ბს-503-89(კ-05) 13 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბ. კობერიძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება და მის კანონიერ უფლებებში აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 3 ნოემბერს აჭარის ა/რ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელვაჩაურის რაიონულმა განყოფილებამ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში განცხადება შეიტანა და ამავე სასამართლოს 2000წ. 7 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ნ. ქადაგიძე 1966წ. 26 აგვისტოს ყაზახეთის რესპუბლიკის ჩიმქენტის ოლქის, ლენინის რაიონის სოფ. ლენინსკაიაში დაბადებული, ამჟამად ხელვაჩაურის რაიონის სოფ. თხილნარში ცხოვრობდა. 2000წ. 22 თებერვალს ნ. ქ-ემ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა და მისი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება მოითხოვა, რაც ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ 2000წ. 7 მარტის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა, რომლის საფუძველზეც 45 ლარის ოდენობით პენსია დაენიშნა.
განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ნ. ქადაგიძის მამა ს. ქ-ე 1944 წელს საქართველოდან უზბეკეთის რესპუბლიკაში იქნა გასახლებული, საიდანაც სსრკ უმაღლესი საბჭოს 1956წ. 28 აპრილის დადგენილებით განთავისუფლდა თავის საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების უფლებით, თუმცა ის საქართველოში არ დაბრუნებულა და ყაზახეთის რესპუბლიკაში გააგრძელა ცხოვრება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 27 ნოემბრის განჩინებით აჭარის ა/რ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელვაჩაურის რაიონული განყოფილების განცხადების მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2000წ. 7 მარტის გადაწყვეტილება ნ. ქ-ის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და მისი დარღვეული უფლებების აღდგენის შესახებ. ამასთან, სასამართლომ საერთო სასარჩელო წესით განაახლა საქმის წარმოება და დაიწყო მისი მომზადება არსებითი განხილვისათვის.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ნ. ქ-ე აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად და აღდგენილ იქნა მის კანონიერ უფლებებში, ხოლო აჭარის ა/რ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელვაჩაურის რაიონულ განყოფილებას უარი ეთქვა ნ. ქადაგიძეზე პენსიის სახით გაცემული თანხის უკან დაბრუნებაზე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 25 აგვისტოს გადაწყვეტილება აჭარის ა/რ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელვაჩაურის რაიონულმა განყოფილებამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილბით აჭარის ა/რ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელვაჩაურის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 25 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ქ-ე დაიბადა 1966წ. 26 აგვისტოს ყაზახეთის რესპუბლიკაში. მოსარჩელის მამა ს. ქ-ე ოჯახთან ერთად უზბეკეთის რესპუბლიკაში 1944 წელს გადაასახლეს, ხოლო აღნიშნული სპეციალური დასახლების აღრიცხვიდან სსრკ 1956წ. 28 აპრილის ¹33/42 დადგენილების საფუძველზე მოიხსნა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ნ. ქ-ე დაიბადა მას შემდეგ, რაც მისი ოჯახი მოხსნილ იქნა სპეციალური დასახლების აღრიცხვიდან. ყაზახეთის რესპუბლიკის კახიგურსკის რაიონული არქივის მიერ გაცემულ ცნობაში მითითებული გარემოება, რომ 1969-1971 წლების ლენინის რაიონის ¹14 საოჯახო წიგნში ს. ქ-ის ოჯახის შემადგენლობაში ირიცხებოდა ნ. ქ-ე, არ შეიძლებოდა მიჩნეული ყოფილიყო იმის საფუძვლად, რომ მოსარჩელის მშობლებს სამშობლოში დაბრუნების უფლება და საშუალება არ მიეცათ, ხოლო სხვა მტკიცებულება, რომლის თანახმად, მოსარჩელის მშობლებს სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მიეცათ, საქმეში არ მოიპოვებოდა.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ნ. ქ-ე “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ პირთა კატეგორიას არ მიეკუთვნებოდა და იგი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო, შესაბამისად, უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა მისთვის, როგორც რეპრესირებული პირისათვის პენსიის დანიშვნის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ქ-ემ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და თვლის, რომ ნ. ქ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილბა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგს:
მოსარჩელე ნ. ქ-ის მამა ს. ქ-ე 1944 წელს საქართველოდან უზბეკეთის რესპუბლიკაში გადაასახლეს, საიდანაც სსრკ უმაღლესი საბჭოს 1956წ. 28 აპრილის ¹33/42 დადგენილების საფუძველზე განთავისუფლდა.
ასევე დადგენილია, რომ ნ. ქ-ის მშობლები განთავისუფლების შემდეგ საქართველოში არ დაბრუნდნენ, ისინი შუა აზიის, კერძოდ, ყაზახეთის რესპუბლიკაში აგრძელებდნენ ცხოვრებას, სადაც 1966წ. 26 აგვისტოს ნ. ქ-ე დაიბადა.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საქმის გნხილვისას სასამართლოს უნდა გაერკვია ს. ქ-ე სპეციალური დასახლების აღრიცხვიდან სსრკ 1956წ. 28 აპრილის ¹33/42 დადგენილების საფუძველზე მოხსნილ იქნა მშობლიურ მხარეში დაბრუნების უფლებით თუ დაბრუნების უფლების გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს თავისი ინიციატივითაც გამოითხოვოს მტკიცებულებები.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მოიხმობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებს და განმარტავს, რომ დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვის უფლება საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია, ეს უფლება ფაქტობრივი სასამართლოს კომპეტენციაა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული გარემოებები საჭიროებს დამატებით სრულყოფილად გამოკვლევასა და შეფასებას, რადგან სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევასა და შეფასებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას, რათა მოხდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება, დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვა და სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა და შეფასება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.