Facebook Twitter

საქმე №ას-601-567-2012 11 ივნისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – ქ. ფ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ფ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი – გზით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ფ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. ფ-ის მიმართ საერთო გზით სარგებლობის უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ქ. ფ-ს დაევალა ხელშეშლის აღკვეთა, საერთო სარგებლობის გზის გათავისუფლება და რკინის ალაყაფის მოხსნა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ფ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით ქ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამ საქმეზე მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ფ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მაისის განჩინებით ვ. ფ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.

2012 წლის 6 ივნისს სასამართლოს განცხადებით მომართა ქ. ფ-მა და წარმოადგინა დამატებითი მტკიცებულებები, კერძოდ: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 3 იანვრის №443 და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 4 ივნისის №09-1/903 საპასუხო მიმართვები მის განცხადებებზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო განცხადების საფუძვლიანობისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ფ-ის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მაისის განჩინებით ვ. ფ-ის საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინებით ვ. ფ-ის საკასაციო საჩივარზე სამართალწარმოება დასრულდა 2012 წლის 28 მაისს. ქ. ფ-მა კი, განცხადებითა და მასზე დართული მტკიცებულებებით სასამართლოს მომართა 2012 წლის 6 ივნისს, რაც ამ განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ფ-ის განცხადება დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლო განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.