№ას-762-716-2012 25 ივნისი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ. მ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – სს „...“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი – სესხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სს „...-ის“ სარჩელი ზ. მ-ს, მ. კ-ისა და დ. მ-ს მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეებს სს „...-ის“ სასარგებლოდ დაეკისრათ სესხის ძირითადი დავალიანების – 28154.31 აშშ დოლარის გადახდა; მათვე დაეკისრათ სესხის საპროცენტო სარგებლის – 20262.01 აშშ დოლარის ანაზღაურება; გარდა ამისა, მოპასუხეებს სს „...-ის“ სასარგებლოდ დაეკისრათ სესხის გადაუხდელობისათვის ჯარიმის – 59.2 აშშ დოლარისა და მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის – 2431 ლარის გადახდა (ტომი 1, ს.ფ. 133-138).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. მ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება (ტომი 1, ს.ფ. 151-159).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინებით ზ. მ-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო (ტომი 2, ს.ფ. 14-16).
სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის განჩინებაზე ზ. მ-მ წარადგინა კერძო საჩივარი.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარზე სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი მან დანიშნულ დროში შეავსო, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დააზუსტა და განმარტა, რომ ბანკს როგორც ძირითადი დავალიანების, ისე პროცენტის სახით გადაუხადა 30000 ლარი. მითითებული თანხა უნდა გამოკლებოდა სასამართლო გადაწყვეტილებით კერძო საჩივრის ავტორისათვის დაკისრებულ თანხას, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა.
კერძო საჩივრის თანახმად, საქმის მასალებით დგინდება, რომ ზ. მ-ს უძრავ-მოძრავი ქონება დატვირთულია იპოთეკით და დაყადაღებულია, თავად არსად არ მუშაობს, იმყოფება ეკონომიურ სიდუხჭირეში, შემოსავლის არსებობის შემთხვევაში იგი დაფარავდა ბანკის მიმართ არსებულ დავალიანებას. დასახელებული მიზეზებიდან გამომდინარე, მან შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მიზნით, თუმცა სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე (ტომი 2, ს.ფ. 25-31).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. მ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 აპრილის განჩინებით ზ. მ-ს სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივარი (დაზუსტებული მოთხოვნით) და სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. აღნიშნულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ აპელანტის შუამდგომლობაზე და იგი არ დააკმაყოფილა დაუსაბუთებლობის გამო. ამავე სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა, მასვე განემარტა, რომ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან ზ. მ-ს სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს და, ასევე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, სააპელაციო სასამართლომ აპელანტს სწორად დაუნიშნა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე. საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპლენტს ხარვეზი არ შეუვსია, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად ზ. მ-ს სააპელაციო საჩივარი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას მის მიერ ხარვეზის შევსების თაობაზე, ვინაიდან აპელანტს არ გადაუხდია სახელმწიფო ბაჟი სააპელაციო საჩივარზე. პალატა მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა აპელანტის ქონებრივი მდგომარეობა და უნდა გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკითხს იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი სასამართლოს მიერ მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, პასუხობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება გახდეს მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი. შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვს იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მხარეს ასეთი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. მ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.