Facebook Twitter

საქმე №ას-797-750-2012 4 ივნისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ნ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და და საპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ნ-ის მიმართ ქ.თბილისში, ფ-ის/ს-ის ქუჩა №16/36-ში მდებარე უძრავი ნივთზე საზიარო უფლების ნივთის ნატურით გაყოფის მოთხოვნით, კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა აღნიშნულ მისამართზე მდებარე ორსართულიანი სახლის რეალური წილების გაყოფა თანამესაკუთრეთა შორის, ისე, რომ აღიარებულ იქნას მოპასუხის საკუთრების უფლება საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებულ 62,74 კვ.მ ფართზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქოს საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ამავე გადაწყვეტლებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. ნ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და იმ ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტა, რომელიც შეეხება საცხოვრებელი სადგომის პირველ სართულზე არსებულ 62,74 კვ.მ მიწის ნაკვეთზე - არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართზე მოპასუხის თანასაკუთრების უფლების აღიარებას, დანარჩენ ნაწილში კი, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 აპრილის განჩინებით ნ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი მოპასუხე ნ. ნ-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ წარმოადგენს მოპასუხე ნ. ნ-ის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას. აპელანტი გადაწყვეტილებას ასაჩივრებს სრულად, ფაქტობრივად ასაჩივრებს მის სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებას, რამეთუ სარჩელი მის წინააღმდეგ ისედაც არ დაკმაყოფილდა. მოცემულ შემთხვევაში, ნ. ნ-მა სააპელაციო საჩივრით სადავოდ გახადა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ სამოტივაციო ნაწილი - ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასება. პალატის განმარტებით, გადაწყვეტილების მხოლოდ სამოტივაციო ნაწილის გასაჩივრება დაუშვებელია, რადგან მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მხარის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ან მისი რომელიმე პუნქტის გასაჩივრების შესაძლებლობას, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია გადაწყვეტილების ფორმალური (სსკ-ის 264-ე მუხლი) და მატერიალური (სსკ-ის 266-ე მუხლი) კანონიერი ძალა, რომელიც პირველ შემთხვევაში გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, ხოლო მატერიალური კანონიერი ძალა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება მის სარეზოლუციო ნაწილზე, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ (სსკ-ის 249-ე მუხლის მეხუთე ნაწილი). ამდენად, პირი, სარჩელის შეტანის გზით იცავს რა თავის უფლებას და შელახულ ინტერესებს, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება იმავდროულად იწვევს მისი პრეტენზიის აღმოფხვრას, ვინაიდან სადავოდ მიჩნეული უფლება მოდავე პირის სასარგებლოდაა დაცული და, შესაბამისად, მხარის იურიდიული ინტერესიც დაკმაყოფილებულია. ნიშანდობლივია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით სამართლებრივი წესრიგის დადგენა შესაძლებელია რა მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულებით, აღსასრულებლად წარემართება მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი და არა სამოტივაციო ნაწილი, თუნდაც ეს უკანასკნელი ადგენდეს რაიმე უფლების ან ვალდებულების არსებობას („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი). სასამართლო გადაწყვეტილება მართლმსაჯულების აქტია და მისი სამართლებრივი შედეგები თვით კონსტიტუციითაა რეგლამენტირებული. საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობა დღის წესრიგში აყენებს მისი აღსრულებადობის უზრუნველყოფის საკითხს. თუ პირი, რომლის მიმართაცაა სასამართლო აქტი გამოცემული, თავისი ნებით არ შეასრულებს ამ გადაწყვეტილებას, კრედიტორის განცხადების საფუძველზე, საქმეში ერთვება საამისოდ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო – სააღსრულებო ბიურო, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა შეიცავდეს კანონით გათვალისწინებულ ყველა ნაწილს (სსკ-ის 249-ე მუხლები) და რომელიმე მათგანის სათანადოდ ან საერთოდ არარსებობა, ხშირ შემთხვევაში იწვევს მის გაუქმებას (სსკ-ის 393-ე, 394-ე მუხლები). გადაწყვეტილების აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილები წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ფუნდამენტს. მასში უნდა