Facebook Twitter

№ას-861-807-2012 25 ივნისი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ფ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მცხეთის რაიონულ სასამართლოს 2012 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ფ-ის სარჩელი მოპასუხეების: ინდმეწარმე გ. გ-ის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ყადაღისაგან გათავისუფლდა აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2011 წლის 26 აგვისტოს შედგენილ დაყადაღების აქტში მითითებული ნივთები: დივან-სავარძელი – 3 ნაჭერი; ტანსაცმლის კარადა – 1 ცალი; უჯრებიანი კომოდი – 1 ცალი; ტრილიაჟის სარკე – 1 ცალი; ხის ჟურნალების მაგიდა ერთი სკამით; ჭურჭლის კარადა – 1 ცალი. ამავე გადაწყვეტილებით დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 მაისის განჩინებით შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შემოსავლების სამსახურმა.

კერძო საჩივრის ავტორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ შემოსავლების სამსახურმა გაუშვა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა, კერძოდ, სააპელაციო საჩივარი ფოსტაში წარადგინა 2012 წლის 27 აპრილს. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ შპს „ს. ფ-ის“ გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით (სია №237), რომელიც თან ერთვის კერძო საჩივარს, დგინდება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ №21-04/28397 საქმე გაიგზავნა 2012 წლის 26 აპრილს, ე.ი. შემოსავლების სამსახურისათვის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან მე-14 დღეს. შეტყობინების ბარათი ჩაიბარა შპს „ს. ფ-ის“ წარმომადგენელმა ზ. ც-მა, რაც დასტურდება ბარათზე არსებული ხელმოწერით და ბეჭდით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ დაცულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 მაისის განჩინება და შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა ერთი დღის დაგვიანებით, 2012 წლის 27 აპრილს.

კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის მითითებული საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას და განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივარი შემოსავლების სამსახურმა კანონით დადგენილ ვადაში ჩააბარა ფოსტას. აღნიშნულის დასადასტურებლად კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა შემოსავლების სამსახურის მიერ 2012 წლის 26 აპრილს ფოსტისათვის ჩაბარებული კორესპონდენციის სია, რომელსაც ხელს აწერს შპს „ს. ფ-ის“ წარმომადგენელი და იგი დამოწმებულია ამავე ფოსტის ბეჭდით (ს.ფ. 221-222). შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების №237 სიით დასტურდება, რომ ამ სიის 48-ე გზავნილი 21-04/28397 ნომრით ჩაბარდა შპს „ს. ფ-ს“. სწორედ ეს რეკვიზიტებია მითითებული საფოსტო კონვერტზე, რომლითაც მცხეთის რაიონულ სასამართლოში შეტანილი იქნა შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი (ს.ფ. 211). ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2012 წლის 26 აპრილს შპს „ს. ფ-სათვის“ ჩაბარებული №21-04/28397 გზავნილი წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

მითითებული ნორმის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, მაშინ იგი ვადაში შეტანილად ითვლება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა იყო 2012 წლის 26 აპრილი. კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ზემოხსენებული მტკიცებულებით ირკვევა, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი შპს „ს. ფ-ს“ ჩააბარა 2012 წლის 26 აპრილს, ანუ ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სააპელაციო საჩივარი ვადაში შეტანილად ითვლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული საფუძვლით შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა არ არსებობდა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია. საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სხვა წინაპირობები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 მაისის განჩინება და საქმე შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.