Facebook Twitter

№ას-793-746-2012 12 ივნისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია სულხანიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ. ს-ი

წარმომადგენელი – ნ. გ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – საგარეჯოს რაიონის სოფელ კ-ის საჯარო სკოლა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ს-მა სარჩელი აღძრა საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში საგარეჯოს რაიონის სოფელ კ-ის საჯარო სკოლის მიმართ გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2012 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით თ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თ. ს-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინებით თ. ს-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარემ საგარეჯოს რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება 2012 წლის 4 აპრილს ჩაიბარა, ხოლო სააპელაციო საჩივარი 19 აპრილს, ანუ კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ შეიტანა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება თ. ს-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმის განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო საჩივარი გაიგზავნა შპს „ს.-ს“ საფოსტო სამსახურ „TNT“-ის მეშვეობით და ფოსტას 14-დღიანი ვადის გასვლამდე, 2012 წლის 17 აპრილს ჩაბარდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სააპელაციო საჩივარი ფოსტას კანონით დადგენილი ვადის გასვლამდე ჩაბარდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

იმავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

აღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, მხარემ უტყუარად უნდა დაადასტუროს ის გარემოება, რომ სადავო დოკუმენტები კანონით დადგენილი ვადის გასვლამდე ჩააბარა ფოსტას.

განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა შპს „ს.-ს“ ადმინისტრაციის მიერ 2012 წლის 15 მაისს გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც ადვოკატმა ნ. გ-მ 2012 წლის 17 აპრილს ფოსტას ჩააბარა N00141573 გზავნილი საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში გასაგზავნად. გზავნილი საგარეჯოს რაიონულ სასამართლოს 2012 წლის 19 აპრილს ჩაბარდა. მხარემ ასევე წარმოადგინა „TNT“-ის ბილი და გზავნილის მდგომარეობის ამსახველი ამონაწერი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მტკიცებულებებით ირკვევა მხოლოდ ის გარემოება, რომ ნ. გ-მ გარკვეული დოკუმენტები გადასცა ფოსტას საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში გასაგზავნად, მაგრამ უტყუარად არ დასტურდება ის გარემოება, რომ ცნობაში მითითებული გზავნილი სწორედ თ. ს-ის სააპელაციო საჩივარი იყო საგარეჯოს რაიონულ სასამართლოს 2012 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებაზე, აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ თ. ს-ს პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადა არ გაუშვია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში თ. ს-მა საგარეჯოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება 2012 წლის 4 აპრილს პირადად ჩაიბარა, შესაბამისად, 14-დღიანი ვადის დენა 5 აპრილიდან დაიწყო და 18 აპრილს ამოიწურა, ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 19 აპრილსაა შეტანილი, აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა, რაც კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 63-ე, 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.