საქმე№ას-584-552-2012 21 მაისი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ლ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ დ. გ-ი, ა. კ-ე, მ. გ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. გ-ისა და ა. კ-ის მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ნივთზე მესაკუთრედ ცნობა შემდეგი დასაბუთებით: ქ.თბილისში, გ-ის მე-.. მიკრორაიონში, 39-ე კორპუსში, მდებარე კომუნალური ფონდის №102 საცხოვრებელი სახლი ირიცხებოდა გლდანის რაიონის მმართველობის ფონდში. 1992 წლის 14 აპრილს მოსარჩელის დამ მ. გ-მა განახორციელა ბინის პრივატიზაცია და ლ. გ-ის თანხმობით დარეგისტრირდა მესაკუთრედ. მოსარჩელის თანხმობა არ ნიშნავდა ლ. გ-ის უარს მის თანასაკუთრებაზე. 2008 წლის 17 დეკემბერს მ. გ-მა სადავო ბინა გაასხვისა თავის შვილზე - დ. გ-ზე. შემდგომში აღნიშნული ბინა დ. გ-მა 2009 წლის 22 ივნისს ა. კ-ს მიჰყიდა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს, 2007 წლის 17 ნოემბერს მ. გ-სა და დ. გ-ს შორის, 2009 წლის 22 ივნისს დ. გ-სა და ა. კ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობას და ლ. გ-ის სადავო საცხოვრებელი ბინის ½ წილის მესაკუთრედ ცნობას.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ, ნივთის ნაკლის გამო, ხელშეკრულების მოშლის უფლება გააჩნია მხოლოდ მყიდველს, ამდენად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს გარიგების ბათილობა აღნიშნული საფუძვლით. გარიგების ბათილობის საფუძვლები ამომწურავად არის მოცემული სამოქალაქო კოდექსში, რასაც მოსარჩელე სარჩელში არ უთითებს. ლ. გ-ი მიიჩნევდა, რომ მას გააჩნდა უფლება სადავო ბინაზე, მას შეეძლო დაერეგისტრირებინა თავისი უფლება საჯარო რეესტრში. ა. კ-ე კეთილსინდისიერი შემძენია, რადგან ბინა უფლებამოსილი პირისგან შეიძინა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ლ. გ-ის სარჩელი მ. გ-ის, დ. გ-ისა და ა. კ-ის მიმართ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 17 ნოემბერს მ. გ-სა და დ. გ-ს შორის, 2009 წლის 22 ივნისს დ. გ-სა და ა. კ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, ამასთან, ლ. გ-ი ცნობილ იქნა საცხოვრებელი ბინის, მდებარე, ქ.თბილისში, გ-ის მე-.. მიკრორაიონი, კორპ.39, ბ.102 ½ წილის მესაკუთრედ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ.გ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 23 სექტემბრის განჩინებით წარდგენილი საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
2012 წლის 13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მომართა ლ. გ-ის წარმომადგენელმა ნ. ბ-მა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის განჩინებით წარდგენილი განცხადება დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: განმცხადებელი საქმის წარმოების განახლების საფუძვლად უთითებს საარქივო ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ ლ. გ-ი სადავო ბინაში, კერძოდ, გ-ის მასივის მე-.. მიკრორაიონის, 39-ე კორპუსში მდებარე, ბინა N102-ში რეგისტრირებულია 1990 წლიდან. განმცხადებელმა ასევე წარმოადგინა კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრები, იმის დასადასტურებლად, რომ ბინის გასხვისების შემდგომ კომუნალურ გადასახადებს იხდიდა არა ა. კ-ე, არამედ მ. გ-ი. განმცხადებელმა, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქმის წარმოების განახლება მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით. სააპელაციო პალატამ შეამოწმა ლ. გ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება დაუშვებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ვ” ქვეპუნქტის, 426-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის საპროცესოსამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, კერძოდ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის და 426-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის განმარტებიდან გამომდინარე, განცხადება დაუშვებელია, რადგან საარქივო ცნობა ლ. გ-ის სადავო ბინაში რეგისტრაციის (ჩაწერის) თაობაზე გაცემულია 2011 წლის 27 ივნისს, აღნიშნული ცნობა 2011 წლის 29 ივნისს ლ. გ-ის მიერ დართულია საკასაციო საჩივარზე მითითებული საქმის განხილვისას, ხოლო, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების მიზნით განცხადებით მომართა სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბერს. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების (საარქივო ცნობა) შესახებ მხარისათვის ცნობილი იყო და მან საქმის განხილვის დროს სასამართლოში წარადგინა, შესაბამისად, ახალ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა, რასაც თავადაც უთითებს საკასაციო საჩივარში. გარდა ამისა, არ არსებობს არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული განცხადების ერთთვიან ვადაში შეტანის თაობაზე დასაშვებობის წინაპირობა.
