Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-910-855-2012 19 ივლისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – ე. პ-ი (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელზე – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. თ-ე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობა, კომპენსაციის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. პ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. თ-ის, ნ. უ-ის, დ. ბ-ის, ხ. ი-ისა და ე. თ-ის მიმართ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობის შესახებ.

ე. თ-მ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ე. პ-ისათვის კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 1 მარტის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება, საქმის წარმოება ნ. თ-ის, ნ. უ-ის, ხ. ი-ისა და დ. ბ-ის მიმართ შეწყდა სარჩელის გამოხმობის გამო.

ე. პ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ქ.თბილისში, ლ-ის ქ.№4/2-ში მდებარე სახლის ე. თ-ის კუთვნილ 3/20-ზე ყადაღის დადების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 მარტის განჩინებით ე. პ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და სადავო ქონებას დაედო ყადაღა.

2012 წლის 29 მარტს სასამართლოს საჩივრით მიმართა ე. თ-მ და მოითხოვა 2012 წლის 26 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინებით ე. თ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 მარტის განჩინება და არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ქ. თბილისში, ლ-ის ქ.№4/2-ში მდებარე ე. თ-ის (პირადი №...) საკუთრებაში არსებულ 3/20 ნაწილის უძრავ ქონებას ყადაღა მოეხსნა შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 1 მარტის საოქმო განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით:

ა) ე. თ-ე ვალდებულია, 2012 წლის 1 აპრილამდე ე. პ-ს გადაუხადოს 7875 (შვიდი ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარი;

ბ) ე. პ-ი ვალდებულია, ე. თ-ის მიერ თანხის სრულად გადახდის დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში გაათავისუფლოს თბილისში, ლ-ის ქუჩა 4/2 მისამართზე მდებარე სახლში მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომი და დატოვოს ხსენებულ მისამართზე მდებარე სახლი;

გ) ე. თ-ე იღებს ვალდებულებას განჩინების სარეზოლუციო ნაწილის „ა“ პუნქტში მითითებული ვადის განმავლობაში (2012 წლის 1 აპრილამდე) გადაუხადოს ე. პ-ს საექსპერტო კვლევისათვის გაწეული ხარჯის – 400 (ოთხასი) ლარის ნახევარი - 200 (ორასი) ლარი;

დ) ე. თ-ის მხრიდან განჩინების სარეზოლუციო ნაწილის „ა“ პუნქტში მითითებული ვალდებულების სრულყოფილად დადგენილ ვადაში (2012 წლის 1 აპრილამდე) შეუსრულებლობის შემთხვევაში ე. პ-ს უფლება აქვს, ე. თ-ს გადაუხადოს 2625 (ორი ათას ექვსას ოცდახუთი) ლარი და ამ თანხის გადახდის დღიდან ე. პ-ი მიიჩნევა ქ.თბილისში, ლ-ის ქუჩა 4/2 მისამართზე მდებარე საცხოვრებელ სახლში და ე. თ-ის საკუთრებად რეგისტრირებულ 3/20 (სამი მეოცედი) ნაწილში განთავსებული 18,07 (თვრამეტი მთელი შვიდი მეასედი) კვ.მ ფართის მესაკუთრედ;

ე) მხარეთა შორის ანგარიშსწორება (გადახდა) იწარმოებს საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანის გზით. შესაბამისად, მოსარჩელე ე. პ-ი ვალდებულია 7 კალენდარული დღის ვადაში საკუთარი საბანკო ანაგარიშის რეკვიზიტები შეატყობინოს ე. თ-ს. ასეთი შეტყობინების განხორციელება უნდა დადასტურდეს წერილობითი დოკუმენტით.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა ე. თ-ის მითითება, რომ მან მორიგების განჩინებით აღებული ვალდებულება შეასრულა სრულად და დადგენილ ვადაში - 2012 წლის 1 აპრილამდე, რაც დასტურდება საჩივარზე დართული ე. პ-ის საბანკო ანგარიშზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 1 მარტის საოქმო განჩინების აღსრულების მიზნით ე. თ-ის მიერ 2012 წლის 27 მარტს 8075 ლარის გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის ასლით. სალაროს შემოსავლის ორდერში გარკვევით არის აღნიშნული როგორც თანხის მიმღები, ისე გადახდის დანიშნულება. თანხა ჩარიცხულია თავად ედვარდ პეტრიაშვილის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 271-ე მუხლების, 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ე. თ-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 1 მარტის საოქმო განჩინებით აღებული ვალდებულება შეასრულა სრულად, დადგენილ ვადაში და მორიგების განჩინების უზრუნველყოფის მიზნით ქ.თბილისში, ლ-ის ქ.№4/2-ში მდებარე ე. თ-ის (პირადი №...) საკუთრებაში არსებულ 3/20 უძრავ ქონებაზე ყადაღის შენარჩუნების საფუძველი აღარ არსებობს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ე. პ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის პირველი ნაწილი და ისე გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომ აღნიშნულის მოტივებზე არ მიუთითებია. გასაჩივრებული განჩინების მოტივაცია შემოიფარგლება მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ტექსტის ციტირებით, რითაც დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლომ ვერ დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივნისის განჩინებით ე. პ-ის საჩივარი ამავე პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. პ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. ამავე კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 1 მარტის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება.

მოცემულ შემთხვევაში ე. პ-ი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს განჩინებას მის სასარგებლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 1 მარტის განჩინების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე.

სააპელაციო პალატამ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ ე. თ-მ საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 1 მარტის განჩინებით დადგენილი მორიგების პირობა შეასრულა და ე. პ-ის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე შეთანხმებულ ვადაში – 2012 წლის 27 მარტს ჩარიცხა 8075 ლარი, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ქვითრის ასლით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი აღარ არსებობს, აღნიშნული განჩინება ე. პ-ისათვის თანხის გადაცემის ნაწილში უკვე აღსრულებულია და სადავო ქონებას ყადაღა მართებულად მოეხსნა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მიღებულ იქნა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ე. პ-ს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. პ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილისა და 5 ივნისის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.