Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-705-662-2012 21 ივნისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ს. ა-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ დ. გ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ მოვალის უფლებამონაცვლის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. გ-მა სარჩელი აღძრა გ., გ. და ს. ა-ის მიმართ მოვალის უფლებამონაცვლის დადგენის შესახებ და მოითხოვა გ., გ. და ს. ა-ები ცნობილ იქნენ აწ გარდაცვლილი ლ. ა-ის სახელზე რეგისტრირებული ქონების მესაკუთრეებად.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. გ-ის სარჩელი მოპასუხეების გ. და გ. ა-ების მიმართ დაკმაყოფილდა, მოპასუხეები – გ. ა-ი (დაბადებული 1930 წლის ... აპრილს) და გ. ა-ი ცნობილ იქნენ აწ გარდაცვლილი ლ. ა-ის სახელზე რეგისტრირებული ქ.თბილისში, ქ-ის ქუჩა №3/15-ში მდებარე 113 კვ.მ-ს (საკადასტრო კოდი №...) მესაკუთრეებად, დ. გ-ის სარჩელი მოპასუხე ს. ა-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 მარტის განჩინებით ს. ა-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხე ს. ა-ის წინააღმდეგ არ მიღებულა.

აპელანტი ს.ა-ი სააპელაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. ამდენად, ფაქტობრივად, აპელანტი ასაჩივრებს მის სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებას, რამეთუ სარჩელი მის წინააღმდეგ ისედაც არ დაკმაყოფილდა.

მოცემულ შემთხვევაში ს. ა-მა სააპელაციო საჩივრით სადავოდ გახადა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ სამოტივაციო ნაწილი – ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასება.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გადაწყვეტილების მხოლოდ სამოტივაციო ნაწილის გასაჩივრება დაუშვებელია, რადგან მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მხარის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ან მისი რომელიმე პუნქტის გასაჩივრების შესაძლებლობას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია გადაწყვეტილების ფორმალური (სსკ-ის 264-ე მუხლი) და მატერიალური (სსკ-ის 266-ე მუხლი) კანონიერი ძალა, რომელიც პირველ შემთხვევაში გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, ხოლო მატერიალური კანონიერი ძალა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

მითითებული ნორმის ანალიზი იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილებით დადგენილი ფაქტი.

სამოქალაქო საპროცესო სამართლის პრინციპებისა და კოდექსის ნორმათა ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობაში განმარტებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება მის სარეზოლუციო ნაწილზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი თავისი არსით წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ (სსკ-ის 249-ე მუხლის მეხუთე ნაწილი). ამდენად, პირი სარჩელის შეტანის გზით იცავს რა თავის უფლებას და შელახულ ინტერესებს, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება იმავდროულად იწვევს მისი პრეტენზიის აღმოფხვრას, ვინაიდან სადავოდ მიჩნეული უფლება მოდავე პირის სასარგებლოდაა დაცული და, შესაბამისად, მხარის იურიდიული ინტერესიც დაკმაყოფილებულია.

ნიშანდობლივია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით სამართლებრივი წესრიგის დადგენა შესაძლებელია რა მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულებით, აღსასრულებლად წარემართება მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი და არა სამოტივაციო ნაწილი, თუნდაც ეს უკანასკნელი ადგენდეს რაიმე უფლების ან ვალდებულების არსებობას („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი). სასამართლო გადაწყვეტილება მართლმსაჯულების აქტია და მისი სამართლებრივი შედეგები თვით კონსტიტუციითაა რეგლამენტირებული. საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულობა დღის წესრიგში აყენებს მისი აღსრულების უზრუნველყოფის საკითხს. თუ პირი, რომლის მიმართაცაა სასამართლო აქტი გამოცემული, თავისი ნებით არ შეასრულებს ამ გადაწყვეტილებას, კრედიტორის განცხადების საფუძველზე საქმეში ერთვება საამისოდ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო – სააღსრულებო ბიურო, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამ კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების მიერ მიღებული აქტების აღსრულების წესსა და პირობებს. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის გარეშე, რომელშიც ასახულია აღსასრულებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.

ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა შეიცავდეს კანონით გათვალისწინებულ ყველა ნაწილს (სსკ-ის 249-ე მუხლები) და რომელიმე მათგანის სათანადოდ ან საერთოდ არარსებობა, ხშირ შემთხვევაში იწვევს მის გაუქმებას (სსკ-ის

393-ე, 394-ე მუხლები). გადაწყვეტილების აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილები წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ფუნდამენტს. მასში უნდა აისახოს სასამართლოს შემეცნებითი მსჯელობა ფაქტების არსებობა-არარსებობის შესახებ (ფაქტობრივი დასაბუთება) და შეფასებითი მსჯელობა ამ ფაქტების იურიდიული ძალისა და მნიშვნელობის შესახებ (სამართლებრივი დასაბუთება). კანონის იმპერატიული დათქმა გადაწყვეტილების დასაბუთების აუცილებლობაზე, განპირობებულია მართლმსაჯულების ერთ-ერთი ძირითადი მიზნით, დაარწმუნოს მხარეები დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტაში და ამავდროულად გადაწყვეტილების დასაბუთებით რეალიზებულია საზოგადოების უფლება, იცოდეს, თუ რა გადაწყვეტილებები გამოაქვთ მათი სახელით და რა არის მათი საფუძველი.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა კანონითვე გათვალისწინებული გამონაკლისი, როდესაც გადაწყვეტილება შეიძლება გამოტანილ იქნეს მისი რომელიმე ნაწილის გარეშეც (სსკ-ის 234-ე, 250-ე, 2571), თუმცა ამ შემთხვევებშიც სარეზოლუციო ნაწილის კანონით დადგენილი წესით არსებობა აუცილებელია. ამ თვალსაზრისით საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საპროცესო კანონმდებლობა უშვებს არასრულყოფილი გადაწყვეტილების ნაკლის გამოსწორების შესაძლებლობასაც გადაწყვეტილების განმარტების, უსწორობათა და აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებისა და დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის გზით, ამავე დანაწესებით იმპერატიულად ადგენს გადაწყვეტილების ნაკლის გასწორებას სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი შედეგის შეუცვლელად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ს. ა-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, ვინაიდან სააპელაციო მოთხოვნიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ს. ა-ს პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით მის მიმართ დადგენილი შედეგზე არ გააჩნია, შესაბამისად, იგი სააპელაციო საჩივრის სუბიექტს არ წარმოადგენს და მისი სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ს. ა-მა გაასაჩივრა კერძო საჩივრით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის შემდეგი დასაბუთებით:

ს. ა-მა განუმარტა სასამართლოს, რომ არის დედის სამკვიდროს მიღების მოთხოვნით მიმართა ნოტარიუსს, მაგრამ მოსარჩელის მოთხოვნით აღმასრულებელს სამკვიდრო ქონებაზე ყადაღა ჰქონდა დადებული, რის გამოც მხარეს უარი უთხრეს სამკვიდრო მოწმობის გაცემასა და საბუთების მიღებაზე. ს. ა-მა ასევე განუმარტა სასამართლოს, რომ დედამისის ბინა იპოთეკით იყო დატვირთული, შესაბამისად, მისი დაყადაღების აუცილებლობა არ არსებობდა და ამ ყადაღის გამო ვერ გაიფორმა სამკვიდრო.

სასამართლომ იძულებითი წესით ცნო მემკვიდრედ ს. ა-ის ძმა და მამა.

ამასთან, იპოთეკით დატვირთული იყო ლ. ა-ის კუთვნილი ბინა, რომლის ფართი შეადგენდა 113 კვ.მ-ს, ხოლო ამჟამად ფართი გაიზარდა 165 კვ.მ-მდე. არასწორად დადებული ყადაღის გამო ვერ მოხერხდა დანარჩენი ფართის საჯარო რეესტრში რეგისტრირება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლისა და 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას ამოწმებს განსახილველი კერძო საჩივრით წარდგენილი პრეტენზიის ფარგლებში.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სიმონ ასაშვილის კერძო საჩივარი არ შეიცავს პრეტენზიას სააპელაციო პალატის მიერ კანონის არასწორად გამოყენებასთან ან მის არასწორად განმარტებასთან დაკავშირებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას, რომ დაუშვებელია ს. ა-ის სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მიმართ მაშინ, როცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მხარის სასარგებლოდაა მიღებული.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და უკანონოდ, იძულებით ცნო გ. და გ. ა-ები ლ. ა-ის მემკვიდრეებად, ასევე იმ ფაქტს, რომ ს. ა-მა ვერ მიიღო დედის სამკვიდრო მასზე არასწორად დადებული ყადაღის გამო, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული არგუმენტები ს. ა-ის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის კანონიერების შემოწმებისას შესაფასებელ გარემოებებს არ წარმოადგენს და სცდება საკასაციო პალატის კომპეტენციის ფარგლებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ს. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.