საქმე №ას-820-772-2012 28 ივნისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. გ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. გ-ე, გ. ყ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სესხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. გ-მ და გ. ყ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში გ. გ-ის მიმართ სესხის დაბრუნებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ შემდეგი საფუძვლებით:
2009 წლის 14 დეკემბერს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც დ. გ-მ გ. გ-ს ასესხა 10000 ლარი, ხოლო გ. ყ-მა 6000 აშშ დოლარი ყოველთვიურად 6%-ის დარიცხვით. ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო – ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თანხის 0,3%. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა გ. გ-ის კუთვნილი ქ.რუსთავში, მეშვიდე მკ/რ-ის მე-.. კორპუსის №1 ბინა.
მოპასუხემ სარჩელი მხოლოდ 13400 ლარის ნაწილში ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს გ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა – 10630 ლარის, ხოლო გ. ყ-ის სასარგებლოდ 6378 აშშ დოლარის გადახდა, დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა გ.გ-ის იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა გ.გ-ის იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 19 აპრილის განჩინებით აპელანტს განესაზღვრა 10 დღის ვადა ხარვეზის შესავსებად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღნიშნული განჩინების ასლი 2012 წლის 23 აპრილს ჩაბარდა აპელანტის ოჯახის წევრ გ. კ-ს.
პალატამ დაადგინა, რომ აპელანტს ხარვეზის განჩინება ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 24 აპრილს და ათდღიანი ვადა ამოიწურა 2012 წლის 7 მაისს. მიუხედავად აღნიშნულისა აპელანტის მიერ ხარვეზი განჩინებით განსაზღვრულ ვადაში არ შევსებულა.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილით, 61-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე მუხლით, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და ჩათვალა, რომ საქმის მასალების თანახმად, აპელანტის მიერ ხარვეზი დადგენილ ვადაში არ შევსებულა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ. გ-მა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელეთა სასარგებლოდ გ. გ-ს დაეკისრა თანხის გადახდა.
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით, დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცევა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული გ. გ-ის კუთვნილი უძრავი ქონება. სწორედ ეს პუნქტი გახდა გადაწყვეტილების გასაჩივრების საფუძველი და სააპელაციო სასამართლოში შეტანილ იქნა სააპელაციო საჩივარი. მასში მითითებულია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გასცდა საქმის განხილვის ფარგლებს და მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რაც მხარეს არ უთხოვია. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ მოსარჩელეს გ.გ-ის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაცია სარჩელით არ მოუთხოვია.
ფაქტობრივად, მოცემულ შემთხვევაში დავა წარმოიშვა აღსრულების საკითხთან და არა დაკისრებული თანხის გადახდა-არგადახდასთან დაკავშირებით. ამდენად გ.გ-ს სახელმწიფო ბაჟის სახით 425,20 ლარისა და 255.12 აშშ დოლარის გადახდა არ უნდა დაკისრებოდა და ამ მიზეზით მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დარჩენილიყო. გ.გ-ი შეიზღუდა კანონით მინიჭებულ უფლებაში, გაასაჩივროს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში და მონაწილეობა მიიღოს საჩივრის განხილვაში. სახელმწიფო ბაჟის საკითხის წამოწევა ხელოვნურია. ასეთი ქმედება არ გამომდინარეობს კონსტიტუციის მოთხოვნებიდან და მოქმედი კანონმდებლობის ნორმებიდან. მსგავსი გადაწყვეტილებები ხელს უწყობს სასამართლო სისტემაში უკანონობის დამკვიდრებას. მთავარია, მოქალაქის უფლება იქნეს დაცული, შემდეგ კი, კანონით დადგენილი წესით უნდა მოხდეს მისი ვალდებულების შესრულება, თუნდაც ბიუჯეტში ბაჟის გადახდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტ გ. გ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მხარეს დაევალა 10 დღის ვადაში მისი გამოსწორება.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება 2012 წლის 23 აპრილს ჩაბარდა აპელანტის ოჯახის სრულწლოვან წევრ გ. კ-ს, რაც მხარეს სადავოდ არ გაუხდია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
აღნიშნული მეტყველებს, რომ აპელანტის მიერ ხარვეზის შევსების ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 24 აპრილიდან და ამოიწურა 2012 წლის 3 მაისს. ამ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც სხვა რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს, რაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.
გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობად ვერ ჩაითვლება მხარის მოსაზრება, რომ მოსარჩელეს იპოთეკით დატვირთული სადავო უძრავი ქონების რეალიზაცია არ მოუთხოვია და სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არასწორად განსაზღვრა, ვინაიდან აპელანტს აღნიშნული გარემოების შესახებ ხარვეზის განსაზღვრის ეტაპზე არ მიუთითებია და არც სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის მინიმალური ოდენობა არ გადაუხდია.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან სასამართლომ ხელოვნურად დასვა სახელმწიფო ბაჟის საკითხი, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის აუცილებლობა განპირობებულია არა სასამართლოს ინიციატივით, არამედ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნით, შესაბამისად, მითითება, რომ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებით შეიზღუდა მხარის კანონიერი უფლებები ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
თ. თოდრია