რაც შეეხება, დამატებითი მტკიცებულებების სახით კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრებს, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გამომდინარე იქიდან, რომ ლ. გ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი საარქივო ცნობის, როგორც ახალი მტკიცებულების წარმოდგენის საფუძვლით საქმის წარმოების განახლების ნაწილში, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის დასადასტურებლად კომუნალური გადასახადების მ. გ-ის მიერ გადახდის თაობაზე წარმოდგენილი მტკიცებულებები გავლენას ვერ მოახდენს დავის შედეგზე, აღიარებითი მოთხოვნის (ნასყიდობის ბათილად აღიარება) მიმართ იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო, შესაბამისად ლ. გ-ის განცხადება დასაშვები არ არის არც წარმოდგენილი გადასახადის ქვითრების, როგორც ახალი მტკიცებულებების საფუძვლით საქმის წარმოების განახლების ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. გ-მა შემდეგი დასაბუთებით: საქმის წარმოების განახლების მიზნით წარდგენილი მტკიცებულებები სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია საკმარისად და მიუთითა, რომ საარქივო ცნობა ლ.გ-ის რეგისტრაციის თაობაზე გაცემულია 2011 წლის 27 ივნისს და დართული იყო უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვისას საკასაციო საჩივარზე და არ წარმოადგენს ახალ მტკიცებულებას. ნასყიდობის ხელშეკრულება თავდაპირველად გაფორმდა მ.გ-ის შვილთან დ.გ-თან, ხოლო, ამ უკანაკსნელმა კი უძრავი ქონება ა.კ-ს მიჰყიდა. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ თუ ა.კ-ე სარგებლობდა და ფლობდა სადავო საცხოვრებელ ფართს კომუნალური გადასახადებიც თვითონ უნდა გადაეხადა. აღნიშნული მიუთითებს, რომ სახეზეა თვალთმაქცური გარიგება. აქედან გამომდინარე, საარქივო ცნობა და წარდგენილი კომუნალური გადასახადის ქვითრები სააპელაციო სასამართლოს უნდა მიეჩნია ახალ მტკიცებულებად და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა, მიზანშეწონილად მიიჩნევს, შეცვალოს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება.
ლ.გ-მა 2012 წლის 13 თებერვალს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება. საქმის წარმოების განახლების საფუძვლად კი, მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტზე, ხოლო მტკიცებულების სახით წარმოადგინა საარქივო ცნობა და კომუნალური გადასახადის ქვითრები.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ლ.გ-ს არც თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ 2012 წლის 13 თებერვლის განცხადებაში, რითაც ითხოვდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და საქმის წარმოების განახლებას და არც საკასაციო სასამართლოში წარდგენილ კერძო საჩივარში არაფერი მიუთითებია და, შესაბამისად, არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა საქმის განხილვის თავდაპირველ სტადიაზე - პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული მტკიცებულებების წარდგენის შეუძლებლობას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლი და მიუთითებს შემდეგზე: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა ყოველგვარი საფუძვლით, რომელზეც მხარე მიუთითებს, არამედ მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობის პირობებში. ამ ნორმით კანონი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა გააჩნია საქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების შემოწმებისას, ამასთანავე, კანონის მოთხოვნაა, რომ აღნიშნული გარემოებები და მტკიცებულებები არსებობდეს საქმის განხილვის დროს (გადაწყვეტილების გამოტანამდე) და არა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; ამ გარემოებებისა და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი უნდა გახდეს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მას თავისი ბრალის გარეშე არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიუთითოს ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
აღსანიშნავია, რომ განმცხადებელს კანონის ზემოაღნიშნული მუხლის დანაწესის შესაბამისად, არ მიუთითებია იმ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ და არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მან მტკიცებულებების - საარქივო ცნობისა და კომუნალური გადასახადის ქვითრების არსებობის შესახებ შეიტყო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომელიც, როგორც ლ.გ-ი უთითებს, ადასტურებს მოწინააღმდეგე მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების, როგორც, თვალთმაქცური გარიგების ბათილობას, და მას ამ მტკიცებულებების წარმოდგენა საქმის განხილვის დროს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ შეეძლო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლ. გ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის განჩინების გაუქმებასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.