აისახოს სასამართლოს შემეცნებითი მსჯელობა ფაქტების არსებობა-არარსებობის შესახებ (ფაქტობრივი დასაბუთება) და შეფასებითი მსჯელობა ამ ფაქტების იურიდიული ძალისა და მნიშვნელობის შესახებ (სამართლებრივი დასაბუთება). კანონის იმპერატიული დათქმა გადაწყვეტილების დასაბუთების აუცილებლობაზე, განპირობებულია მართლმსაჯულების ერთ-ერთი ძირითადი მიზნით, დაარწმუნოს მხარეები დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტაში და ამავდროულად გადაწყვეტილების დასაბუთებით რეალიზებულია საზოგადოების უფლება, იცოდეს, თუ რა გადაწყვეტილებები გამოაქვთ მათი სახელით და რა არის მათი საფუძველი. აქვე უნდა აღინიშნოს კანონითვე გათვალისწინებული გამონაკლისი, როდესაც გადაწყვეტილება შეიძლება გამოტანილი იქნეს მისი რომელიმე ნაწილის გარეშეც (სსკ-ის 234-ე, 250-ე, 2571), თუმცა ამ შემთხვევებშიც სარეზოლუციო ნაწილის კანონით დადგენილი წესით არსებობა აუცილებელია. ამ თვალსაზრისით საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საპროცესო კანონმდებლობა უშვებს რა არასრულყოფილი გადაწყვეტილების ნაკლის გამოსწორების შესაძლებლობასაც გადაწყვეტილების განმარტების, უსწორობათა და აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებისა და დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის გზით, ამავე დანაწესებით იმპერატიულად ადგენს გადაწყვეტილების ნაკლის გასწორებას სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი შედეგის შეუცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. ნ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება შემდეგი საფუძვლებით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მართალია, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თუმცა აღნიშნულით სასამართლომ ნ.ნ-ი საეზოვე მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრედ იქნა მიჩნეული. სამოქალაქო კოდექსის 954-ე მუხლის თანახმად, თანასაკუთრებაში თითოეულ თანამესაკუთრეს თანაბარი წილი ეკუთვნის, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა შესაგებლის საფუძველზე, რომ კიბის უჯრედის ქვემოთ მდებარე 3,56 კვ.მ მიწის ნაკვეთი, როგორც ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი, ნ.ნ-ის ინდივიდუალური საკუთრებაა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამოქალაქო კოდექსის 150-ე და 171-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს თანასაკუთრებიდან ნ.ნ-ის წილი უნდა განესაზღვრა 3,56 კვ. მეტრით მეტი. აღნიშნულის თაობაზე მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიუთითა, რასაც არც მოსარჩელე შედავებია, თუმცა გადაწყვეტილებაში მოსამართლეს აღნიშნული საკითხისათვის სამართლებრივი შეფასება არ მიუცია და სწორედ აღნიშნული წარმოადგენდა მოსარჩელის მიზანს. სააპელაციო პალატის განმარტება, რომ მხარეს უფლება ჰქონდა, მოეთხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა საკითხზე, რომლის თაობაზეც სასამართლოს არ უმსჯელია, არასწორია, რადგანაც კანონის არც ერთი დანაწესი არ უკრძალავს მას ამ საკითხზე სააპელაციო საჩივრის წარდგენას. ამასთანავე, არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ მხარე ასაჩივრებს გადაწყვეტილებას, რომელიც მის სასარგებლოდაა გამოტანილი, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ შეფასება არ მისცა სპეციალისტის დასკვნას, რაც საქმეშია წარდგენილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიწის სადავო ფართი თანასაკუთრების ობიექტი აღარ გახდებოდა. აღნიშნული საფუძვლით, ნ.ნ-ი სადავოდ მიიჩნევს არა მხოლოდ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს, არამედ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველსაც. სააპელაციო საჩივარი ემყარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებს, ამასთან, არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი, რადგანაც სასამართლომ დაარღვია კანონი, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-3 ნაწილი, ამავე მუხლის მე-4 ნაწილი და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით გამოიტანა მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლით ნ.ნ-ი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, დაკარგავს შესაძლებლობას მისი კუთვნილი უძრავი ქონების არსებით შემადგენელ ნაწილზე - სადავო 3,56 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საკასაციო პალატა მიუთითებს მოცემული საქმის მასალებით დადასტურებულ შემდეგ მნიშვნელოვან გარემოებებზე: მოცემულ საქმეზე მოსარჩელე მხარეს მ. გ-ი წარმოადგენს, რომელმაც სასამართლო წესით მოითხოვა საზიარო უფლების გაუქმება.

