Facebook Twitter

საქმე №ა-2858-ა-16-2012 24 ივლისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი - კ. ვ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ბ. ქ-უ“ (შეგებებული სარჩელის ავტორი)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ნოემბრის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 17 სექტემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი - თავდაპირველ სარჩელში - ფაქტობრივად დამდგარი ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, შეგებებულ სარჩელში - სესხის ძირითადი თანხისა და ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. ვ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ქ. ბ-ის“ მიმართ დაკარგული გირავნობის საგნის რეალური საბაზრო ღირებულების - 399 775,44 აშშ დოლარის, მიუღებელი შემოსავლის - 133 110 აშშ დოლარის, ასევე ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 53 288 აშშ დოლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

სს „ბ. ქ-მ“ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს კ. ვ-ის მიმართ 2002 წლის 30 მაისს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე სესხის ძირითადი თანხის - 133 190 აშშ დოლარის, ასევე ფულადი ვალდებულების ვადის გადაცილებისათვის მინიმალური ზიანის - ვადის გადაცილებიდან, 2003 წლის ოქტომბრიდან 2007 წლის 1 ივნისამდე ერთდროულად 175 824 აშშ დოლარისა და 2007 წლის 1 ივნისიდან ვალდებულების შესრულებამდე ყოველთვიურად 3996 აშშ დოლარის, ასევე ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 12 360 აშშ დოლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით კ.ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სს „ბ. ქ-ს“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კ.ვ.ს სს „ბ. ქ-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის - 133 190 აშშ დოლარის გადახდა, მასვე დაეკისრა ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის კანონისმიერი პროცენტის, ერთდროულად 73 254,5 აშშ დოლარისა და 2007 წლის 1 ივნისიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე თვეში 1664,90 აშშ დოლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ვ-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ნოემბრის განჩინებით კ.ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ.ვ-მ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ასევე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით კ. ვ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კ. ვ-ისა და სს „ბ. ქ-ს“ სარჩელები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კ. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა 399 775 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში, სს „ბ. ქ-ს“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა 133 190 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის გზით კ. ვ-ს გადახდილად ჩაეთვალა 133 190 აშშ დოლარი და საბოლოოდ სს „ბ. ქ-ს“ კ. ვ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 266 585 (399 775 - 133 190) აშშ დოლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი და შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე პალატის 2008 წლის 10 სექტემბრის განჩინებით, სს „ბ. ქ-ს“ განცხადების საფუძველზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის იმ დროს მოქმედი რედაქციის საფუძველზე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმდა საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება, ხოლო 2008 წლის 17 სექტემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილისა და 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კ. ვ-ისა და სს „ბ. ქ-ს“ ერთობლივი განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებები და შეწყდა საქმის წარმოება მხარეთა მიერ თავიანთ სარჩელებზე უარის თქმის გამო.

კ. ვ-მ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 17 სექტემბრის განჩინების გაუქმება, ასევე საქმის წარმოების განახლება შემდეგი დასაბუთებით:

