Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-809-762-2012 28 ივნისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. ჯ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ხ. ო. პ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ხ. ო. პ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ჯ-ის მიმართ ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზიანის – 8300 ლარის ანაზღაურების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 8300 ლარის გადახდა, რაც ა. ჯ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2012 წლის 2 აპრილს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა ა. ჯ-ის წარმომადგენელ შ. ბ-ს, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 74-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლო გზავნილის მოპასუხისათვის ჩაბარებას უთანაბრდება.

პალატამ ასევე დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივრით ა. ჯ-მ სასამართლოს მიმართა 2012 წლის 18 აპრილს.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მხარემ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა დაარღვია, რის გამოც სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ა. ჯ-მ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიანგარიშა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა, რომელიც ფაქტობრივად აპელანტს არ დაურღვევია. გარდაბნის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება ა. ჯ-ს ჩაბარდა 2012 წლის 2 აპრილს, თუმცა სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2012 წლის 14 და არა 18 აპრილს, როგორც ამას სასამართლო უთითებს. აღნიშნული გარემოება დასტურდება კერძო საჩივარზე დართული შპს „ს. ფ-ს“ ქვითრით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება და დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და სადავოდ არ გამხდარა ის ფაქტი, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ა. ჯ-ის წარმომადგენელ შ. ბ-ს ჩაბარდა 2012 წლის 2 აპრილს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამდენად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 3 აპრილიდან და ამოიწურა ამავე წლის 17 აპრილს (16 აპრილი იყო დასვენების დღე).

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ა. ჯ-მ სააპელაციო საჩივრით სასამართლოს მიმართა 2012 წლის 18 აპრილს, ვინაიდან სააპელაციო საჩივარს თან ერთვის კონვერტი, რომელზეც დასმული ბეჭდით დასტურდება, რომ მხარემ სააპელაციო საჩივარი ფოსტას 2012 წლის 14 აპრილს ჩააბარა.

ამდენად, გასაჩივრებული განჩინებით არასწორად იქნა მიჩნეული, რომ ა. ჯ-მ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა დაარღვია და საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას მისი გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ჯ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მაისის განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.