Facebook Twitter

საქმე №ა-1634-შ-34-2012 11 ივნისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ზ. ც-ი

წარმომადგენელი – ი. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ა-ი

დადგენილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – ნიდერლანდების არნემის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა განყოფილების 2006 წლის 14 სექტემბრის დადგენილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნიდერლანდების არნემის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა განყოფილების 2006 წლის 14 სექტემბრის დადგენილებით საქართველოში, ტ-ში .. წლის .. მაისს რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი თ. ა-ი და ზ. ც-ი განქორწინდნენ, მცირეწლოვანი შვილის, ა. ც-ის საცხოვრებლად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო მამას, დადგენილებით განსაზღვრული განრიგით, უფლება მიეცა შვილის მონახულებისა, მოსარჩელეს განქორწინების სამოქალაქო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ, ნება დაერთო არნემში, ..“RR, ჰ-ტ №8-1-ში მდებარე ბინის დაქირავებაზე და დადგენილების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებს მიენიჭა პირობითი ხასიათი.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ზ. ც-ის წარმომადგენელმა ი. კ-მ და მოითხოვა განქორწინების ნაწილში დასახელებული დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მხარეები საქმის განხილვის თაობაზე იყვნენ ინფორმირებული, ირკვევა ის გარემოება, რომ ორივე მათგანი ნიდერლანდების მოქალაქეა. შუამდგომლობაზე დართული, აპოსტილით დამოწმებული ნიდერლანდების ადმინისტრაციული ერთეულის – არნემის სამოქალაქო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ზ. ც-ი დაბადებულია ტ-ში, საბჭოთა კავშირში, ნიდერლანდების მოქალაქეა და მისი ყოფილი მოქალაქეობის თაობაზე უცნობია, განქორწინება კანონიერ ძალაშია .. წლის .. სექტემბრიდან და დასტურდება, რომ დადგენილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით შუამდგომლობის ავტორმა დამატებით წარმოადგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო ბარათის ასლი, რომლის თანახმადაც ზ. ც-ი დაბადებულია საქართველოში და დასტურდება, რომ ქორწინების რეგისტრაციის დროისათვის იყო საქართველოს მოქალაქე, ამასთანავე, განმარტა, რომ მხარე ფაქტობრივ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში იმყოფება ქ. ღ-სთან და ქორწინების რეგისტრაციის ხელისშემშლელია ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე არ არის ცნობილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 მაისის განჩინებით მოცემული შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად, რის თაობაზეც სათანადოდ ეცნობა მოწინააღმდეგე მხარეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ზ. ც-ის წარმომადგენელ ი. კ-ის შუამდგომლობა ნიდერლანდების არნემის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა განყოფილების 2006 წლის 14 სექტემბრის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ მხარეები საქმის განხილვის თაობაზე იყვნენ ინფორმირებული, ირკვევა ის გარემოება, რომ ორივე მათგანი ნიდერლანდების მოქალაქეა. შუამდგომლობაზე დართული, აპოსტილით დამოწმებული ნიდერლანდების ადმინისტრაციული ერთეულის – არნემის სამოქალაქო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ზ. ც-ი დაბადებულია ტ-ში, საბჭოთა კავშირში, ნიდერლანდების მოქალაქეა, განქორწინება კანონიერ ძალაშია .. წლის .. სექტემბრიდან და დადგენილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია, ასევე უტყუარად ირკვევა ის გარემოება, რომ ქორწინების რეგისტრაციის დროისათვის ზ.ც-ი საქართველოს მოქალაქე იყო.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით კი, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, ნიდერლანდების არნემის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა განყოფილების 2006 წლის 14 სექტემბრის დადგენილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ც-ის წარმომადგენელ ი. კ-ის შუამდგომლობა ნიდერლანდების არნემის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა განყოფილების 2006 წლის 14 სექტემბრის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ნიდერლანდების არნემის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა განყოფილების 2006 წლის 14 სექტემბრის დადგენილება, რომლითაც საქართველოში, ტ-ში .. წლის .. მაისს რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი თ. ა-ი და ზ. ც-ი განქორწინდნენ, მცირეწლოვანი შვილის, ა. ც-ის საცხოვრებლად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო მამას, დადგენილებით განსაზღვრული განრიგით, უფლება მიეცა შვილის მონახულებისა, მოსარჩელეს განქორწინების სამოქალაქო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ, ნება დაერთო არნემში, .. RR, ჰ-ტ №8-1-ში მდებარე ბინის დაქირავებაზე და დადგენილების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებს მიენიჭა პირობითი ხასიათი.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.