საქმე №ას-856-803-2012 18 ივნისი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ. ლ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ი-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ლ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ი-ის მიმართ დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის - 5365 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ვანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ზ.ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 მაისის განჩინებით ზ.ლ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემული სამოქალაქო საქმე ვანის რაიონულმა სასამართლომ განიხილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით დადგენილი, ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესით და 2012 წლის 12 აპრილს გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც მხარეებს გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით და მოსარჩელე ზ. ლ-ს პირადად ჩაბარდა 2012 წლის 26 აპრილს, რომელმაც სააპელაციო საჩივარი ვანის რაიონულ სასამართლოში წარადგინა 2012 წლის 4 მაისს 10:00 საათზე.
პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30921 მუხლზე, რომლითაც ამ წესით განხილულ საქმეებზე სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის ითვალისწინებს 7 დღეს. სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 71-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ვანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 12 აპრილის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა და ჩაბარდა რა პირადად ზ. ლ-ს 2012 წლის 26 აპრილს, შესაბამისად, გასაჩივრების ბოლო ვადას წარმოადგენდა 2012 წლის 3 მაისი. ვინაიდან მხარეს სასამართლო გადაწყვეტილება გაეგზავნა დადგენილი წესით და ჩაბარდა პირადად, ხოლო მან სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის დაარღვია კანონით გათვალისწინებული 7-დღიანი ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობისა და განუხილველად დატოვების საფუძველი.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ზ. ლ-მ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
ზ.ლ-ის სააპელაციოო საჩივრის განუხილველად დატოვებით სააპელაციო სასამართლომ დაარღვია კანონი, საერთაშორისო ხელშეკრულებით გარანტირებული მხარის უფლებები და საქართველოს კონსტიტუცია, რადგანაც ვანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარეს სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის საპროცესო ვადა განესაზღვრა 14 დღით, მან სააპელაციო საჩივარი წარადგინა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან მე-8 დღეს, სააპელაციო პალატამ კი, უსაფუძვლოდ არ მიიღო სააპელაციო საჩივარი განსახილველად და არასწორად დააკისრა მხარეს იმის ცოდნა, რომ, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე სარჩელებზე, სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა 7 დღეს შეადგენს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღნიშნული შეცდომა დაშვებულ იქნა საასამართლოს მიერ და მხარეს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადად მიეთითა 14 დღე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით მხარის მიმართ უხეშად დაირღვა კანონი. საყურადღებოა, რომ სასამართლო მის მიმართ მსგავს შეცდომებს ხშირად უშვებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ლ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
მოცემული საქმის მასალების შესწავლით დასტურდება და ამას არ კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს სადავოდ, რომ ვანის რაიონული სასამართლოს მიერ მოცემული სამოქალაქო საქმე განხილულ იქნა გამარტივებული წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით დადგენილი წესის შესაბამისად. სადავო არ არის ის გარემოება, რომ ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელე თავისი ინიციატივით გამოცხადდა სასამართლოში და პირადად ჩაიბარა ვანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება მისი გამოცხადებიდან მე-14 დღეს - 2012 წლის 26 აპრილს, ხოლო საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის სარეგისტრაციო შტამპის შესწავლით დასტურდება, რომ ზ.ლ-მ სააპელაციო საჩივრით რაიონულ სასამართლოს მიმართა 2012 წლის 4 მაისს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30921 მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება 7 დღის ვადაში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში. აღნიშნული წარმოადგენს სპეციალურ ნორმას მოცემული კატეგორიის საქმეების მიმართ და მისი იმპერატიული დათქმა გასაჩივრების ვადის მიმართ სავალდებულეოა როგორც მხარეების, ისე სასამართლოსათვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ ზ. ლ-მ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება პირადად ჩაიბარა 2012 წლის 26 აპრილს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2012 წლის 27 აპრილს და ამოიწურა 2012 წლის 3 მაისს. საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრისა და კერძო საჩივრის ავტორის განმარტების თანახმად კი, მან სასამართლო მიმართა 7-დღიანი ვადის დარღვევით, 2012 წლის 4 მაისს, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან მე-8 დღეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი მოცემული კატეგორიის საქმეების მიმართ წარმოადგენს სპეციალურ ნორმებს და ამ საქმეებზე საპროცესო კანონმდებლობის ზოგადი დანაწესები მხოლოდ მაშინ ვრცელდება, თუ ისინი არ ეწინააღმდეგემა სპეციალური ნორმის დათქმებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30921 მუხლით და სწორად მიიჩნია, რომ არ არსებობდა ზ.ლ-ის სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.
რაც შეეხება კერძო საჩივრის საფუძველს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის საპროცესო ვადა განუსაზღვრა 14 დღით და მან სწორედ ამ ვადის დაცვით შეიტანა სააპელაციო საჩივარი, ამასთან, მხარე არ იყო ვალდებული, სცოდნოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები, ხოლო სასამართლომ, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით, მის მიმართ უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით გარანტირებული უფლებები, პალატა აღნიშნულს ვერ გაიზიარებს და ვერ ჩათვლის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, რადგანაც, როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30921 მუხლი წარმოადგენს სპეციალურ ნორმას, რომელიც გასაჩივრების ვადასთან მიმართებით შეიცავს იმპერატიულ დათქმას. ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილებით მხარეს სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადად 14 დღე მიეთითა და სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო ამ საფუძვლით დაეშვა სააპელაციო საჩივრი, უსაფუძვლოა, რადგანაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის მითითება, შესაძლოა გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს მიერ, უსწორობის გასწორების საფუძველი გახდეს და არა დარღვეული საპროცესო ვადის საპატიოდ მიჩნევის წინაპირობა (სსსკ 59.4 მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია), რაც შეეხება სასამართლოს მიერ დაშვებული შეცდომის მხარის საწინააღმდეგოდ გამოყენებასა და მის მიმართ კანონმდებლობით აღიარებული უფლებების დარღვევას, პალატა აღნიშნულის ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს, რადგანაც მოქმედი კანონმდებლობით, კონსტიტუციითა თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული მხარის უფლების სასამართლო წესით დაცვის დარღვევის ფაქტი მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება, ზემდგომ სასამართლოში სამართალწარმოებაზე მხარეს სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი იმ ვადის დაუცველობის გამო ეთქვა უარი, რომლის დარღვევაც კანონმდებლობით აღიარებული სააპელაციო საჩივრის დაშვების ერთ-ერთი სავალდებულო წინაპირობაა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ ზ. ლ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობა.
რაც შეეხება კერძო საჩივარზე დართულ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების ასლს, პალატა თვლის, რომ აღნიშნული უნდა დაუბრუნდეს მის წარმომდგენს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლისა და 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, ხოლო საქმეში უკვე არსებული მტკიცებულების განმეორებით წარდგენა, საქმის წარმოების მიზნებიდან არ გამომდინარეობს, ვინაიდან მხარის პრეტენზიის ფარგლებში, სასამართლო მას აძლევს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას იმ სახით, როგორითაც ისინი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ არის მიღებული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ლ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილება 7 ფურცლად (ს.ფ. 111-117).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ზ. ლ-ე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად. ზ. ლ-ს დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე დართული მტკიცებულება 7 ფურცლად (ს.ფ.111-117). კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.