Facebook Twitter

№ას-919-864-2012 22 ივნისი, 2012 წელი.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე:

ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - იბა „... ...“

მოწინააღმდეგე მხარე - ი., მ. და ს. კ-ები

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 28 აპრილს მოსარჩელე ი., მ. და ს. კ-ებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართეს იბა „... ...-ის“ წინააღმდეგ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს იბა „... ...-ის“ გამგეობის 2005 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

ზემოაღნიშნული სასამართლოს 2011 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი., მ. და ს. კ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი იბა „... ...“-ის გამგეობის 2005 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილ;ება ი., მ. და ს. კ-ების ამხანაგობიდან გაყვანის თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა იბა „... ...-ის“ თავმჯდომარე ზ. თ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისი განჩინებით იბა „... ...-ის“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.

აღნიშნული განჩინება იბა „... ...-მ“ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის განჩინება იბა „... ...-ის“ წარმომადგენელს 2012 წლის 30 მაისს ჩაჰბარდა. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს კანონის მიერ დადგენილი 12 დღიანი ვადა 2012 წლის 11 ივნისს ამოეწურა. როგორც შპს „ს.-ს“ ადმინისტრატორ ნ. დ-ის მიერ წერილობით იქნა დადასტურებული, კერძო საჩივარი შპს „ს.-ს“ გადაეცა 2012 წლის 12 ივნისს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, „... ...-მ“ სასამართლოს მომართა 2012 წლის 12 ივნისს, კანონის მიერ დადგენილი ვადის დარღვევით. აღნიშნული გარემოება კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 402-ე, 396-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

იბა „... ...-ის“ კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

№ას-919-864-2012 5 ნოემბერი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა იბა „თ. 88-ისათვის“ სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების საკითხი.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ივნისის განჩინებით იბა „თ. 88-ის“ კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.

2012 წლის 3 ივლისს ამხანაგობის თავმჯდომარე ზ. თ.-მა სასამართლოს Nა-2844-12 განცხადებით მომართა. განცხადებას თან ერთვის სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იბა „თ. 88-ს“ უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით:

ა) სარჩელზე, აგრეთვე განცხადებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ;

1) აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადებაზე;

2) საარბიტრაჟო წარმოებაში მოწმის დასწრების უზრუნველყოფაში და მტკიცებულებათა მოპოვებაში სასამართლოს დახმარების თაობაზე განცხადებაზე, არბიტრის დანიშვნასთან, აცილებასთან, უფლებამოსილების შეწყვეტასთან, კომპეტენციასთან დაკავშირებულ განცხადებაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

3) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

4) სამედიცინო მედიაციის პროცესში მოწმის დასწრების უზრუნველყოფასა და მტკიცებულებათა მოპოვებაში სასამართლოს დახმარების თაობაზე განცხადებაზე;

5) სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე, სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ სარჩელზე;

6) სამედიცინო მედიაციის პროცესთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების ან ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე;

ბ) შეგებებულ სარჩელზე;

გ) მესამე პირის სარჩელებზე, რომელიც დამოუკიდებელ მოთხოვნებს აცხადებს დავის საგანზე;

დ) განცხადებაზე უდავო წარმოების საქმეთა აღძვრის შესახებ;

ე) სარჩელზე სახელმწიფო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების შესახებ;

ვ) სააპელაციო საჩივარზე;

ზ) საკასაციო საჩივარზე;

თ) კერძო საჩივარზე ;

ი) განცხადებაზე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ;

1) საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების ან ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

კ) განცხადებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ.

ზემომითითებული ნორმით ამომწურავადაა ჩამოთვლილი სამოქალაქო საქმეებზე ბაჟის გადახდის შემთხვევები. ვინაიდან იბა „თ. 88-ს“ სახელმწიფო ბაჟი რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი საპროცესო მოქმედებისათვის არ გადაუხდია, იგი უსაფუძვლოდ გადახდილად უნდა ჩაითვალოს და ექვემდებარება დაბრუნებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 38-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

იბა „თ. 88-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი .......) დაუბრუნდეს თ. კ.-ის მიერ 02.07.2012 წელს N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150 ;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ვ. როინიშვილი