა, ლ. ხ-ის მიერ დ. ჯ-ის სასარგებლოდ 9473 (ცხრა ათას ოთხას სამოცდაცამეტი) ლარის გადახდის შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების დოკუმენტის ან ამ ვალდებულების სხვაგვარად შეწყვეტის დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, დ. ჯ-ს შეუწყდა მფლობელობა ქ.თბილისში, ს.ჩ-ის ქუჩა №16ა-ში მდებარე, მის მიერ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე ლ. ხ-ს, ლ. ხ-ს ზ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3165 (სამი ათას ას სამოცდახუთი) ლარის გადახდა, ლ. ხ-ის მიერ ზ. ლ-ის სასარგებლოდ 3165 (სამი ათას ას სამოცდახუთი) ლარის გადახდის შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების დოკუმენტის ან ამ ვალდებულების სხვაგვარად შეწყვეტის დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, ზ. ლ-ს შეუწყდა მფლობელობა ქ.თბილისში, ს.ჩ-ის ქუჩა №16ა-ში მდებარე, მის მიერ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე ლ. ხ-ს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ლ-მ, ამავე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრები წარადგინეს ასევე ს. წ-მა, ე.ი-მ, ბ. ლ-მ და დ. ჯ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 აპრილის განჩინებით ე. ი-ის სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლზე და განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ნორმა ცალსახად და ამომწურავად მიუთითებს იმ პირთა წრეზე, ვისაც გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლებამოსილება გააჩნია. ესენია, მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტი ე. ი-ე არ წარმოადგენს იმ პირს, რომელსაც ექნებოდა უფლება, გაესაჩივრებინა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, ვინაიდან გადაწყვეტილებით იგი მხარე არ იყო. გარდა ამისა, „საცხოვრებელი სადგომის სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს მფლობელობის უფლების შეწყვეტას მესაკუთრის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში. ამ კანონის მიხედვით ახალ მესაკუთრეს საცხოვრებელი სადგომი უნდა გადაეცეს ნივთობრივი ნაკლის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ე.ი-ე მოცემულ დავაში მხარეს არ წარმოადგენს, ის საკითხები, რომლებიც შეიძლება შეეხოს მის უფლებებს, ანუ უძრავ ნივთზე მფლობელობის უფლების შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები, განხილული იქნება ზ. ლ-ის სააპელაციო საჩივრის ფარგლებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილი იყო იმ პირის მიერ, რომელსაც არ ჰქონდა გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება, რაც მისი დაუშვებლობის მოტივით განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ე. ი-მ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სადავო მისამართზე მდებარე, ზ.ლ-ის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს, ე.ი-ე ზ.ლ-სთან ერთად 1957 წლიდან ცხოვრობს ამავე მისამართზე, ადრე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 1976 წლიდან იყო ჩაწერილი, ხოლო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, რეგისტრირებულია ამ მისამართზე, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, ისე იქნა გამოსახლებული პირი ბინიდან, რომ არ ყოფილა მიწვეული სასამართლო სხდომაზე, რითაც დაირღვა მისი კონსტიტუციით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა. ე.ი-ის განმარტებით, ის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლით გათვალისწინებული სუბიექტი არ არის, თუმცა, ვინაიდან არ ყოფილა არც მხარის და არც დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირის სტატუსით მიწვეული საქმის განხილვაზე, სწორედ ზედმოაღნიშნული ნორმა აძლევს შესაძლებლობას, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისა, რადგანაც დარღვეულია მისი ფუნდამენტრი უფლება საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღების თაობაზე და გადაწყვეტილებით გამოსახლდა მის მიერ დაკავებული სადგომიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ი-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საქმის მასალების შეწავლით დასტურდება, რომ ლ. ხ-მ სარჩელი სასამართლოში აღძრა ს. წ-ის, დ. ლ-ის, ბ. ლ-ის, ე. ი-ისა და მ. ა-ის მიმართ (იხ. ტ. პირველი, ს.ფ.1), თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 2 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა ლ. ხ-ის მიმართ სარჩელის გამოხმობის თაობაზე და ამ ნაწილში სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული (იხ. ტ. პირველი, ს.