Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-834-782-2012 28 ივნისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. და ქ. თ-ები (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ბ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სესხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ბ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. გ-ის, მ. და ქ. თ-ების მიმართ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების – 800 ევროს გადახდის შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თელავის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 6100 ევროს ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება გადახდის მომენტისათვის არსებული კურსით, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, აპელანტებს დაუბრუნდათ მათ მიერ გადახდილი 300 ლარი შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 1 მარტის განჩინებით ქ. თ-ისა და მ. თ-ის სააპელაციო საჩივარს განესაზღვრა ხარვეზი, ხოლო ამავე წლის 2 აპრილის განჩინებით აღნიშნული ვადა გაგრძელდა.

მითითებული განჩინების ასლი აპელანტებს გაეგზავნათ მათ მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე.

გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ სასამართლო განჩინების ასლი 2012 წლის 7 აპრილს ჩაბარდა პირადად მ. თ-ს. შეტყობინების დასტურზე გზავნილის მიმღები პირის სახელი და გვარი მითითებულია როგორც გარკვევით, ასევე შტრიხული ხელრთვის სახით. გარკვევითაა მითითებული გზავნილის ჩაბარების თარიღი და ჩამბარებელი პირის პირადი ნომერი.

აპელანტ ქ. თ-ისათვის გაგზავნილი გზავნილი ამავე დროს ჩაბარდა მის დას – მ. თ-ს.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტ მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც შეუვსებლობის საპატიო მიზეზების შესახებ პალატისათვის არ უცნობებია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლისა და 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, სასამართლომ ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, ხოლო ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, აპელანტებს დაუბრუნდათ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. და ქ. თ-ებმა შეიტანეს კერძო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ აპელანტებმა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გადაიხადეს თითოეულმა 150 ლარი.

სასამართლოს არ შეუფასებია ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა ამავე კოდექსის 48-ე მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების წინაპირობა, კერძოდ, მხარეები განიცდიან ქონებრივ სიდუხჭირეს, ხოლო მ. თ-ს ჰყავს ავადმყოფი მამამთილი, რომელსაც ესაჭიროება მუდმივი მკურნალობა. აპელანტთა ქონებრივ მდგომარეობას ადასტურებს მოწმეთა მიერ ხელმოწერილი ახსნა-განმარტება.

ასევე აღსანიშნავია, რომ ე. ბ-ის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომლის თაღლითური ქმედების გამო კერძო საჩივრის ავტორები არიან დაზარალებული. მხარე ემალება თელავის რაიონულ პროკურატურას, ხოლო მისი თანამონაწილეები იმყოფებიან პატიმრობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. და ქ. თ-ების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის განჩინებით აპელანტებს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ 10 დღის ვადაში მისი გამოსწორება – სახელმწიფო ბაჟის სახით 244 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა (სააპელაციო საჩივარზე დართული, გადახდილი 150 ლარის გათვალისწინებით).

აპელანტებმა წარადგინეს მხოლოდ 150 ლარის გადახდის ქვითარი და მათი შუამდგომლობით ხარვეზის აღმოსაფხვრელად ვადა დამატებით 10 დღით გაუგრძელდათ, რის თაობაზეც განჩინების ასლი მ. თ-ს, როგორც მხარეს და ქ. თ-ის დას, 2012 წლის 7 აპრილს ჩაბარდა.

აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავთ, რის გამოც მათი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა მითითებას, რომ სააპელაციო პალატამ უკანონოდ არ დააკმაყოფილა მხარეთა შუამდგომლობა და მათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ გადაუვადა, ვინაიდან აპელანტებს ასეთი შინაარსის შუამდგომლობა სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ და სახელმწიფო ბაჟის გადახისაგან გათავისუფლების, მისი გადავადების ან გადასახდელი ოდენობის შემცირებისათვის საჭირო კანონით გათვალისწინებული წინაპირობები არ წარუდგენიათ. ასეთ მტკიცებულებად სასამართლო ვერ მიიჩნევს კერძო საჩივარზე დართულ აპელანტთა მეზობლების განმარტებას, რომ ქ. და მ. თ-ები არიან უმუშევრები, განიცდიან ფინანსურ სიძნელეებს, ხოლო მ. თ-ს ჰყავს ავადმყოფი მამამთილი, რომელიც მუდმივად საჭიროებს მკურნალობას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-48-ე მუხლებით გათვალისწინებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებული შეღავათების გამოყენების წინაპირობა, რაც განსახილველ შემთხვევაში დაცული არ არის.

ასევე დაუსაბუთებელია მხარის მითითება, რომ აპელანტებმა სახელმწიფო ბაჟი გადაიხადეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თითოეულმა 150 ლარი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განჩინებებით ხარვეზის დადგენის შესახებ ნათლად და მართლზომიერადაა განმარტებული, თუ რა ოდენობით და კანონის რომელი დანაწესის მიხედვით უნდა გადაეხადათ აპელანტებს 244 ევროს ეკვივალენტი ლარი (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტი, 39-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი).

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. და ქ. თ-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.