საქმე №ას-818-770-2012 4 ივნისი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. ჩ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ლ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – მიუღებელი შემოსავლის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ჩ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ლ-ის მიმართ მიუღებელი შემოსავლის - 13 473 ლარის გადახდისა და 2011 წლის სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 22 500 აშშ დოლარზე 0,83%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 186,75 აშშ დოლარს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 აპრილის განჩინებით ლ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.
პალატამ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 23 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და დაინიშნა მთავარი სხდომა 2012 წლის 11 აპრილს, სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე ლ.ლ-ის წარმომადგენელი კ.გ-ი, არ გამოცხადდა აპელანტი და არც გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის, პალატამ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2012 წლის 11 აპრილს დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა აპელანტს 2012 წლის 28 მარტს და განემარტა გამოუცხადებლობის შედეგები. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლზე, 387-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 299-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტა, რომ, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ შუამდგომლობდა, არამედ ეთანხმებოდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას, პალატამ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება მიზანშეწონილად ჩათვალა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ. ჩ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:
ლ.ჩ-ის წარმომადგენელ გ.პ-ის განმარტებით, ის 2012 წლის 11 აპრილს მისი კუთვნილი მობილურით დაუკავშირდა აპელანტს სააპელაციო საჩივრის თაობაზე ინფორმაციის დასაზუსტებლად. მარწმუნებელმა მას აცნობა საქმის განმხილველი მოსამართლისა და იმის თაობაზე, რომ საქმის განხილვა დანიშნული იყო 16 აპრილს, 12:00 საათზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 16 აპრილი ემთხვეოდა დასვენების დღეს, წარმომადგენელი იმავე დღეს დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწე თ.გ-ს, რომელმაც განუმარტა, რომ ლ.ჩ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა დანიშნული იყო არა 16 აპრილს, არამე 18 აპრილს, 12:00 საათზე, რაც გ.პ-მა აცნობა აპელანტს. 2012 წლის 17 აპრილს წარმომადგენელმა მოცემულ სამოქალაქო საქმეზე დამატებით წარადგინა მტკიცებულებები სასამართლოში, ხოლო 18 აპრილს, 12:00 საათზე მარწმუნებელთან ერთად გამოცხადდა სასამართლოში, რა დროსაც შეიტყო, რომ იხილებოდა მ. ჩ-ის სამოქალაქო საქმე სს „...-ის“ მიმართ, ხოლო ლ. ჩ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა დანიშნული იყო 11 აპრილს, 12:00 საათზე და აპელანტის გამოუცხადებლობის მოტივით სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. სასამართლო სხდომის თაობაზე აპელანტს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით, რომელმაც სხდომის თარიღად არასწორად გაიგო 16 აპრილი, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ლ.ჩ-ი, ომის მონაწილე, მე-2 ჯგუფის ინვალიადია აქვს შერყეული ჯანმრთელობა და არის ხანდაზმულიც. საქმეში არსებული სასამართლო სხდომის ოქმის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განხილვა დაიწყო 12:15 საათზე და დასრულდა 12:20 საათზე, ამასთან, რომ არა მოსამართლის თანაშემწის შეცდომა (მას ლ. ჩ-ი აერია მ. ჩ-ში) აპელანტის წარმომადგენელი, დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ტელეფონით მოითხოვდა სხდომის რამდენიმე წუთით დაგვიანებით ჩატარებას და მოახერხებდა საქმის განხილვაზე გამოცხადებას. კერძო საჩივრის ავტორმა მისი პოზიციის მართებულობის დადასტურების მიზნით წარმოადგინა „ლაილაის აბონენტის დეტალური ანგარიში“, ასევე მიმართვა იმის დასადასტურებლად, თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2012 წლის 18 აპრილს, 12:00 საათზე ნამდვილად იხილებოდა თუ არა მ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი სს „...-ის“ მიმართ, ხოლო 2012 წლის 30 მაისს ლ.ჩ-ის წარმომადგენელმა მომართა საქართლოს უზენაეს სასამართლოს და წარმოადგინა მოსამართლე თ.სოხაშვილი-ნიკოლაიშვილის თანაშემწე თ.