დადასტურებულია ის ფაქტი, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მ. გ-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

აღნიშნული გარემოება თავისთავად განაპირობებს იმას, რომ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მხარეთა შორის არსებულ სანივთო უფლებას რაიმე ტრანსფორმაცია არ განუცდია. ამდენად, ის გარემოება, რომ სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანა, სამართლებრივად სავსებით უსაფუძვლოა და მისი გაზიარება დაუშვებელია, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, არსებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ ურთიერთობაში ცვლილება არ მომხდარა.

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად უთხრა მხარეს უარი სააპელაციო საჩივრის დაშვებაზე და, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეეხებოდა აპელანტის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზეგავლენა ნ.ნ-ის უფლებაზე არ მოუხდენია, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის დანაწესი კი - სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში (სსსკ 364-ე მუხლი), ლოგიკური განმარტების საფუძველზე, სამართალწარმოების იმ მხარეს მოიაზრებს, ვისაც სამართალწარმოების აქტის აღსრულებაუნარიანი ნაწილით დაუდგინდა გარკვეული ვალდებულება ან უარი ეთქვა უფლების იმგვარ რეალიზაციაზე, ვიდრე მას მიაჩნია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ მხარე სადავოდ სწორედ მის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას ხდის.

რაც შეეხება გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებასა და ამ განჩინებით ნ. ნ-ის სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე უარის თქმას, საკასაციო პალატა სავსებით ეთანხმება აღნიშნულს და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით ნ.ნ-ს სწორად ეთქვა უარი სააპელაციო პრეტენზიის არსებით შესწავლა-გადაწყვეტაზე. პირველ ყოვლისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილურ ერთგვაროვან პრაქტიკას ემყარება, უფრო მეტიც, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების ანალოგია, კერძოდ, საკასაციო პალატამ 2009 წლის 7 დეკემბრის განჩინებით ანალოგიური საკითხის გადაწყვეტისას განმარტა შემდეგი:

„გადაწყვეტილების მხოლოდ აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების გასაჩივრება დაუშვებელია, რადგან მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მხარის მიერ სააპელაციო წესით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ან მისი რომელიმე პუნქტის გასაჩივრების შესაძლებლობას“. ამ განჩინებით, საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე და 266-ე მუხლების ანალიზის საფუძველზე განმარტა გადაწყვეტილების ფორმალური და მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც პირველ შემთხვევაში გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, ხოლო მატერიალური კანონიერი ძალა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. პალატამ აღნიშნა ასევე, რომ „გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი“.

რაც შეეხება ნ. ნ-ის პრეტენზიას, რომ, მიუხედავად დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობისა, კანონმდებლობით მას სრული უფლება ჰქონდა, მიემართა სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრით, საკასაციო პალატა აღნიშნულს დასაბუთებულ შედავებად ვერ მიიჩნევს და მიუთითებს ამავე საქმეზე საკასაციო პალატის შემდეგ განმარტებას: „კანონში პირდაპირი არ არის მითითება გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილის გასაჩივრების უფლებაზე, თუმცა ასეთი შეზღუდვის პირდაპირ მიუთითებლობა საწინააღმდეგოს არ ადგენს. სამოქალაქო საპროცესო სამართლის პრინციპებისა და კოდექსის ნორმათა ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობაში განმარტებით საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება მის სარეზოლუციო ნაწილზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი თავისი არსით წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ (სსკ-ის 249-ე მუხლის მეხუთე ნაწილი). ამდენად, პირი, სარჩელის შეტანის გზით იცავს რა თავის უფლებას და შელახულ ინტერესებს, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება იმავდროულად იწვევს მისი პრეტენზიის აღმოფხვრას, ვინაიდან სადავოდ მიჩნეული უფლება მოდავე პირის სასარგებლოდაა დაცული და, შესაბამისად, მხარის იურიდიული ინტერესიც დაკმაყოფილებულია.

