საქმე №ას-839-787-2012 28 ივნისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. ნ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ხ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ხ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ნ-ის მიმართ და მოითხოვა ქ.თბილისში, ვ.ბ-ის ქ.№62-ში მდებარე 138,74 კვ.მ ფართისა და 76,62 კვ.მ სხვენის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, ასევე აღნიშნული უძრავი ნივთით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა იმ მოტივით, რომ გ. ნ-ისაგან შეიძინა ხსენებული ფართი გამოსყიდვის უფლებით. მოპასუხეს დათქმულ ვადაში გამოსყიდვის უფლებით არ უსარგებლია, შესაბამისად, დაკარგა ფართით სარგებლობის საფუძველი. აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხე ფლობს და საკუთარი ნებით სადავო ნივთს არ ათავისუფლებს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს, რაც გ. ნ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2012 წლის 5 მარტის განჩინებით გ. ნ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 160 ლარის გადახდა. აღნიშნული განჩინების ასლი ჩაბარდა აპელანტს მის მიერ მითითებულ მისამართზე, რომელმაც მოითხოვა ხარვეზის გამოსწორებისათვის ვადის გაგრძელება.
სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 29 მარტის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აპელანტს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 3 დღით. აღნიშნული განჩინება გაეგზავნა გ. ნ-ს და მხოლოდ განმეორებით გაგზავნის შემდეგ, 2012 წლის 27 აპრილს აპელანტის მეუღლე ლ. ნ-მა სასამართლო გზავნილის მიღებაზე უარი განაცხადა.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ აპელანტს ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება 2012 წლის 27 აპრილს ჩაბარდა. სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი მხარეს სასამართლოსათვის უნდა წარედგინა 3 დღის ვადაში, რისი ათვლაც დაიწყო 2012 წლის 28 აპრილიდან და ამოიწურა 30 აპრილს.
გ. ნ-ს არც ხარვეზის შევსების ვადის ამოწურვამდე და არც შემდეგ სასამართლოსათვის არ მიუმართავს, რის გამოც სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ. ნ-მა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ხარვეზის გამოსასწორებლად მისთვის მიცემული საპროცესო ვადის აღდგენა იმ მოტივით, რომ ხარვეზის დადგენისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადის დადგომის მომენტში გაუუარესდა ჯანმრთელობა, დაენიშნა წოლითი რეჟიმი, რაც დასრულდა ოპერაციით. მას ჩაუტარდა შულტირება. ამდენად, სადავო ვადა მხარემ საპატიო მიზეზით გაუშვა, რაც სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი, დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განჩინებით გ. ნ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 160 ლარის გადახდა. აღნიშნული ვადა აპელანტის მოთხოვნით 3 დღით გაგრძელდა.
აღნიშნული განჩინება გაეგზავნა გ. ნ-ს და მხოლოდ განმეორებით გაგზავნის შემდეგ, 2012 წლის 27 აპრილს აპელანტის მეუღლე ლ. ნ-მა სასამართლო გზავნილის მიღებაზე უარი განაცხადა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.
ამდენად, სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ აპელანტს ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება 2012 წლის 27 აპრილს ჩაბარდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
განსახილველ შემთხვევაში ხარვეზის გამოსწორების ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 28 აპრილიდან და ამოიწურა 30 აპრილს.
გ.ნ-ს არც ხარვეზის შევსების ვადის ამოწურვამდე და არც შემდეგ სასამართლოსათვის არ მიუმართავს, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გ. ნ-ის მოსაზრებას, რომ სადავო ხარვეზის შევსების ვადა მან გაუშვა საპატიო მიზეზით, ავადმყოფობის გამო.
კერძო საჩივარს დაერთო 2012 წლის 29 აპრილის ცნობა გ. ნ-ის ჯანმრთელობის შესახებ, სადაც მითითებულია, რომ 2012 წლის 28-29 აპრილს იგი იმყოფებოდა სტაციონარში, სადაც ჩაუტარდა მარჯვენა კორონარული არტერიის ანგიოპლასტიკა, ჩაედგა ერთი სტენტი, ხოლო 2012 წლის 30 აპრილის ანგარიშ-ფაქტურით დასტურდება, რომ გ. ნ-მა გადაიხადა კორონაროგრაფიისა და ანგიოპლასტიკის ღირებულება. ცნობა ხელმწერილია მკურნალი ექიმის მიერ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით, კანონმდებელი განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება, კერძოდ, ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა ობიექტურ გარემოებებს, რომლებსაც შეეძლოთ მხარისათვის ხელი შეეშალათ. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
ამდენად, მართალია, გ. ნ-ის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობის მიხედვით აპელანტი სადავო საპროცესო ღონისძიების – ხარვეზის გამოსწორებისათვის მიცემულ დროს იმყოფებოდა სტაციონარში, თუმცა მითითებული ცნობა ზემოხსენებული ნორმის დანაწესს არ შეესაბამება, ვინაიდან იგი ხელმოწერილია არა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის, არამედ, როგორც უკვე აღინიშნა, მკურნალი ექიმის მიერ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
რაც შეეხება გ.ნ-ის მოთხოვნას ხარვეზის შევსების ვადის აღდგენის თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარე უფლებამოსილია, აღნიშნული მოთხოვნით მიმართოს სააპელაციო პალატას და ასეთის არსებობისას წარადგინოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.