საქმე №ას-774-727-2012 28 ივნისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ. რ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. დ-ა, ი. ო-ი, რ. კ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. დ-მ, ი. ო-მა და რ. კ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ზ. რ-ს მიმართ და მოითხოვეს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელეთა სახელზე რიცხული უძრავი ნივთის გამოთხოვა იმ საფუძვლით, რომ, ერთი მხრივ, მოსარჩელეებსა და, მეორ მხრივ, მოპასუხეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები. უფლებრივად დაიტვირთა ზ. რ-ს კუთვნილი ქ.თბილისში, ვ-ი 3-ის პირველი მკ/რ-ის №... კორპუსის №72 ბინა. მოპასუხემ სესხი დროულად ვერ გადაიხადა და საბოლოოდ იპოთეკით დატვირთული მისი უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხა მოსარჩელეთა სახელზე. ზ. რ-ა უკანონო აგრძელებს ბინაში ცხოვრებას და საკუთარი ნებით მას არ ათავისუფლებს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისი კუთვნილი ბინა მოსარჩელეების სახელზე არასწორად აღირიცხა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა ზ. რ-ს უკანონო მფლობელობიდან, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 229-ე მუხლებით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, 71-ე მუხლით და დაადგინა, რომ აპელანტ ზ. რ-ს უწყება და შესაგებელი გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე – ქ. თბილისი, ვ-ის 3, 1 მ/რ, №... კორპუსი, ბინა №72 და 2012 წლის 12 მარტს ჩაბარდა მის დედა კ. რ-ს. შეტყობინების ბარათზე მითითებულია კ. რ-ს ხელმოწერა და პირადი ნომერი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უწყების ამ ნორმით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლი სახფუძველზე სასამართლომ გამოარკვია, რომ ზ. რ-ს სხდომის დღის დანიშვნის თაობაზე გაეგზავნა უწყება, სადაც მითითებული იყო სხდომის დანიშვნის თარიღი, სხდომაზე გამოცხადების სავალდებულობა და გამოუცხადებლობის თანმდევი შედეგები. უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება 2012 წლის 12 მარტს. ამდენად, ადრესატი 8 დღით ადრე იყო ინფორმირებული სხდომის დანიშვნის თაობაზე. აღნიშნული კი გულისხმობს, რომ გამოუცხადებელ მხარეს დროულად ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე.
პალატამ გამოიკვლია რა საქმეში არსებული მასალები, დაადგინა, რომ 2012 წლის 19 მარტს ზ. რ-მ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სხდომის გადადება იმ მიზეზით, რომ იგი მივლინებაში მიემგზავრებოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ზ. რ-ს წარმომადგენილი იყო ვ. ა-ი. ზ. რ-ს სააპელაციო საჩივარიც წარმოდგენილია ასევე ვ. ა-ის მიერ. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოსთან ურთიერთობაში, როგორც სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის, ასევე წარმოებაში მიღების ეტაპზე, ზ. რ-ს სახელით მოქმედებდა ვ. ა-ი. აღნიშნული კი გულისხმობს, რომ ზ. რ-ს შეეძლო 2012 წლის 20 მარტის სხდომაზე მონაწილეობა მიეღო წარმომადგენლის მეშვეობით. მეტიც, აპელანტს 8 დღით ადრე ეცნობა სხდომის ჩანიშვნის თაობაზე, შესაბამისად, მას შეეძლო, აეყვანა ახალი წარმომადგენელი, თუ არ ჰქონდა სურვილი მოქმედი წარმომადგენლობის ფარგლებში ვ. ა-ის მეშვეობით განეხორციელებინა თავისი, როგორც მხარის, უფლებამოსილებანი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ვ. ა-ის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე სასამართლო ინფორმირებული არ არის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სხდომის გადადების კანონისმიერი წინაპირობები არ არსებობს. შესაბამისად, სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე საფუძვლიანად ჩათვალა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და 276-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ზ. რ-მ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
აპელანტი სასამართლო პროცესზე ვერ გამოცხადდა საპატიო მიზეზით, მას სხდომის შესახებ ეცნობა იმ დროს, როდესაც იმყოფებოდა სამსახურებრივ მივლინებაში. მივლინება გრძელდებოდა საქმის განხილვის დროსაც, რის შესახებაც მხარემ სასამართლოს შეატყობინა.
სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით სასამართლომ შეუზღუდა აპელანტს საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გარანტირებული სასამართლო წესით უფლების დაცვის შესაძლებლობა.
სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობა მხარის უფლებაა და არა მოვალეობა. ამასთან, სააპელაციო საჩივრის განხილვისას მხარე ფინანსური სიძნელეების გამო აღარ სარგებლობდა წარმომადგენლის მომსახურებით. სააპელაციო ინსტანციაში მათ საადვოკატო მომსახურების თაობაზე ხელშეკრულება არ გაუფორმებიათ. სააპელაციო საჩივრის ხარვეზის დადგენის ეტაპზე წარმომადგენელმა მხარეს დახმარეობა გაუწია იმ მიზეზით, რომ ზ.რ-ა არ იმყოფებოდა ქ.თბილისში და სასამართლო გზავნილი ჩაბარდა წარმომადგენელს.
სასამართლოს არ შეუფასებია, რომ სარჩელი წარდგენილ იქნა ზ. რ-ს ოჯახის წევრების მიმართაც, რომელთაც საქმის განხილვაში მონაწილების მიღების უფლება შეეზღუდათ.
სააპელაციო პალატას უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლით და გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან განჩინებაში სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობას. შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში კი, ამავე კოდექსის 229-ე მუხლი ითვალისწინებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას. ამდენად, სასამართლომ არასწორად გამოიყენა ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილი.
სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 და 373-ე მუხლები და მოწინააღმდეგე მხარის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის მიუხედავად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ მიიღო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე იმ აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და ზ. რ-ს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მას 2012 წლის 20 მარტის სასამართლო სხდომის თაობაზე კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა, თუმცა იგი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე აპელანტის შუამდგომლობის დაუკმაყოფილების შესახებ, ვინაიდან ზურაბ რუსიას საკმარისი დრო ჰქონდა სასამართლო პროცესისათვის მოსამზადებლად, საქმის განხილვაში პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის მიღების უზრუნველსაყოფად.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატას არ უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლით, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების, არამედ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. ამდენად, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სასამართლო უფლებამოსილი იყო, განუხილველად დაეტოვებინა სადავო სააპელაციო საჩივარი.
დაუსაბუთებელია ზ. რ-ს არგუმენტი სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თაობაზე, ვინაიდან მის მიერ საქმის გადადების შესახებ განცხადებაზე დართული დოკუმენტი – შპს „M. B.-ის“ 2012 წლის 16 მარტის №3 ბრძანება თავისი ფორმითა და შინაარსით სარწმუნოდ არ ამტკიცებს 2012 წლის 20 მარტს სააპელაციო სასამართლოში ზ. რ-ს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობას. აღნიშნული ბრძანება ხელმოწერილია შპს-ს დირექტორის სახელით, თუმცა მასზე საზოგადოების ბეჭედი დასმული არ არის.
ამასთან, ზემოხსენებული მტკიცებულების გაზიარების შემთხვევაშიც, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის არგუმენტს, რომ მხარეს არ დაუსაბუთებია, რა მიზეზით ვერ გამოცხადდა სასამართლოში მისი წარმომადგენელი.
საფუძველს მოკლებულია მხარის მითითება, რომ სააპელაციო ინსტანციაში იგი წარმომადგენლის მომსახურებით აღარ სარგებლობდა, ვინაიდან აპელანტს ვ. ა-სათვის რწმუნებულების გაუქმების შესახებ სათანდოდ შედგენილი რაიმე დოკუმენტი არ წარუდგენია, ხოლო სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების ეტაპზე ვ. ა-ი ჯერ კიდევ დაუბრკოლებლად ახორციელებდა ზ.რ-ს უფლებათა დაცვას. შესაბამისად, აპელანტს შესაძლებლობა ჰქონდა, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობა მიეღო ადვოკატის მეშვეობით ან წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსათვის ასეთის მომსახურებით სარგებლობის შეწყვეტის თაობაზე.
სამართლებრივად გაუმართლებელია ზ. რ-ს მოთხოვნა, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით დაირღვა მისი ოჯახის წევრების კანონიერი უფლებები, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია ერთი მოპასუხის – ზ. რ-ს წინააღმდეგ, შესაბამისად, მისი ოჯახის წევრები მოცემული დავის მხარეებს არ წარმოადგენენ.
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების ფარგლებში იხილავს რა ზ. რ-ს კერძო საჩივარს მისივე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით, ვერ იმსჯელებს, დაარღვია თუ არა სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321, 373-ე მუხლები და მოწინააღმდეგე მხარის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული საკითხის განხილვა საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას სცდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. რ-ს საქმის განხილვაზე თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი ან გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სხვა სამართლებრივი საფუძვლის არსებობა სარწმუნოდ არ დაუსაბუთებია, რის გამოც სააპელაციო პალატამ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. რ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.