№ას-717-673-2012 7 ივნისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი/მ „ო. ბ-ე“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი – დ. ხ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ი/მ „დ. ხ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 აპრილის განჩინება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი/მ „დ. ხ-ის“ სარჩელი მოპასუხე ი/მ „ო. ბ-ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა, ი/მ „ო. ბ-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 13063 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ „ო. ბ-ის“ წარმომადგენელმა დ. ხ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 აპრილის განჩინებით ი/მ „დ. ხ-ის“ წარმომადგენელ ე. ზ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ი/მ „ო. ბ-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივით გაასაჩივრა ი/მ „ო. ბ-ის“ წარმომადგენელმა დ. ხ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 მაისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელ დ. ხ-ს 2012 წლის 24 მაისს მის მიერ მითეთებულ ტელეფონის ნომერზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი/მ „ო. ბ-ის“ წარმომადგენელ დანიელ ხინიკაძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელ დ. ხ-ს ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 23 მაისის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2012 წლის 24 მაისს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ.2, ს.ფ.149). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 25 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 29 მაისს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კერძო საჩივრის ავტორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი/მ „ო. ბ-ის“ წარმომადგენელ დ. ხ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.