საქმე №ას-744-700-2012 28 ივნისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ჯ. მ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „...“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ. მ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „...-ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი ფართის 2008 წლის 1 აპრილიდან 2011 წლის 15 იანვრამდე უკანონოდ სარგებლობით მიყენებული ზიანის – 80650,68 აშშ დოლარის, 2006 წლის 10 ივლისიდან 2011 წლის 15 იანვრამდე მიწის ნაკვეთის უკანონოდ სარგებლობისათვის 40095 აშშ დოლარისა და შპს „...-ის“ მიერ ჯ. მ-ის კუთვნილი ფართის უკანონოდ ქვექირავნობით მიღებული შემოსავლის – 20 000 ლარის ანაზღაურება.
მოპასუხემ სარჩელი მხოლოდ იჯარის ქირის დავალიანების – 16500 ლარის ნაწილში ცნო დღგ-ს გადასახადის გამოკლებით, დანარჩენ ნაწილში კი, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჯ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „...-ს“ ჯ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 22740 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში კი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში – მოსარჩელემ, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ნაცვლად გადაწყვეტილებით დაკისრებული 22740 ლარისა, ჯ. მ-ის სასარგებლოდ შპს „...-სათვის” 15905 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით, მოპასუხემ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით შპს „...-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ჯ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, ჯ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შპს „...-ს” ჯ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 100 900,68 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
ჯ. მ-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება იმ მოტივით, რომ შპს „...-ს“ არ გააჩნია რაიმე სახის ქონება, რომელიც გამოყენებული იქნებოდა სარჩელის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, 2012 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების თუნდაც ნაწილობრივად აღსასრულებლად აუცილებელია, 38361 ლარის ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და გ. პ-ს შპს „...-ის“ სასარგებლოდ გადასახდელი თანხით მოხდეს ჯ. მ-ის სასარგებლოდ თანხის დაფარვა.
საკასაციო სასამართლოს განჩინება შპს „...-მა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა ჯ.მ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 მარტის განჩინებით ჯ. მ-ის მოთხოვნა ამავე პალატის 2012 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატამ მიუთითა, რომ ამავე სასამართლოს 2012 წლის 13 მარტის განჩინებით ჯ. მ-ის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით შპს „...-ს“ აეკრძალა გ. პ-ის მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე შპს „...-სათვის“ გადასაცემად ჩარიცხული 38361 ლარის გატანა და განკარგვა.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტით და მიიჩნია, რომ ჯ. მ-ის სასარგებლოდ გადაწყვეტილების აღსრულება უზრუნველყოფილ იქნა. ამასთან, განმცხადებელს არ მიუთითებია რაიმე განსაკუთრებულ გარემოებაზე, რომლის გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ან გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდეს. ამდენად, ჯ. მ-ის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ჯ. მ-მ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „...“ ყველანაირად შეეცდება, ხელი შეუშალოს მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას, ამდენად, არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საჭიროება.
სასამართლომ არასწორად მიუთითა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ფაქტზე, ვინაიდან უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება სრულიად განსხვავდება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებისაგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში ჯ. მ-მ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლითაც სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა გამონაკლისის სახით ხსენებული კოდექსის 268-ე მუხლი ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას სასამართლო აამოქმედებს გადაწყვეტილების აღსრულების განსხვავებულ წესს. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
განსახილველ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით შპს „...-ს” ჯ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 100 900,68 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, თუმცა ჯ. მ-ე მიიჩნევს, რომ შპს „...-ს“ არ გააჩნია ქონება, რომელზეც შესაძლებელი გახდება აღსრულების მიქცევა. ამდენად, გადაწყვეტილების ნაწილობრივ აღსრულება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გ. პ-სათვის შპს „...-ის“ სასარგებლოდ დაკისრებული თანხიდან.
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის მითითებულ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს და ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ დასახელებული არგუმენტის საფუძველზე სააპელაციო პალატის 2012 წლის 13 მარტის განჩინებით მოხდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფილი თანხის ნაწილში საფრთხე აღარ ემუქრება.
კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთა, თუ რა სახის ზიანი მიადგება მას გადაწყვეტილების დაუყოვნებლვ აღუსრულებლობის შემთხვევაში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჯ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.