საქმე №ა-492-შ-11-2012 6 ივლისი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე
შუამდგომლობის ავტორი – სს „პ-ი“ (AS „P.“)
წარმომადგენელი – ი. დ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ-ა“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ქ.რიგის გაერთიანებული სამედიატორო სასამართლოს 2011 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქ.რიგის გაერთიანებული სამედიატორო სასამართლოს 2011 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ლ-ს“ დაუწესდა იძულებითი გადახდის წესი, იძულებითი გადახდევინების შეუძლებლობის შემთხვევაში, დაეწესა სოლიდარულად გადასახადი ვ. ლ-ს სს „პ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა:
1. გაცემული და გადაუხდელი კრედიტის ძირითადი თანხის – 525000,00 ხუთას ოცდახუთი ათასი) აშშ დოლარის ანუ LVL 258300,00 (ორას ორმოცდათვრამეტი ათას სამასი) ლატის გადახდა;
2. გამოანგარიშებული და გადაუხდელი პროცენტები კრედიტით სარგებლობისას 82669,82 (ოთხმოცდაორი ათას ექვსას სამოცდაცხრა აშშ დოლარისა და 82 ცენტის) ანუ LVL 40673,55 ლატის გადახდა;
3. პირგასამტეხლოს, კრედიტის ძირითადი თანხის დაგვიანებით გადახდასთან დაკავშირებით 186375,00 (ას ოთმოცდაექვსი ათას სამას სამოცდათხუთმეტი აშშ დოლარისა და 00 ცენტის) ანუ LVL 91696,50 ლატის გადახდა;
4. პირგასამტეხლოს, პროცენტის დაგვიანებით გადახდასთან დაკავშირებიტ 82669,82 (ოთმოცდაორი ათას ექვსას სამოცდაცხრა აშშ დოლარისა და ოთმოცდაორი ცენტის) ანუ LVL 40673,55 ლატის გადახდა
5. სამედიატორი სასამართლო პროცესის ხარჯები, მათ შორის სამართალწარმოების პროცესის ანაზღაურება LVL 3185,74 ლატის ოდენობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა მისი მიღების დღეს – 2011 წლის 14 სექტემბერს.
სს „პ-ის“ წარმომადგენელმა ი. დ-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ქ.რიგის გაერთიანებული სამედიატორო სასამართლოს 2011 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 თებერვლის განჩინებით სს „პ-ის“ წარმომადგენელ ი. დ-ის შუამდგომლობა ქ.რიგის გაერთიანებული სამედიატორო სასამართლოს 2011 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ სს „პ-ის“ წარმომადგენელ ი. დ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ქ.რიგის გაერთიანებული სამედიატორო სასამართლოს 2011 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ლ-ს“ დაუწესდა იძულებითი გადახდის წესი, იძულებითი გადახდევინების შეუძლებლობის შემთხვევაში, დაეწესა სოლიდარულად გადასახადი ვ. ლ-ს სს „პ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა:
1. გაცემული და გადაუხდელი კრედიტის ძირითადი თანხის – 525000,00 ხუთას ოცდახუთი ათასი) აშშ დოლარის ანუ LVL 258300,00 (ორას ორმოცდათვრამეტი ათას სამასი) ლატის გადახდა;
2. გამოანგარიშებული და გადაუხდელი პროცენტები კრედიტით სარგებლობისას 82669,82 (ოთხმოცდაორი ათას ექვსას სამოცდაცხრა აშშ დოლარისა და 82 ცენტის) ანუ LVL 40673,55 ლატის გადახდა;
3. პირგასამტეხლოს, კრედიტის ძირითადი თანხის დაგვიანებით გადახდასთან დაკავშირებით 186375,00 (ას ოთმოცდაექვსი ათას სამას სამოცდათხუთმეტი აშშ დოლარისა და 00 ცენტის) ანუ LVL 91696,50 ლატის გადახდა;
4. პირგასამტეხლოს, პროცენტის დაგვიანებით გადახდასთან დაკავშირებით 82669,82 (ოთმოცდაორი ათას ექვსას სამოცდაცხრა აშშ დოლარისა და ოთმოცდაორი ცენტის) ანუ LVL 40673,55 ლატის გადახდა;
