№ას-785-738-2012 4 ივნისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ს. გ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. თ-ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი – უკანონოდ დაკავებული ნახევარსარდაფის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით ს. გ-ის სარჩელი მოპასუხე ლ. თ-ს მიმართ უკანონოდ დაკავებული ნახევარსარდაფის დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. გ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივით გაასაჩივრა ს. გ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ს. გ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სხვა წინაპირობებთან ერთად არკვევს შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების ან მისი გამოცხადების მომენტიდან. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და ამ ვადის შეცვლა არ დაიშვება.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 დეკემბრის განჩინება სიმონ გავრილოვს მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ორჯერ, მაგრამ კურიერმა ვერ მოახერხა გზავნილის ჩაბარება ადრესატის არყოფნის გამო, ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი არც შეტყობინებაზე გამოეხმაურა. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გასაჩივრებულ განჩინებას კერძო საჩივრის ავტორისათვის ჩაბარებულად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს 2011 წლის 9 თებერვალს (ს.ფ.27). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, განჩინების გასაჩივრების 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 10 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 21 თებერვალს, ხოლო კერძო საჩივარი ს. გ-მა შეიტანა 2012 წლის 4 მაისს (ს.ფ.34-36), ე.ი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით.
კერძო საჩივრის ავტორი საპროცესო ვადის დარღვევის მიზეზად უთითებს საზღვარგარეთ გამგზავრებას და ითხოვს საპროცესო ვადის აღდგენას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. ამდენად, საპროცესო მოქმედებისათვის განსაზღვრული ვადა სასამართლოს შეუძლია აღადგინოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ვადის აღდგენისათვის არსებობს საპატიო მიზეზი და ვადის აღდგენა არ ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ ნორმებს.
ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მოცემული ნორმა ამომწურავად უთითებს იმ შემთხვევებს, რაც დადგენილ ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობისას საპატიოდ მიიჩნევა.
განსახილველ შემთხვევაში ს. გ-ის საზღვარგარეთ გამგზავრება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ს. გ-ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, ხოლო კერძო საჩივარი განუხილველად დარჩეს საპროცესო ვადის გაშვების გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. გ-ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. ს. გ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.