საქმე №ა-2906-შ-41-2011 21 ივნისი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - თ. შ-ი
წარმომადგენელი - გ. ტ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ფ. მ-ე
გადაწყვეტილებები, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს - გერმანიის ქ.ზულის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის, 2008 წლის 21 ნოემბრისა და 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებები
დავის საგანი - მშობლის ზრუნვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის ქ.ზულის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. შ-ს 1998 წლის 23 სექტემბერს დაბადებულ არასრულწლოვან ბავშვზე - ლ. მ-ზე ერთპიროვნულად გადაეცა მშობლის ზრუნვის უფლებები და მოვალეობები, ამავე გადაწყვეტილებით საქმის განხილვასთან დაკავშირებული სახელმწიფო ბაჟი მხარეებს დაეკისრათ თანაბარწილად, ხოლო დავის საგნის ღირებულება განისაზღვრა 3000 ევროს ოდენობით.
გერმანიის ქ.ზულის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2008 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების თაობაზე მოპასუხე მხარეს ეცნობა საჯარო გამოქვეყნების გზით, ხოლო 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით შესწორება შევიდა 2008 წლის 12 და 21 ნოემბრის გადაწყვეტილებებში.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა თ. შ-ის წარმომადგენელმა გ. ტ-მ და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილებების თანახმად, გერმანიის ქ.ზულის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრისა და 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებები შესულია კანონიერ ძალაში. დადგენილია, რომ 2004 წლიდან მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია, ხოლო უწყება საქმის განხილვის თაობაზე მას ჩაბარდა საჯარო გამოქვეყნების გზით. შუამდგომლობის ავტორის განმარტებითა და საქმეში წარმოდგენილი პასპორტის ასლების თანახმად, თ. შ-ი და ლ. მ-ე საქართველოს მოქალაქეები არიან, რის გამოც, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება სავალდებულოა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 სექტემბრის განჩინებით მოცემული შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ თ. შ-ის წარმომადგენელ გ. ტ-ის შუამდგომლობა გერმანიის ქ.ზულის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის, 2008 წლის 21 ნოემბრისა და 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გერმანიის ქ.ზულის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. შ-ს 1998 წლის 23 სექტემბერს დაბადებულ არასრულწლოვან ბავშვზე - ლ. მ-ზე ერთპიროვნულად გადაეცა მშობლის ზრუნვის უფლებები და მოვალეობები, ამავე გადაწყვეტილებით საქმის განხილვასთან დაკავშირებული სახელმწიფო ბაჟი მხარეებს დაეკისრათ თანაბარწილად, ხოლო დავის საგნის ღირებულება განისაზღვრა 3000 ევროს ოდენობით.
გერმანიის ქ.ზულის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2008 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების თაობაზე მოპასუხე მხარეს ეცნობა საჯარო გამოქვეყნების გზით, ხოლო 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით შესწორება შევიდა 2008 წლის 12 და 21 ნოემბრის გადაწყვეტილებებში.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილებების თანახმად, გერმანიის ქ.ზულის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრისა და 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებები შესულია კანონიერ ძალაში. დადგენილია, რომ 2004 წლიდან მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია, ხოლო უწყება საქმის განხილვის თაობაზე მას ჩაბარდა საჯარო გამოქვეყნების გზით. შუამდგომლობის ავტორის განმარტებითა და საქმეში წარმოდგენილი პასპორტის ასლების თანახმად, თ. შ-ი და ლ. მ-ე საქართველოს მოქალაქეები არიან, რის გამოც, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება სავალდებულოა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამართლებრივი დახმარება არ გაიწევა, თუ შუამდგომლობის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კანონმდებელმა განსაზღვრა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების სავალდებულო პირობა - ის უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებსა და ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ ძირითად სამართლებრივი პრინციპებს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის შუამდგომლობის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება თავისთავად ამ გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგის საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებას ნიშნავს და ამ შინაარსის შუამდგომლობა შესაძლოა გარკვეულწილად გაიგივებულ იქნას აღიარებით სარჩელთან, რომელიც ფორმალურად კანონის ყველა მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს, ხოლო სასამართლომ ამ აღიარების ნამდვილობა უნდა გამოარკვიოს და მისი საფუძვლიანობის საკითხის ანალიზის შედეგად მივიდეს დასკვნამდე მოთხოვნა მართებულია თუ არა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. მოცემული ნორმით კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება მხოლოდ მაშინაა დასაშვები, თუ მხარე დაადასტურებს, რომ ეს აღიარება სასამართლო წესით უნდა მოხდეს, უფრო ზუსტად კი, სასამართლო წესით უფლების აღიარების აუცილებლობა უნდა გამოირკვეს და ამ აღიარებას უნდა მოჰყვებოდეს სამართლებრივი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში თ.შ-ი მოითხოვს გერმანიის ქ.ზულის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას, რომლითაც მოპასუხე ფ.მ-ს საჯარო პუბლიკაციის გზით ეცნობა 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების თაობაზე. მოცემულ ნაწილში შუამდგომლობა, მართალია, ფორმალურად კანონთან შესაბამისია, თუმცა მისი დაკმაყოფილების საკითხის არსებითად შესწავლისას საკასაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობის ავტორი ამით რაიმე სამართლებრივ შედეგს ვერ მიაღწევს, არამედ ეს გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ და განხილულ იქნას როგორც ერთ-ერთი აუცილებელი მტკიცებულება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესის დაცვით გერმანიის ქ.ზულის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვის თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორს უარი უნდა ეთქვას გერმანიის ქ.ზულის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებაზე.
რაც შეეხება თ.შ-ის მოთხოვნას გერმანიის ქ.ზულის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებისა და 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებას, რომლითაც გასწორდა 2008 წლის 21 ნოემბრისა და 12 ნოემბრის გადაწყვეტილებებში დაშვებული უსწორობა, საკასაციო პალატა თვლის, რომ შუამდგომლობა აღნიშნულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი სახით: ცნობილ უნდა იქნას და მიექცეს აღსასრულებლად გერმანიის ქ.ზულის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გასწორდა უსწორობა გერმანიის ქ.ზულის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებაში, რადგანაც „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, გერმანიის ქ.ზულის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც ამავე სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებაში გასწორდა უსწორობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. შ-ის შუამდგომლობა გერმანიის ქ.ზულის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის, 2008 წლის 21 ნოემბრისა და 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად გერმანიის ქ.ზულის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში შუამდგომლობის ავტორს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.