საქმე №ას-789-742-2012 21 ივნისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს „ი. უ. ქ-ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – კ. ძ-ა (მოსარცელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კ. ძ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ი. უ. ქ-ის“ მიმართ ხელშეკრულების შეწყვეტის, ზიანის ანაზღაურების შესახებ და მოითხოვა, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, შეწყდეს კ. ძ-სა და სს „ი. უ. ქ-ს“ შორის გაფორმებული 2007 წლის 17 თებერვლის №2/18 ხელშეკრულება და მოპასუხეს დაეკისროს 139120 აშშ დოლარის დაბრუნება, სს „ი. უ. ქ-ს“ ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისროს 139120 აშშ დოლარის წლიური 10%-ის ანაზღაურება 2007 წლის 28 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ. ძ-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 2007 წლის 17თებერვალს კ. ძ-სა და სს „ი. უ. ქ-ს“ შორის დადებული №2/18 ხელშეკრულება შეწყდა, სს „ი. უ. ქ-ს“ კ. ძ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 139120 აშშ დოლარის, ასევე აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან მის აღსრულებამდე ყოველწლიურად 139120 აშშ დოლარის 9%-ის ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 აპრილის განჩინებით სს „ი. უ. ქ-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება 2012 წლის 28 თებერვალს სს „ი. უ. ქ-ის“ წარმომადგენელ ა. ქ-ს ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე, 369-ე და მე-60 მუხლების თანახმად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დინება დაიწყო 2012 წლის 29 თებერვალს და ამოიწურა 2012 წლის 13 მარტს.
აპელანტის წარმომადგენელმა ა. ქ-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა 2012 წლის 14 მარტს, ნაცვლად 13 მარტისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით და უნდა დარჩეს განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სს „ი. უ. ქ-მ“ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო საჩივარი გამოგზავნილ იქნა საკურიერო ფირმა შპს „ს-ის“ მეშვეობით, რომელსაც საჩივარი სასამართლოში წარსადგენად ჩაბარდა ვადაში, 2012 წლის 13 მარტს, თუმცა გზავნილის სასამართლოსათვის ჩაბარება მოხდა მომდევნო დღეს, რაც დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებით.
დამატებით აღსანიშნავია, რომ დროის ეკონომიის მიზნით სს „ი. უ. ქ-მ“ ისარგებლა შპს „ც. პ. ჯ-ის“ მომსახურებით, რომელსაც, თავის მხრივ, საკურიერო მომსახურების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული შპს „ს-სთან“ და სწორედ ამ მიზეზით გზავნილის კურიერისათვის ჩაბარების დოკუმენტს აქვს შპს „ც. პ. ჯ-ის“, როგორც ამანათის გამგზავნი ორგანიზაციის ბეჭედი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ი. უ. ქ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება და დარჩება განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება გაეგზავნა სს „ი. უ. ქ-ს“ და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, 2012 წლის 28 თებერვალს ჩაბარდა მის წარმომადგენელ ა. ქ-ს, რაც დასტურდება საქმეში არსებული ხელწერილით.
ამდენად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 29 თებერვალს და ამოიწურა 2012 წლის 13 მარტს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
აპელანტის წარმომადგენელმა ა. ქ-მ საქალაქო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა 2012 წლის 14 მარტს, რაც მეტყველებს, რომ მხარემ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა დაარღვია.
საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მან სააპელაციო საჩივარი სასამართლოში გასაგზავნად ვადაში, 2012 წლის 13 მარტს ჩააბარა შპს „ს-ს“.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი ვალდებული იყო, დამაჯერებლად დაედასტურებინა მის მიერ სააპელაციო საჩივრის დროულად შეტანის ფაქტი, რაც მან ვერ შეძლო.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად სარწმუნო მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება კერძო საჩივარზე დართული შპს „ს-ის“ საშუალებით გასაგზავნი გზავნილების შესახებ შპს „ც. პ. ჯ-ის“ რეესტრი, ვინაიდან აღნიშნულ დოკუმენტრში შპს „ი. უ. ქ-ა“ მოხსენიებული საერთოდ არ არის.
ამდენად, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს „ი. უ. ქ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.