Facebook Twitter

Nა-2574-ა-14-2012 4 ივლისი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი - აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

წარმომადგენელი – ვ. (ბ.) კ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ბ. მ-ე

გასაჩივრებული განჩინება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მაისის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს სახელმწიფო აგრარულმა უნივერსიტეტმა სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ბ. მ-ის მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით 213 072 ლარის გადახდის მოთხოვნით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენელმა გაასაჩივრა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 თებერვლის საოქმო განჩინებით საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბ. მ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ 213 072 ლარის გადახდა დაეკისრა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბ. მ-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 მარტის განჩინებით ბ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მაისის განჩინებით აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული. ამავე დღეს აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ვ. კ-მა წარმოადგინა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და განმარტა, რომ აგრარული უნივერსიტეტის ყოფილი წარმომადგენელი – ლ. ჩ-ი სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას გაეცნო 2012 წლის 10 აპრილს. მიუხედავად ამისა, განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2012 წლის 2 მაისს (ვ. კ-სათვის განჩინების ჩაბარების დღეს), რადგან ლ. ჩ-ს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეწყვეტილი ჰქონდა 2012 წლის 30 მარტიდან. დაზუსტებულ საკასაციო საჩივარს ერთვის ლ. ჩ-ისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი დათარიღებული 2012 წლის 30 მარტით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მაისის განჩინებით აგრარული უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად, იმ საფუძვლით, რომ კასატორს გაშვებული ჰქონდა გასაჩივრებისათვის დადგენილი 21-დღიანი ვადა.

2012 წლის 15 ივნისს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ვ. (ბ.) კ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში განცხადება შემოიტანა. განმცხადებელმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ზემომითითებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. მხარემ წარმოდგინა ლ. ჩ-ის ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ 2012 წლის 10 აპრილს ჩაიბარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება, მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილება აგრარული უნივერსიტეტის კანცელარიაში ან ადმინისტრაციაში არ წარუდგენია. განცხადებას ასევე ერთვის აგრარული უნივერსიტეტის კანცლერ ი. თ-ის ცნობა, რომლის მიხედვითაც სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ლ. ჩ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება ადმინისტრაციის ან კანცელარიისთვის არ ჩაუბარებია და ლ. ჩ-სათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, განცხადება და თვლის, რომ აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენელ ვ. (ბ.) კ-ის განცხადება სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მაისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები.

იმავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ:

ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია;

ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება;

გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება;

დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა;

ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ;

ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას;

ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.

განსახილველ შემთხვევაში, მხარე მოცემული მუხლის „ვ“ ქვეპუნქტზე მიუთითებს, როგორც საქმის წარმოების განახლების საფუძველზე.

იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

აღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ დასრულებული საქმის წარმოების განახლება დაიშვება, თუ მოცემულ საქმეზე გამოვლინდება სსსკ-ის 423-ე მუხლში მითითებული ახლად აღმოჩენილი გარემოება. იმისათვის, რომ რომელიმე გარემოება ახლად აღმოჩენილად ჩაითვალოს, ლოგიკურად, მხარისათვის ან სასამართლოსათვის მისი არსებობის თაობაზე საქმის განხილვის დროს ცნობილი არ უნდა იყოს. ის გარემოება, რომ ლ. ჩ-მა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაიბარა და მას ამ დროისათვის უფლებამოსილება შეწყვეტილი ჰქონდა, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისათვის იმთავითვე იყო ცნობილი. სსსკ-ის 423-ე მუხლი ადგენს, რომ ვერც ერთი მტკიცებულება ახლად აღმოჩენილად ვერ ჩაითვლება და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება, თუ მხარეს საქმის განხილვის დროს მისი წარდგენის შესაძლებლობა ობიექტურად ჰქონდა. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს სრული შესაძლებლობა ჰქონდა სააპელაციო სასამართლოსათვის დროულად ეცნობებინა მისი წარმომადგენლისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, მას, აგრეთვე, ჰქონდა შესაძლებლობა საკასაციო სასამართლოში წარმოედგინა განცხადებაზე დართული მტკიცებულებები, რაც არ განუხორციელებია. რაც შეეხება ლილე ჩხეტიანისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ რექტორის ბრძანებას, აღნიშნული დოკუმენტის ასლი, რომელსაც საკასაციო სასამართლო სარწმუნო მტკიცებულებად ვერ მიიღებდა, მხარემ დაზუსტებულ საკასაციო საჩივართან ერთად წარმოდგინა, შესაბამისად, აღნიშნული, როგორც ახლად აღმოჩენილი გარემოება ვერაფრით შეფასდება. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს სრული შესაძლებლობა ჰქონდა განცხადებაზე დართული მტკიცებულებები საქმის განხილვის დროს არა მარტო საკასაციო, არამედ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც წარედგინა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ საქმის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლო, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენელ ვ. კ-ის განცხადების დაკმაყოფილებისა და საკასაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების ცნობის საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 430-ე, 423-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენელ ვ. (ბ.) კ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.