5. სამედიატორი სასამართლო პროცესის ხარჯები, მათ შორის სამართალწარმოების პროცესის ანაზღაურება LVL 3185,74 ლატის ოდენობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა მისი მიღების დღეს – 2011 წლის 14 სექტემბერს და ლატვიის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 731-ე მუხლის თანახმად საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით უფლებამოსილ სასამართლოდ ითვლება საქართველოს უზენაესი სასამართლო.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში შპს „ლ-ს“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წარმოდგენილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებას უნდა ეთქვას უარი, რადგან მათთვის არ იყო ცნობილი საარბიტრაჟო განხილვის თაობაზე და საარბიტრაჟო გადაწყვეტილება სცილდება საარბიტრაჟო შეთანხმების ფარგლებს, რადგან გადაწყვეტილებაში მოხსენიებული იპოთეკის შესახებ ხელშეკრულება №1 (24 ივნისი 2008 წელი) საერთოდ არ არის კავშირში საარბიტრაჟო დავის საგანთან, რითაც დარღვეულია „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის „ა.გ.“ და „ა.დ“ ქვეპუნქტი.
აღნიშნულთან მიმართებაში საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის „ა.გ“ ქვეპუნქტის თანახმად იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილი იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე მხარეს შეიძლება უარი ეთქვას, თუ მხარე არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვა საპატიო მიზეზების გამო ვერ მიიღო მონაწილეობა საარბიტრაჟო განხილვაში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მასალებიდან, მხარეთა-ახსნა-განმარტებიდან და ქ.რიგის გაერთიანებული სამედიატორო სასამართლოს 2011 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ შპს „ლ-სათვის“ ცნობილი იყო საარბიტრაჟო პროცესის თაობაზე, რაც დასტურდება შპს „ლ-ს“ მიერ საარბიტრაჟო პრეტენზიაზე შესაგებლისა და მასალების წარმოდგენით. 2011წლის 26 აგვისტოს 16-30-ზე სასამართლო სხდომაზე მოპასუხის (შპს „ლ-ს“) გამოუცხადებლობის გამო საარბიტრაჟო საქმის განხილვა გადაიდო 2011 წლის 14 სექტებერს 16-30-ზე, რაც ეცნობა შპს „ლ-ს“ დაზღვეული წერილით (ფოსტის გზავნილზე ხელს აწერს უფლებამოსილი პირი). ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია, რომ შპს „ლ-ს“ ჰყავს ორი დირექტორი (ვ. ლ-ა, გენერალური დირექტორი და შ. ა-ე, დირექტორი), რომლებიც ინფორმირებული იყვნენ სასამართლო სხდომის თაობაზე, რაც ასევე მითითებულია ქ.რიგის გაერთიანებული სამედიატორო სასამართლოს 2011 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებაში. შესაძლებელია საარბიტრაჟო განხილვის თაობაზე შეტყობინება შ. ა-ს პირადად არ ჩაბარდა, მაგრამ მეორე დირექტორისათვის (ვ. ლ-სათვის) სასამართლო სხდომის თაობაზე შეტყობინების ფაქტს შპს „ლ-ს“ წარმომადგენლები სადავოდ არ ხდიდნენ (არც განცხადებაში და არც საქმის ზეპირი განხილვის დროს პრეტენზიას არ გამოთქვამდნენ).
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების დამაბრკოლებელი წინაპირობები.
საკასაციო პალატა, ასევე განმარტავს, რომ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის „ა.დ“ ქვეპუნქტის თანახმად იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე მხარეს შეიძლება უარი ეთქვას, თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც არ იყო გათვალისწინებული საარბიტრაჟო შეთანხმებით ან ეხება საკითხს, რომელიც სცილდება საარბიტრაჟო შეთანხმების ფარგლებს. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე მხარეს შეიძლება უარი ეთქვას მთლიანად ან მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც სცილდება საარბიტრაჟო შეთანხმების ფარგლებს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს განსახილველი ნორმით გათვალისწინებული წინაპირობები, რაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველი გახდებოდა.