ფ.80-82), 2011 წლის 10 ოქტომბრით დათარიღებული გზავნილით, რომელიც სარჩელზე თავდაპირველ მოპასუხედ ჩაბმულმა ე. ი-მ პირადად ჩაიბარა 2011 წლის 7 ნოემბერს, ირკვევა, რომ მას ეცნობა საქმის სასამართლო წარმოებაში არსებობის თაობაზე და გადაეცა სარჩელის ასლი (იხ. ტ. პირველი, ს.ფ.86), ამასთანავე, ე. ი-მ სარჩელზე წარადგინა შესაგებელი, რომელითაც სარჩელი არ ცნო და, გარდა მოსარჩელის მიერ განსაზღვრული კომპენსაციისა თუ სადავო უძრავი ქონების ოდენობისა, ე. ლ-მ ასევე განმარტა, რომ არის არასათანადო მოპასუხე, რადგანაც გარიგებით სადავო საცხოვრებელ სადგომზე მის დედას, ზ. ლ-ს აქვს უფლება მოპოვებული (იხ. ტ. პირველი, ს.ფ. 87-95). უდავოა, რომ საქმის მოსამზადებელ სხდომაზე განხილვის თაობაზე, სხდომის დროისა და ადგილის შესახებ სატელეფონო შეტყობინებით პირადად ეცნობა ე. ი-ს (იხ. ტ. პირველი ს.ფ.146) და ეს უკანასკნელი, როგორც პირადად, ისე წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობდა 2011 წლის 19 დეკემბერს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე (იხ. ტ. პირველი, ს.ფ. 149-153). პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამავე სხდომაზე განხილულ იქნა სათანადო მოპასუხის საკითხი, კერძოდ, 2011 წლის 19 დეკემბერს სასამართლომ მხარეთა მოსმენის შედეგად, საოქმო განჩინებით ე. ი-ე შეცვალა სათანადო მოპასუხით - ზ. ლ-ით (იხ. 2011 წლის 19 თებერვლის სხდომის ოქმი, 16:30:16 საათი), მოპასუხეს რაიმე შედავება ან შუამდგომლობა დავაში მესამე პირად ჩაბმის თაობაზე არ წარუდგენია და სწორედ აღნიშნულის გამო სარჩელი სათანადო მოპასუხედ ჩაბმულ ზ. ლ-ს გაეგზავნა და ჩაბარდა, რომელმაც სარჩელზე შესაგებელი წარადგინა.
ამდენად, უდავოა, რომ საქმის განხილვის თაობაზე კერძო საჩივრის ავტორის არაინფორმირებულობის ფაქტი არ დასტურდება. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად თვლის, განმარტოს შემდეგი: სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე (სსსკ მე-4 მუხლი), აღნიშნულით კანონმდებელი მხარეს სრულ შესაძლებლობას აძლევს მისი საპროცესო უფლებების დაცვის განხორციელების თაობაზე იმგვარად, რომ სასამართლო შეზღუდულია, იკვლიოს ისეთი გარემოებები, რომელიც სადავოდ არ არის გამხდარი მხარეთა მიერ, ისეთ ვითარებაში, როდესაც მხარის არასათანადოობის საკითხს ეთანხმება ორივე მხარე, ამასთანავე, არასათანადო მხარე დავაში სუბიექტად დარჩენის თაობაზე არ შუამდგომლობს, სასამართლო მას სავალდებულო წესით არ ჩააბამს მესამე პირადაც კი, აღნიშნული დასკვნის საფუძველია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 თავი, რომელიც დამოუკიდებელი მოთხოვნით მესამე პირის ჩაბმას ამ მესამე პირის ინიციატივით მიიჩნევს დასაშვებად, ხოლო დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირად - როგორც ამ პირის ნების გამოვლენით, ისე სამოქალაქო დავის სუბიექტთა შუამდგომლობის საფუძველზე.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა სავსებით უმართებულოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის არგუმენტს მისი კონსტიტუციური უფლების - უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობის უგულებელყოფის თაობაზე.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ სავსებით სწორად დატოვა განუხილველად ე.ი-ის სააპელაციო საჩივარი, ამასთან, სასამართლომ სწორად გამოიყენა და სწორადვე განმარტა კანონი, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. კანონმდებელმა აღნიშნული ნორმით დაადგინა სააპელაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტთა წრე, აღნიშნული ამომწურავადაა კონკრეტიზებული და ასეთი უფლება აქვთ მხოლოდ: ა) მხარეებს; ბ) მესამე პირებს, რომლებიც დამოუკიდებელ მოთხოვნას აცხადებენ დავის საგანზე. მოცემულ შემთხვევაში დასტურდება რა, დავის პირველი ინსტანციის წესით განხილვის ეტაპზე ე.ლურიძის არასათანადო მოპასუხედ მიჩნევა, ამასთანავე, მას, უფლების სასამართლო წესით დაცვის მიზნით, არ მოუთხოვია საქმეში მესამე პირად ჩაბმა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კერძო საჩივრის ავტორს სავსებით მართებულად უთხრა უარი მის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე, შესაბამისად, ე.ი-ის კერძო საჩივარი არ არის საფუძვლიანი და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალურ-მატერიალური წინაპირობები.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე ე. ი-ე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. ი-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.