საქმე №ა-2771-შ-58-2012 25 ივლისი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ნ. შ-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ი-ა
განჩინება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის ოლქის ბოგუჩარსკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის განჩინება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის ოლქის ბოგუჩარსკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის განჩინებით მოსარჩელე ნ. შ-ს განცხადება სასამართლო ხარჯების ანაზღაურების თაობაზე, სამოქალაქო საქმეზე ნ. შ-ს სარჩელი მოპასუხეების – ვორონეჟის ოლქის ქ.ბოგუჩარის საქალაქო დასახლების ადმინისტრაციისა და ი. ი-ს მიმართ ვორონეჟის ოლქის ქ.ბოგუჩარის ადმინისტრაციის 1992 წლის 27 ნოემბრის №80 დადგენილების, ნ. კ-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის, ვორონეჟის ოლქის ქ.ბოგუჩარში, .. ო-ის ქ. №27-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ი. ი-ს სახელზე სახელმწიფო რეგისტრაციის ბათილად ცნობის, ვორონეჟის ოლქის ქ.ბოგუჩარში, .. ო-ის ქ. №27-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ½-ის მესაკუთრედ ნ. შ-ს ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ვორონეჟის ოლქის ქ.ბოგუჩარის საქალაქო დასახლების ადმინისტრაციას ნ. შ-ს სასარგებლოდ დაეკისრა დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად სასამართლო ხარჯების საადვოკატო მომსახურებისათვის 16625 რუბლის ოდენობით; ი. ი-ს ნ. შ-ს სასარგებლოდ დაეკისრა დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად სასამართლო ხარჯების წარმომადგენლის მომსხურებისათვის 33250 რუბლის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული სასამართლო ხარჯების დაკისრებას ეთქვა უარი. აღნიშნული განჩინება ი. ი-ს მიმართ თანხის დაკისრების ნაწილში კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 13 სექტემბერს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
ნ. შ-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის ოლქის ბოგუჩარსკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ირაიდა ისტრატოვას მიმართ თანხის დაკისრების ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ივლისის განჩინებით ნ. შ-ს შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის ოლქის ბოგუჩარსკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ი.ი-ს მიმართ თანხის დაკისრების ნაწილში მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ნ. შ-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის ოლქის ბოგუჩარსკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის განჩინებით მოსარჩელე ნ. შ-ს განცხადება სასამართლო ხარჯების ანაზღაურების თაობაზე, სამოქალაქო საქმეზე ნ. შ-ს სარჩელი მოპასუხეების – ვორონეჟის ოლქის ქ.ბოგუჩარის საქალაქო დასახლების ადმინისტრაციისა და ი. ი-ს მიმართ ვორონეჟის ოლქის ქ.ბოგუჩარის ადმინისტრაციის 1992 წლის 27 ნოემბრის №80 დადგენილების, ნ. კ-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის, ვორონეჟის ოლქის ქ.ბოგუჩარში, .. ო-ის ქ. №27-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ი. ი-ს სახელზე სახელმწიფო რეგისტრაციის ბათილად ცნობის, ვორონეჟის ოლქის ქ.ბოგუჩარში, .. ო-ის ქ. №27-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ½-ის მესაკუთრედ ნ. შ-ს ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ვორონეჟის ოლქის ქ.ბოგუჩარის საქალაქო დასახლების ადმინისტრაციას ნ. შ-ს სასარგებლოდ დაეკისრა დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად სასამართლო ხარჯების საადვოკატო მომსახურებისათვის 16625 რუბლის ოდენობით; ი. ი-ს ნ. შ-ს სასარგებლოდ დაეკისრა დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად სასამართლო ხარჯების წარმომადგენლის მომსხურებისათვის 33250 რუბლის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული სასამართლო ხარჯების დაკისრებას ეთქვა უარი. აღნიშნული განჩინება ი. ი-ს მიმართ თანხის დაკისრების ნაწილში კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 13 სექტემბერს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის ოლქის ბოგუჩარსკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის განჩინება ი. ი-ს მიმართ თანხის დაკისრების ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. შ-ს შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის ოლქის ბოგუჩარსკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ი. ი-ს მიმართ თანხის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის ოლქის ბოგუჩარსკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის განჩინება, რომლითაც ი.ი-ს ნ. შ-ს სასარგებლოდ დაეკისრა დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად სასამართლო ხარჯების – წარმომადგენლის მომსახურებისათვის 33250 რუბლის ანაზღაურება.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.