Facebook Twitter

№ას-801-754-2012 18 ივნისი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „...“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 დეკემბრის საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – სარჩოს დანიშვნა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 09 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა. ა-ის სარჩელი მოპასუხე შპს „...-ის“ მიმართ საწარმოო ტრავმით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა (ტომი 2, ს.ფ. 181-183).

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ა. ა-მა შეიტანა საჩივარი, რომლითაც მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა (ტომი 2, ს.ფ. 192).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 05 აგვისტოს განჩინებით ა. ა-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 09 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ტომი 2, ს.ფ. 246-257).

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ა. ა-მა (ტომი 2, ს.ფ. 260, ტომი 3, ს.ფ. 8-18).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2011 წლის 13 დეკემბრის სხდომაზე იმსჯელა აპელანტ ა. ა-ის 2011 წლის 8 დეკემბრის შუამდგომლობაზე, რომლითაც ა. ა-მა ითხოვა მისთვის ადვოკატის სახაზინო წესით დანიშვნა და იგი არ დააკმაყოფილა. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო არსებითად არ იხილავდა საქმეს, რამდენადაც გასაჩივრებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე აღნიშნული საქმე განსაკუთრებული სირთულის არ იყო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ა. ა-სათვის ადვოკატის სახაზინო წესით დანიშვნა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 დეკემბრის საოქმო განჩინებით ა. ა-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მოცემულ განჩინებაში იმსჯელა მოწინააღმდეგე მხარის – შპს „...-ის“ წარმომადგენლის შუამდგომლობაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და ჩათვალა, რომ შუამდგომლობა დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაადგინა, რომ ა. ა-ს სხდომის თაობაზე ეცნობა 2011 წლის 2 დეკემბერს სასამართლო უწყებით, რაც დასტურდებოდა საქმეში არსებული გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით. აქედან გამომდინარე, აპელანტს სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გამო, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი ა. ა-ი, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა (ტომი 3, ს.ფ. 55-58).

დასახელებული განჩინება ა. ა-მა გაასაჩივრა კერძო საჩივრით, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება.

კერძო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2011 წლის 13 დეკემბრის სხდომამდე, მან სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახაზინო წესით ადვოკატის დანიშვნის თაობაზე. აღნიშნული შუამდგომლობა დაყენებულ იქნა იმ მიზეზით, რომ აპელანტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ ახერხებდა სასამართლოში მისვლას და ესაჭიროებოდა ადვოკატის დახმარება, რათა ამ უკანასკნელს ეწარმოებინა მისი საქმე. აქედან გამომდინარე, სასამართლო ვალდებული იყო 2011 წლის 13 დეკემბრის სხდომა გადაედო ადვოკატის დანიშვნამდე, თუმცა სასამართლომ აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქმე განიხილა აპელანტის დაუსწრებლად და სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა უნდა ჩაითვალოს საპატიოდ (ტომი 3, ს.ფ. 73-74).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებით ა. ა-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 13 დეკემბრის სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანხმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.

ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით.

მოცემულ შემთხვევაში, სადავო არაა ის გარემოება, რომ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო საქმის განხილვაზე. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ 2011 წლის 13 დეკემბრის სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, 2011 წლის 8 დეკემბერს მან სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნის თაობაზე, ხოლო ადვოკატის დანიშვნამდე მოითხოვა საქმის განხილვის გადადება. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს მისთვის უნდა დაენიშნა ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე და გადაედო საქმის განხილვა, ვიდრე ეს უკანასკნელი არ ჩაებმებოდა საქმეში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის, უპირველესად, უნდა შემოწმდეს, მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა თუ არა სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მოწვევის საფუძველი.

სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მოწვევის წინაპირობები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილში, რომლის მიხედვით, თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს, ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო, ადვოკატის მონაწილეობა საქმის განხილვაში მიზანშეწონილია. მითითებული ნორმის მიხედვით, სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მოწვევისათვის აუცილებელია, რომ ერთდროულად არსებობდეს შემდეგი ორი პირობა: ა) მხარეს არ უნდა ჰქონდეს ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების შესაძლებლობა და ბ) განსახილველი საქმე უნდა იყოს სამართლებრივად მნიშვნელოვანი და რთული. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მოწვევას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება. პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული საფუძვლით, სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მოწვევის შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს. გარდა ამისა, არ არსებობს ასევე კანონით გათვალისწინებული ისეთი აუცილებელი წინაპირობა, როგორიცაა განსახილველი საქმის მნიშვნელობა და სირთულე. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მოწვევის თაობაზე, ამასთან, ვინაიდან მითითებული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, არც საქმის განხილვის გადადების საფუძველი არსებობდა, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2011 წლის 13 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობას კერძო საჩივრის ავტორი პირდაპირ არ უკავშირებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას (ავადმყოფობას), მაგრამ საკასაციო სასამართლო მოზანშეწონილად მიიჩნევს დამატებით აღნიშნოს შემდეგი: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით ავადმყოფობა მიჩნეულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, მაგრამ ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია მისი ავადმყოფობის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა 2011 წლის 13 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობას. მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება კი მხარეს აკისრია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ ა. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.