განმცხადებლის განმარტებით, საქმის წარმოების შეწყვეტისა და სარჩელზე უარის თქმის შესახებ განცხადებაზე კ.ვ-ის სახელით შესრულებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის, ის შესრულებულია სხვა პირის მიერ, რაც დასტურდება სსიპ „ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ივლისის განჩინებით კ.ვ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 17 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზეც ეცნობა მოწინააღმდეგე მხარეს კანონით დადგენილი წესით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კ.ვ-ის განცხადების საფუძვლიანობა და თვლის, რომ ის ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა, პირველ ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი ერთობლივი განცხადება სარჩელებზე უარის თქმის შესახებ სასამართლოში უშუალოდ კასატორს არ წარუდგენია, საქმის მასალებით აღნიშნული განცხადების საფუძვლიანობის მხარეთა დასწრებით განხილვის ფაქტი არ არის დადასტურებული. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მართალია, აღნიშნული გარემოება საქმის განხილვის წესის დარღვევისა თუ საკასაციო პალატის სადავო განჩინების უსაფუძვლოდ მიჩნევის წინაპირობას არ წარმოადგენს, თუმცა, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე დართული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: „გადაწყვეტა საკითხისა, ხელმოწერა, კ. ვ-ის სახელით (ტექსტის სახით), განლაგებული: ერთობლივ განცხადებაზე, სარჩელებზე უარის თქმის შესახებ, 25.07.08. წლის თარიღით, მარცხენა მხარეს სიტყვები „კ. ვ-ის“ ქვემოთ, შესრულებულია თუ არა კ. ვ-ის მიერ, შეუძლებელია ნიმუშების ვარიაციულობისა და უხარისხობის გამო (წარმოდგენილი ხელმოწერების თავისუფალი ნიმუშები არის მოკლე ტრანსკრიფციის განსხვავებით გამოსაკვლევი ხელმოწერისაგან და განცხადებების ხელნაწერი ტექსტები კი არის ქსეროასლები)“.

ექსპერტი აღნიშნული დასკვნის გაკეთების საფუძვლად ჩატარებულ კვლევაში მიუთითებს შემდეგს:

ხელმოწერის გამოკვლევითა და შედარებით კ. ვ-ის ხელწერისა და ხელმოწერების ნიმუშებთან დადგენილ იქნა თანადამთხვევები ხელის საერთო და შემდეგი ვარიანტის კერძო ნიშნებში: ა) კონსტრუქციული აგებულება ასო „უ“-ს და „ბ“-ს შესრულებისას; ბ) მოძრაობის შეფარდებითი განფენილობა ასო „ძ“-ს მე-2 ელემენტის შესრულებისას ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად შემცირებული;

დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, თანადამთხვევებთან ერთად გამოვლინდა განსხვავებები: გაქანებაში (ნიმუშებში საშუალოზე დიდი) და შემდეგი ვარიანტის კერძო ნიშნებში: ა)კონსტრუქციული აგებულება ასოების: „რ“-ს და „დ“-ს შესრულება გამოსაკვლევში ორელემენტიანი ვარიანტი, ნიმუშებში სამელემენტიანი; ბ)მოძრაობის საწყისი წერტილის განლაგება ასო „ვ“-ს შესრულებისას გამოსაკვლევი ნიმუშებისაგან განსხვავებით შემხებია პირველი ელემენტის შუა ნაწილთან;

კვლევის შედეგად გამოვლენილი ცალკეული თანადამთხვევები და განსხვავებული ნიშნების მოცულობა არ არის საკმარისი რაიმე კატეგორიული, დადებითი ან უარყოფითი დასკვნისათვის, ვინაიდან მათ აქვთ დაბალი საიდენტიფიკაციო მნიშვნელობა და არ ქმნიან პირისათვის დამახასიათებელ ნიშანთა ერთობლიობას, ეს აიხსნება შემდეგი გარემოებით: თანადამთხვევები ატარებენ ჯგუფურ ხასიათს ე.ი. ისინი გვხვდება მრავალ პირთა ხელნაწერებში. განსხვავებული ნიშნების არსებობა ვერ იქნა ახსნილი ერთგვაროვნად: ისინი შეიძლება გამოწვეული იყოს შემსრულებელი პირის ხელწერის ვარიაციულობით, რომელიც ვერ გამოვლინდა წარმოდგენილ ნიმუშებში. მეტი საიდენტიფიკაციო ნიშნების გამოვლენა ვერ მოხერხდა ნიმუშების ვარიაციულობისა და უხარისხობის გამო.

