საქმე №ა-616-შ-14-2012 21 ივნისი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ფინანსური დეპარტამენტი
მოწინააღმდეგე მხარე - ბ. თ-ე
განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს - მოსკოვის ქ.კიროვის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 სექტემბრის განაჩენი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მოსკოვის ქ.კიროვის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 სექტემბრის განაჩენით ბ. თ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და პასუხისმგებლობის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით. ამავე განაჩენით დაკმაყოფილდა პეროვსკის სარაიონთაშორისო პროკურორის სამოქალაქო სარჩელი და ბ.თ-ს აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის მოსკოვის საქალაქო ფონდის სასარგებლოდ დაეკისრა 11 573,96 რუბლის, ხოლო ქ.მოსკოვის ფინანსური დეპარტამენტის სასარგებლოდ – 59 027,20 რუბლის გადახდა.
მოსკოვის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 11 ნოემბრის საკასაციო განჩინებით ქ.მოსკოვის პეროვსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 სექტემბრის განაჩენი ბ. თ-ის მიმართ დარჩა უცვლელად, ხოლო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და მოითხოვა 59 027,20 რუბლის მსჯავრდებულისათვის დაკისრების ნაწილში ქ.მოსკოვის პეროვსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 სექტემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო განაჩენით დასტურდება, რომ ბრალდებული საქართველოს მოქალაქეა და საქმე განხილულ იქნა ღია სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა ასევე ბ.თ-ე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 თებერვლის განჩინებით მოცემულ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ მინსკის 1993 წლის კონვენციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების, ასევე „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაევალა: ა)ბ. თ-სათვის 59 027,20 რუბლის შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში ქ.მოსკოვის პეროვსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 სექტემბრის განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დადასტურება; ბ)ბ. თ-სათვის 59 027,20 რუბლის რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ფინანსურ დეპარტამენტის სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში ქ.მოსკოვის პეროვსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 სექტემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების აუცილებლობა. ხარვეზის გამოსწორებისათვის კი მხარეს საპროცესო ვადა განესაზღვრა 7 (შვიდი) დღით.
ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება გაეგზავნდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტს შუამდგომლობის ავტორისათვის დასასაცემად.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2012 წლის 21 მაისის მომართვითა და მასზე დართული შპს „ს. ფ-ის“ საერთაშორის ურთიერთობათა, ადმინისტრაციისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის წერილობითი პასუხით დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება რუსეთის ფედერაციის კომპეტენტურ ორგანოს ჩაბარდა 2012 წლის 12 აპრილს.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორს დადგენილი საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ფინანსური დეპარტამენტის შუამდგომლობა მოსკოვის ქ.კიროვის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 სექტემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და მოითხოვა 59 027,20 რუბლის მსჯავრდებულისათვის დაკისრების ნაწილში ქ.მოსკოვის პეროვსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 სექტემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 თებერვლის განჩინებით მოცემულ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ მინსკის 1993 წლის კონვენციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების, ასევე „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაევალა: ა)ბ. თ-სათვის 59 027,20 რუბლის შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში ქ.მოსკოვის პეროვსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 სექტემბრის განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის ფაქტის დადასტურება; ბ)ბ. თ-სათვის 59 027,20 რუბლის რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ფინანსურ დეპარტამენტის სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში ქ.მოსკოვის პეროვსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 სექტემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების აუცილებლობა. ხარვეზის გამოსწორებისათვის მხარეს საპროცესო ვადა განესაზღვრა 7 (შვიდი) დღით.
ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება გაეგზავნდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტს შუამდგომლობის ავტორისათვის გადასაცემად.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2012 წლის 21 მაისის მომართვითა და მასზე დართული შპს „ს. ფ-ის“ საერთაშორისო ურთიერთობათა, ადმინისტრაციისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის წერილობითი პასუხით დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება რუსეთის ფედერაციის კომპეტენტურ ორგანის ჩაბარდა 2012 წლის 12 აპრილს.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორს დადგენილი საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. დასახელებული ნორმა სასამართლოს უდგენს ალტერნატიულ ვალდებულებას, შეტყობინება ჩააბაროს უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს და აღნიშნულთაგან ერთ-ერთისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება საკმარის საფუძველს წარმოადგენს ამა თუ იმ საპროცესო ვადის დენის დასაწყებად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
ამდენად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 13 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 19 აპრილს. მხარეს აღნიშნული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, პალატა თვლის, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ფინანსური დეპარტამენტის შუამდგომლობა მოსკოვის ქ.კიროვის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 სექტემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ფინანსური დეპარტამენტის შუამდგომლობა თანხის დაკისრების ნაწილში მოსკოვის ქ.კიროვის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 სექტემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.