გასათვალისწინებელია, რომ ქ.რიგის გაერთიანებული სამედიატორო სასამართლოს 2011 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია იპოთეკის შესახებ ხელშეკრულება №1 (24 ივნისი 2008 წელი). ამასთან ერთად, საკასაციო სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტების და საქმეში არსებული მასალების საფუძველზე ადგენს, რომ მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების საგანს არ წარმოადგენდა ზემოაღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულება. ასევე, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტს, რომ მითითებული ხელშეკრულება არც განხორციელებულა და არც მისი შესრულების არანაირი წინაპირობა არ არსებობს.
მიუხედავად ამისა, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქ.რიგის გაერთიანებული სამედიატორო სასამართლოს 2011 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება არ ეხება სადავო იპოთეკის ხელშეკრულებას, რადგან გადაწყვეტილება არ იქნა გამოტანილი იპოთეკის შესახებ №1 (24 ივნისი 2008 წელი) ხელშეკრულებასთან ან ამ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ ქონებასთან მიმართებაში. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ქ.რიგის გაერთიანებული სამედიატორო სასამართლოს 2011 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე, რომელიც არ ადგენს იპოთეკის შესახებ №1 (24 ივნისი 2008 წელი) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონების რეალიზაციას. საარბიტრაჟო სასამართლომ გადაწყვიტა მხოლოდ მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხი.
ამდენად, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის „ა.დ“ ქვეპუნქტი ეხება მხოლოდ ისეთ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმ დავის შესახებ, რაც არ იყო გათვალისწინებული საარბიტრაჟო შეთანხმებით ან ეხება საკითხს, რომელიც სცილდება საარბიტრაჟო შეთანხმების ფარგლებს, ანუ, ეხება შემთხვევებს, როდესაც სასამართლომ გადაწყვიტა საკითხი, რომელიც არ იყო გათვალისწინებული საარბიტრაჟო შეთანხმებით, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არა აქვს.
ასევე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქ.რიგის გაერთიანებული სამედიატორო სასამართლოს 2011 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს („არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი). საჯარო წესრიგი წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტურ პრინციპს და გამოიყენება, როგორც კოლიზიური ნორმის შეზღუდვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.
კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ გაამახვილა ყურადღება შემდეგ საკითხზე, კერძოდ, ხომ არ ეწინააღმდეგება ქ.რიგის გაერთიანებული სამედიატორო სასამართლოს 2011 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 301-ე მუხლის 11 ნაწილის დადგენილ დანაწესს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის 301-ე მუხლის 11ნაწილის თანახმად მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
განსახილველი ნორმების არსი იმაში მდგომარეობს, რომ კრედიტორი დაკმაყოფილებულად უნდა ჩაითვალოს იმ შემთხვევაშიც თუ რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად. აღნიშნული ნორმებით განსაზღვრულია მოვალის ქონებრივი პასუხისმგებლობის ფარგლები და შესაბამისად, კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია, რომ განსახილველი ნორმები ატარებენ დისპოზიციურ ხასიათს და აღნიშნული წესის შეცვლა დამოკიდებული მხარეთა შეთანხმებაზე.
საკასაციო პალატა, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ შპს „ლ-ს“ წარმომადგენლები არც განცხადებაში და არც სასამართლო სხდომაზე არ აცხადებდნენ პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი პასუხისმგებლობას კისრულობდნენ მხოლოდ მოთხოვნის უზრუნველყოფის შეთანხმებების ფარგლებში, რომლის მტკიცების ტვირთი აკისრია შპს „ლ-ს“. მათი პრეტენზია, ქონებრივ საკითხთან მიმართებაში, შემოიფარგლებოდა მხოლოდ იპოთეკის შესახებ №1 (24 ივნისი 2008 წელი) ხელშეკრულებასთან მიმართებაში, რაზედაც სასამართლომ იმსჯელა (იხ. ზემოთ).