საკასაციო პალატა აღნიშნული მტკიცებულების, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე და 105-ე მუხლებით დადგენილი წესით შეფასების შედეგად ასკვნის, რომ ის მართალია კატეგორიული ხასიათის დასკვნას არ წარმოადგენს, თუმცა ამ მიმართებით, პალატა ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებად მიჩნევის თაობაზე საკასაციო პალატის 2012 წლის 9 ივლისის განჩინება კ.ვ-ის განცხადებასა და ექსპერტის დასკვნასთან ერთად გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს საქმეში არსებულ მისამართზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მოთხოვნათა განუხრელი დაცვით ჩაბარდა საზოგადოების კანცელარიას 2012 წლის 11 ივლისს, სს „ბ. ქ-ს“ კი არც სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში და არც მოგვიანებით განცხადების წინააღმდეგ თუნდაც წერილობითი შეპასუხება არ წარუდგენია, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მის უფლებას წარმოადგენდა, ხოლო ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, ერთი მხრივ, მიუთითებს ხელმოწერის ნიმუშებს შორის არსებულ დამთხვევებზე, ხოლო, მეორე მხრივ, მათ შორის არსებულ სხვაობაზე, ამასთან, კატეგორიული დასკვნის გაცემაზე უარი იმ საფუძვლით ითქვა, რომ კვლევის ნიმუშები არასაკმარისი იყო, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს კ.ვარდუკაძის განცხადების საფუძვლიანად მიჩნევის წინაპირობა.

პალატა ყურადღებას გაამახვილებს განმცხადებელის მიერ საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მითითებულ სამართლებრივ გარემოებაზე: კ.ვ-ე განცხადებით საქმის წარმოების განახლებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მოითხოვს. დასახელებული ნორმის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია. ამავე ნორმის მე-2 ნაწილი კი, დოკუმენტის სიყალბის საფუძველზე საქმის წარმოების განახლებას დასაშვებად მიიჩნევს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, თუმცა საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო გარემოების შეფასებაში სასამართლო შეზღუდული არ არის, რაც ნიშნავს სასამართლოს უფლებამოსილებას, თავად განახორციელოს სადავო გარემოების სამართლებრივი კვალიფიკაცია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კ.ვ-ის განცხადება, სამართლებრივი თვალსაზრისით, საქმის წარმოების განახლების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შემადგენლობას ქმნის, რომლის თანახმადაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე შემდეგ გარემოებაზე: საქმეში წარმოდგენილი განცხადებით, რომლის საფუძველზეც შეწყდა წარმოება, კ.ვ-სთან ერთად შეგებებულ სარჩელზე უარი თქვა ასევე სს „ბ. ქ-მ“. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ განმცხადებელი მოითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების გაუქმებას, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით საქმის წარმოების განახლების საფუძველი მხოლოდ კ.ვ-ის მიერ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში იკვეთება, ამასთანავე, საწინააღმდეგოს არსებობის შემთხვევაშიც კი, განმცხადებელი არ არის უფლებამოსილი სს „ბ. ქ-ს“ ნაცვლად მოითხოვოს შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს კ.ვ-ის განცხადების სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 431-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საქმე, რომელზედაც ეს გადაწყვეტილება იყო გამოტანილი, თავიდან უნდა იქნეს განხილული საქმეთა განხილვის შესახებ ამ კოდექსით დადგენილი წესით. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 17 სექტემბრის განჩინება უნდა გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც კახაბერ ვარდუკაძის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო შეწყდა საქმის წარმოება, ხოლო, ვინაიდან კ.ვ-ის საკასაციო საჩივარი ამავე სასამართლოს 2008 წლის 21 მარტის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაშვებადაა მიჩნეული, საქმის წარმოება უნდა განახლდეს საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვის ეტაპიდან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, კ. ვ-ის საკასაციო საჩივარი განხილულ იქნას ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ. ვ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 17 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 17 სექტემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც კ.ვ-ის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო შეწყდა მოცემული საქმის წარმოება და კ. ვ-ის საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვის ეტაპიდან განახლდეს საქმის წარმოება.

3. დანარჩენ ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 17 სექტემბრის განჩინება დარჩეს ძალაში.

4. კ. ვ-ის საკასაციო საჩივრის განხილვა დაინიშნოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც ეცნობოთ მხარეებს.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.