Facebook Twitter

საქმე №ას-807-760-2012 26 ივნისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ. ღ-ისა და ლ. ღ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 მაისის განჩინებაზე, საქმეზე - ნ. გ-ისა და თ. ღ-ის სარჩელის გამო, მოპასუხეების: გ. ღ-ისა და ლ. ღ-ის მიმართ მემკვიდრედ ცნობისა და სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ გ. ღ-ისა და ლ. ღ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის განჩინებით, გ. და ლ. ღ-ების კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და საჩივრის ავტორებს დაევალათ 3 (სამი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრისა და ლ. ღ-ის მიერ ი. გ-ის სახელზე გაცემული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი მინდობილობის წარმოდგენა.

2012 წლის 6 ივნისს სასამართლოს განცხადებით მომართეს მხარეთა წარმომადგენლებმა ი. ხ-მ და ი. გ-მ და იშუამდგომლეს საპროცესო ვადის რამდენიმე დღით გაგრძელების თაობაზე. აღნიშნული შუამდგომლობა საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 11 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა, ლ. და გ. ღ-ებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა და დაევალათ 3 (სამი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟისა და ი. გ-ის სახელზე გაცემული მინდობილობის წარმოდგენა.

საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე საკასაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის ავტორებს გაეგზავნათ საქმეში მითითებულ მისამართზე თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნებისა და 2012 წლის 15 ივნისს ჩაბარდა ლ. ღ-ის რძალსა და გ. ღ-ის დედას – ი. ხ-ს (ტ.I, 237-238).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 16 ივნისს და დასრულდა ამავე წლის 18 ივნისს.

კერძო საჩივრის ავტორებმა სასამართლოს მომართეს 2012 წლის 25 ივნისს, წარმოადგინეს ლ. ღ-ის მიერ ი. გ-ის სახელზე გაცემული მინდობილობა და 2012 წლის 22 ივნისს №1 საგადახდო დავალება სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის დასადასტურებლად. აღნიშნულ დოკუმენტებზე დართული საფოსტო კონვერტით დასტურდება რომ, კერძო საჩივრის ავტორებმა ფოსტას მიმართეს 2012 წლის 22 ივნისს (ტ.I, ს.ფ.242), სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს რომ, ლ. და გ. ღ-ებმა დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი რაც მათი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ამასთან, ლ. ღ-სა და გ. ღ-ს უნდა დაუბრუნდეთ 2012 წლის 22 ივნისს №1 საგადახდო დავალებით ი. ხ-ის მიერ გადახდილი 50 ლარი. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს ან აღიარებულია ქმედუუნარო პირად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ღ-ისა და გ. ღ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. ლ. ღ-სა და გ. ღ-ს დაუბრუნდეთ 2012 წლის 22 ივნისის №1 საგადახდო დავალებით ი. ხ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან : ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.