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ დასძენს, რომ ქ.რიგის გაერთიანებული სამედიატორო სასამართლოს 2011 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ ითვალისწინებს მხარეთა შორის 2008 წლის 11 მარტს დადებული მოთხოვნის უზრუნველყოფის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციის საფუძველზე მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ამდენად მითითებული გადაწყვეტილება არ ეხება მოთხოვნის უზრუნველყოფის ხელშეკრულებებს.
ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 301-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული დანაწესები ეხება შემთხვევებს, როდესაც გირავნობის საგნის ან იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის. ანუ უნდა არსებობდეს პირველი, უზრუნველყოფილი ნივთის რეალიზაციის ფაქტი, (რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს) და, მეორე, ამონაგები თანხა საკმარისი არ უნდა იყოს უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად (რომლის მიმართებაშიც შპს „ლ-ა“ არ დავობს).
ამდენად, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ ქ.რიგის გაერთიანებული სამედიატორო სასამართლოს 2011 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი მოთხოვნის უზრუნველყოფად დატვირთული ქონებიდან დაკმაყოფილება; გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 301-ე მუხლის 11 ნაწილით დადგენილ დანაწესს, რადგან არ არსებობს მოთხოვნის უზრუნველყოფად დატვირთული ქონების რეალიზაციის ფაქტი და, განსახილველი ნორმების დისპოზიციური ხასიათიდან გამომდინარე შპს „ლ-ს“ წარმომადგენლები არ დავობენ იმაზე, რომ მოდავე მხარეთა შორის 2008 წლის 11 მარტის საკრედიტო ხელშეკრულება ითვალისწინებდა მხოლოდ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონებიდან დაკმაყოფილებას. ასევე ამ გადაწყვეტილების გამოტანისას არ იყო დარღვეული მხარის უფლება, მონაწილეობა მიეღო საქმის ზეპირ განხილვაში.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოებების საფუძველი. ამდენად, ქ.რიგის გაერთიანებული სამედიატორო სასამართლოს 2011 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 731-ე მუხლით, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „პ-ის“ წარმომადგენელ ი. დ-ის შუამდგომლობა ქ.რიგის გაერთიანებული სამედიატორო სასამართლოს 2011 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ქ.რიგის გაერთიანებული სამედიატორო სასამართლოს 2011 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ქ.რიგის გაერთიანებული სამედიატორო სასამართლოს 2011 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ლ-ს“ დაუწესდა იძულებითი გადახდის წესი, იძულებითი გადახდევინების შეუძლებლობის შემთხვევაში, დაეწესა სოლიდარულად გადასახადი ვ. ლ-ს სს „პ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა:
1. გაცემული და გადაუხდელი კრედიტის ძირითადი თანხის – 525000,00 ხუთას ოცდახუთი ათასი) აშშ დოლარის ანუ LVL 258300,00 (ორას ორმოცდათვრამეტი ათას სამასი) ლატის გადახდა;
2. გამოანგარიშებული და გადაუხდელი პროცენტები კრედიტით სარგებლობისას 82669,82 (ოთხმოცდაორი ათას ექვსას სამოცდაცხრა აშშ დოლარისა და 82 ცენტის) ანუ LVL 40673,55 ლატის გადახდა;
3. პირგასამტეხლოს, კრედიტის ძირითადი თანხის დაგვიანებით გადახდასთან დაკავშირებით 186375,00 (ას ოთმოცდაექვსი ათას სამას სამოცდათხუთმეტი აშშ დოლარისა და 00 ცენტის) ანუ LVL 91696,50 ლატის გადახდა;
4. პირგასამტეხლოს, პროცენტის დაგვიანებით გადახდასთან დაკავშირებიტ 82669,82 (ოთმოცდაორი ათას ექვსას სამოცდაცხრა აშშ დოლარისა და ოთმოცდაორი ცენტის) ანუ LVL 40673,55 ლატის გადახდა;
5. სამედიატორი სასამართლო პროცესის ხარჯები, მათ შორის სამართალწარმოების პროცესის ანაზღაურება LVL 3185,74 ლატის ოდენობით.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.