Facebook Twitter

№ას-718-674-2012 4 ივნისი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – თ. ჩ-ე, შ. ქ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2002 წლის 6 თებერვალს თ. ჩ-მ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე მ. გ-ის მიმართ მისთვის 30000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

დასახელებული გადაწყვეტილება თ. ჩ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 22 აპრილის განჩინებით თ. ჩ-ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებულ სამოქალაქო საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის განხილვაზე უარის თქმის გამო.

2004 წლის 14 ივნისს თ. ჩ-მ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 18 თებერვლის განჩინებით თ. ჩ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და ამ უკანასკნელის სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება განახლდა.

აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 8 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. ჩ-ის და შ. ქ-ის შუამდგომლობა, მოწინააღმდეგე მხარე მ. გ-ის გამოუცხადებლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება, მ. გ-ს შ. ქ-ის და თ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 27450 აშშ დოლარის გადახდა.

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მ. გ-ის წარმომადგენელმა რ. ხ-მა, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს ლიკვიდაციის გამო, მოცემული საქმე გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ივნისის განჩინებით მ. გ-ის წარმომადგენლის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 8 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება (ტომი 3, ს.ფ. 139-141).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება (ტომი 3, ს.ფ. 153-157).

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება თ. ჩ-მ გაასაჩივრა საჩივრით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 09 იანვრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება (ტომი 4, ს.ფ. 43-47).

განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე თ. ჩ-მ შეიტანა საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 09 იანვრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. ჩ-ე გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, დანარჩენ ნაწილში განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად (ტომი 4, ს.ფ. 109-113).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს თ. ჩ-მ და შ. ქ-მ.

კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი წარმოებაში მიეღო მ. გ-ის საჩივარი აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 8 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, ვინაიდან საჩივარი შეტანილი იყო კანონით დადგენილი 10-დღიანი ვადის დარღვევით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მ. გ-ის საჩივარი დაუშვებლად უნდა ეცნო და საქმის წარმოება არ უნდა განეახლებინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ჩ-ისა და შ. ქ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე კერძო საჩივრის შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ამას პირდაპირ ითვალისწინებს კანონი.

მოცემულ შემთხვევაში, თ. ჩ-ე და შ. ქ-ე კერძო საჩივრით ასაჩივრებენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ივნისის განჩინებას, რომლითაც მ. გ-ის წარმომადგენლის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 8 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე განხილება სასამართლო სხდომაზე. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც იწყება სარჩელის განხილვა.

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია მხოლოდ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობა. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრით გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ. ასეთ განჩინებაზე, როგორც აღინიშნა, კერძო საჩივარი არ დაიშვება, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუველია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც ამავე კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე გამოიყენება კერძო საჩივრის განხილვისას და განმარტავს, რომ, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს. კანონის დასახელებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დატოვოს კერძო საჩივარი განუხილველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ჩ-ისა და შ. ქ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ დაუშვებელია ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ივნისის განჩინებაზე საქმის წარმოების განახლება, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის მიხედვით, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ ისეთი საქმეებზე, რომელთა წარმოება დამთავრებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით. ყველა სხვა განჩინება, რომელთა მეშვეობით ხდება არა საქმის წარმოების დამთავრება, არამედ ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულება, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების გადაწყვეტა, არ შეიძლება იყოს საქმის განახლების მიზნით ბათილად ცნობის, თუ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმების ობიექტი. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინებით საქმის წარმოება კი არ დამთავრდა, არამედ, პირიქით, გაუქმდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ჩ-ისა და შ. ქის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.