საქმე №ას-704-661-2012 18 ივნისი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - დ. შ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - თ. მ-ე, ნ. მ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. შ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. და ნ. მ-ების მიმართ თანხის დაკისრებისა და სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. შ-ის სარჩელი თ. მ-ის მიმართ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე 39 800 აშშ დოლარის და ამ ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის 45 373.71 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. დ. შ-ის სარჩელი თ. და ნ. მ-ების მიმართ სამკვიდრო მოწმობის №100942341 ნაწილობრივ გაუქმებისა და ნ. მ-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების 1/2 წილზე თ. მ-ის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 აპრილის განჩინებით დ. შ-ის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. შ-მ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 18 მაისის განჩინებით დ. შ-ს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, რადგან კერძო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 28 მაისის განჩინებით დ. შ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 6 ივნისის განჩინებით დ. შ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა. დადგენილ ვადაში დ. შ-მ განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს, წარმოადგინა ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, მეუღლის - ი. ბ-ის ინვალიდობის მოწმობა და მოითხოვა კერძო საჩივრის წარმოებაში მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. შ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, დ. შ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 6 ივნისის განჩინებით კვლავ გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა, რადგან კერძო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. აღნიშნული განჩინება დ. შ-ს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2012 წლის 8 ივნისს (იხ. ტ. II, ს.ფ.41).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ორდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 9 ივნისს და ამოიწურა 2012 წლის 11 ივნისს. 2012 წლის 11 ივნისს დ. შ-მ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, წარმოადგინა ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, მეუღლის - ი. ბ-ის ინვალიდობის მოწმობა და მოითხოვა კერძო საჩივრის წარმოებაში მიღება.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ1“ ქვეპუნქტის მიხედვით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე.
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა არის 57001.
ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ის პირები, რომელთა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ზღვრული ქულის - 57001-ის ტოლია ან ნაკლებია მასზე.
მოცემულ შემთხვევაში დ. შ-ის მიერ წარდგენილია ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (იხ. ტ. II, ს.ფ.43), რომლის თანახმად, დ. შ-ის ოჯახის სარეიტინგო ქულა (სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი) შეადგენს 65220-ს. შესაბამისად, იგი არ ექვემდებარებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას.
დ. შ-მ ასევე წარმოადგინა მეუღლის - ი. ბ-ის ინვალიდობის მოწმობა და მოითხოვა კერძო საჩივრის წარმოებაში მიღება, თუმცა ი. ბ-ი არ არის მხარე მოცემულ საქმეში და წარმოდგენილი ინვალიდობის მოწმობა ვერ გაათავისუფლებს კერძო საჩივრის ავტორ დ. შ-ს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია, კერძოდ არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედანი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. შ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ. შ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.