ნიშანდობლივია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით სამართლებრივი წესრიგის დადგენა შესაძლებელია რა მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულებით, აღსასრულებლად წარემართება მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი და არა სამოტივაციო ნაწილი, თუნდაც ეს უკანასკნელი ადგენდეს რაიმე უფლების ან ვალდებულების არსებობას („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი). სასამართლო გადაწყვეტილება მართლმსაჯულების აქტია და მისი სამართლებრივი შედეგები თვით კონსტიტუციითაა რეგლამენტირებული. საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობა დღის წესრიგში აყენებს მისი აღსრულებადობის უზრუნველყოფის საკითხს. თუ პირი, რომლის მიმართაცაა სასამართლო აქტი გამოცემული, თავისი ნებით არ შეასრულებს ამ გადაწყვეტილებას, კრედიტორის განცხადების საფუძველზე, საქმეში ერთვება საამისოდ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო... ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა შეიცავდეს კანონით გათვალისწინებულ ყველა ნაწილს (სსკ-ის 249-ე მუხლები) და რომელიმე მათგანის სათანადოდ ან საერთოდ არარსებობა, ხშირ შემთხვევაში იწვევს მის გაუქმებას (სსკ-ის 393-ე, 394-ე მუხლები). გადაწყვეტილების აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილები წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ფუნდამენტს. მასში უნდა აისახოს სასამართლოს შემეცნებითი მსჯელობა ფაქტების არსებობა-არარსებობის შესახებ (ფაქტობრივი დასაბუთება) და შეფასებითი მსჯელობა ამ ფაქტების იურიდიული ძალისა და მნიშვნელობის შესახებ (სამართლებრივი დასაბუთება). კანონის იმპერატიული დათქმა გადაწყვეტილების დასაბუთების აუცილებლობაზე, განპირობებულია მართლმსაჯულების ერთ-ერთი ძირითადი მიზნით, დაარწმუნოს მხარეები დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტაში და ამავდროულად გადაწყვეტილების დასაბუთებით რეალიზებულია საზოგადოების უფლება იცოდეს, თუ რა გადაწყვეტილებები გამოაქვთ მათი სახელით და რა არის მათი საფუძველი.

აქვე უნდა აღინიშნოს კანონითვე გათვალისწინებული გამონაკლისი, როდესაც გადაწყვეტილება შეიძლება გამოტანილი იქნეს მისი რომელიმე ნაწილის გარეშეც (სსკ-ის 234-ე, 250-ე, 2571), თუმცა ამ შემთხვევებშიც სარეზოლუციო ნაწილის კანონით დადგენილი წესით არსებობა აუცილებელია. ამ თვალსაზრისით საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საპროცესო კანონმდებლობა უშვებს რა არასრულყოფილი გადაწყვეტილების ნაკლის გამოსწორების შესაძლებლობასაც გადაწყვეტილების განმარტების, უსწორობათა და აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებისა და დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის გზით, ამავე დანაწესებით იმპერატიულად ადგენს გადაწყვეტილების ნაკლის გასწორებას სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი შედეგის შეუცვლელად“ (იხ. სუსგ 2009 წლის 7 სექტემბერი საქმე №ას-710-1011-09).

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. ნ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, შესაბამისად, არ არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები, რაც შეეხება გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად განმარტა კანონი, ამასთანავე, სასამართლოს განმარტებანი თანხვედრაშია ანალოგიურ საკითხზე საკასაციო პალატის განმარტებასა და ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკასთან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.