გ-ის პასუხი მის მიმართვაზე, რომლითაც დადასტურებულია, რომ 2012 წლის 18 აპრილს, 12:00 საათზე, ნამდვილად იხილებოდა აპელანტ მ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საქმის მასალებით დადგენილია და ამას არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ, რომ ლ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 მარტის განჩინებით მიღებულ იქნა განსახილველად და 2012 წლის 11 აპრილს, 12:00 საათზე, დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა. სასამართლოს მთავარი სხდომის დროისა და ადგილის, ასევე გამოუცხადებლობის თაობაზე აპელანტ ლ. ჩ-ს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით. სადავო არაა ის გარემოებაც, რომ 2012 წლის 11 აპრილს, სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა არც აპელანტი და არც მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, არამედ გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელმაც, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის სააპელაციო წესით განხილვის დროს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველსა და მე-3 ნაწილების რედაქციაზე, რომლებითაც განსაზღვრულია უწყების მხარისათვის ჩაბარებულად მიჩნევის შემთხვევები და უწყების გაგზავნის წესი, კერძოდ, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს. მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, დეპეშით, ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საკითხები, რა დროსაც დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე.
როგორც აღინიშნა, სასამართლოს ხდომის დროის, ადგილისა და გამუცხადებლობის შედეგების თაობაზე ეცნობა აპელანტს და შეტყობინების კანონით დადგენილი ფორმით ჩაბარების ნამდვილობას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი „ტელეფონით სასამართლო შეტყობინების შესახებ“ (იხ. ტ.II, ს.ფ.6).
დასახელებული საფუძვლებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ გარემოებას, რომ აპელანტს კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დროის, ადგილისა და არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას მის მიმართ გამოსაყენებლი შესაძლო ღონისძიებების თაობაზე.
საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება და არც კერძო საჩივრითაა სადავოდ მიჩნეული ის გარემოება, რომ არც აპელანტი და არც მათი უფლებამოსილი წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა, ამასთან, მათ სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე არ უცნობებიათ.
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა, აპელატთა გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა, თუ ამას გამოცხადებული მხარე მოითხოვს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი დადგენილია, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მოსარჩელის გამოუცხადებლობისას, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ანალოგიური შინაარსისაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, არსებობდა ლ.ჩ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უტყუარი საფუძველი, ვინაიდან საქმის განხილვის ეტაპზე სასამართლო ობიექტურად იყო მოკლებული შესაძლებლობას, ემსჯელა იმ გარემოებათა საპატიოობის თაობაზე, რასაც მხარე კერძო საჩივარში მიუთითებს.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის საფუძვლად მითითებულ იმ გარემოებებს, რომ აპელანტის ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მან არასწორად გაიგო სასამართლოს სხდომის თარიღი, ასევე იმას, რომ, ვინაიდან მარწმუნებლის მიერ წარმომადგენლისათვის შეტობინებული თარიღი ემთხვეოდა დასვენების დღეს ამ საკითხის გასარკვევის მიზნით ის დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს, რომელმაც არასწორად აცნობა სასამართლო სხდომის დროის თაობაზე. საკასაციო პალატა პირველ არგუმენტთან დაკავშირებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ამ შემთხვევაში სასამართლომ საპროცესო მოქმედება კანონით დადგენილი წესით შეასრულა, ხოლო მეორე არგუმენტი ასევე ვერ იქნება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, რადგანაც 2012 წლის 28 მარტიდან, სასამართლო შეტყობინების განხორციელებიდან 2012 წლის 11 აპრილამდე - დანიშნულ სასამართლო სხდომამდე, მხარეს საკმარისი დრო და შესაძლებლობა ჰქონდა ზედმიწევნით დაეზუსტებინა სადავო საკითხი. პალატის აღნიშნული მოსაზრება ემყარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილს, რომლითაც განსაზღვრულია შემდეგი: ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია კანონი და სავსებით მართებულად მიიჩნია, რომ არსებობდა ლ. ჩ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლ.ჩ-ი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.