საქმე №ას-1004-940-2012 23 ივლისი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ქ. ლ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ლ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ლ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. ლ-ის მიმართ ქ.თბილისში, დ. მ-ის მე-.. კვარტალში მდებარე №7ა კორპუსის მე-3 სადარბაზოში მდებარე 26,67 კვ.მ სარდაფის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ა. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ლ-ის წარმომადგენელმა გ. ო-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ივნისის განჩინებით ქ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-60 მუხლის მეორე ნაწილზე და დადგენილად მიიჩნია შემდეგი: სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 27 მაისს და ამოიწურა 2012 წლის 11 ივნისს. აპელანტმა სააპელაციო საჩივარი ფოსტის საშუალებით წარადგინა 2012 წლის 12 ივნისს, რითაც დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადა. აღნიშნული გარემოება კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე და 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად იქნა მიჩნეული.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ქ. ლ-ის წარმომადგენელმა გ. ო-მ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება არასწორია, რადგანაც კანონის მოთხოვნათა დაცვით აპელანტი სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად 2012 წლის 23 მაისს, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 26-ე დღეს გამოცხადდა, თუმცა იგი არ გადასცემია, მოსამართლის თანაშემწის განმარტებით, მხარის განცხადება მას სასამართლო კანცელარიის მეშვეობით, რეზოლუციადადებული უნდა გადასცემოდა და მხოლოდ ამის შემდგომ შეძლებდა მოპასუხე გადაწყვეტილების ჩაბარებას. მიუხედავად სარჩელზე წარდგენილი შესაგებლის მითითებისა, მოპასუხეს სასამართლო დოკუმენტები გადასცემოდა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, საქალაქო სასამართლოს არც ფოსტით, ელექტრონული ან სხვა საშუალებით არ გადასცემია, მიუხედავად მხრის წერილობითი მოთხოვნისა, საქალაქო სასამართლომ 2012 წლის 27 აპრილის დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეს მხოლოდ 2012 წლის 30 მაისს ჩაბარდა. მოპასუხის წარმომადგენელი ტელეფონის მეშვეობით უკავშირდებოდა მოსამართლის თანაშემწეს და სასამართლოში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მხარის წარმომადგენელი გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ეცნობა, რომ გადაწყვეტილების ჩაბარება შესაძლებელი იყო. ამდენად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2013 წლის 31 მაისს, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა გასაჩივრების ვადის დენიდან მე-13 დღეს, 2012 წლის 12 ივლისს. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ მხარეს მოცემული სამოქალაქო დავის განხილვის მიმართ იურიდიული ინტერესი გააჩნდა, რადგანაც თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილებოდა ადმინისტრაციული საქმე თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე, სადაც მხარეებად ასევე იყვნენ მიწვეული ქ.ლ-ე და ა.ლ-ი, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას წარდგენილ იქნა ის ექსპერტიზის დასკვნა, რასაც მოცემულ საქმეზე დაეყრდნო სასამართლო, თუმცა ადგილზე დათვალიერებისა და მტკიცებულებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიღო კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. სააპელაციო საცივრის განუხილველად დატოვებით, ქ.ლ-ის მიმართ დაირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლითა და 21-ე მუხლით გარანტირებული უფლებები, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი, რომელსაც „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, მეტი იურიდიული ძალა გააჩნია, ასევე დაირღვევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით აღიარებული უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ლ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საქმის მასალებით დადასტურებულია შემდეგი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 აპრილის სხდომას, სადაც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდა ქ. ლ-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი გ. ო-ძე.
საქმეში წარმოდგენილი გ.ო-ის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის შესწავლით დასტურდება, რომ მარწმუნებელმა მას მიანიჭა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილებანი, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, ხოლო მინდობილობის მოქმედების ვადა 2013 წლის 17 ნოემბრითაა განსაზღვრული (იხ. ტ.I, ს.ფ.60).
საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 23 მაისით დათარიღებული განცხადებით დადასტურებულია, რომ მოპასუხის უფლებამოსილი წარმომადგენელი საქალაქო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 26-ე დღეს გამოცხადდა, თუმცა მან ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ 2012 წლის 30 მაისს, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 33-ე დღეს ჩაიბარა.
საქმის მასალებით დადასტურებულია და არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ სააპელაციო საჩივარი შპს „...“ ფოსტის მეშვეობით გაიგზავნა სასამართლოში 2012 წლის 12 ივნისს.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით კი დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
აღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქ. ლ-ე (მისი უფლებამოსილის წარმომადგენელი) უფლებამოსილი იყო საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაებარებინა 2012 წლის 17 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით და ამ ვადის დაცვით მხარის მიერ გადაწყვეტილების ჩაბარების დღის მომდევნო დღიდან დაიწყებოდა გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დენა. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის გამო, საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 27 მაისიდან და, ვინაიდან, მისი ბოლო დღე, 9 ივნისი ემთხვეოდა დასვენების დღეს, შაბათს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამოიწურა 2012 წლის 11 ივნისს. საქმის მასალებით კი დადასტურებულია, რომ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა 2012 წლის 12 ივნისს, 14-დღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების უტყუარი წინაპირობაა.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მან გადაწყვეტილება სასამართლოს ბრალით ვერ ჩაიბარა კანონით გათვალისწინებულ ვადაში და სწორედ ამან განაპირობა საპროცესო ვადის დარღვევა. აღნიშნული გარემოება, საქმის მასალებით არ არის დადასტურებული, ის ფაქტი, რომ მხარემ ვადაში მიმართა სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე, არ ათავისუფლებს მას იმის მტკიცების ტვირთისაგან, რომ მან თავადვე არ დააბრკოლა გადაწყვეტილების ჩაბარება, კანონმდებელი ზემოაღნიშნული ნორმით კუმულატიურად განსაზღვრავს როგორც დადგენილი ვადის დაცვით სასამართლოსათვის მიმართვის, ისე ამ ვადის დაცვით გადაწყვეტილების ჩაბარების აუცილებლობას. საყურადღებოა, რომ კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრების გაზიარების შემთხვევაშიც კი, არ არსებობს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგანაც მითითებულს არაარსებითად აქცევს საქმეში წარმოდგენილი ხელწერილი, რომელიც დათარიღებულია სწორედ 2012 წლის 23 მაისით და აღნიშნულია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა ჩაიბარა 2012 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება. აღნიშნული მტკიცებულების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შესწავლის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს ბრალით მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაუბარებლობა არ არის დადასტურებული, რაც შეეხება კერძო საჩივარში მითითებულ მოსამართლის თანაშემწის განმარტებაზე, აღნიშნული სასამართლოს შიდასტრუქტურული საქმიანობაა და მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემაზე უარის თქმას არ ადასტურებს.
საკასაციო პალატა კერძო საჩივრის იმ საფუძველთან მიმართებით, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გადაწყვეეტილ საქმეზე მოცემული საქმისაგან განსხვავებული გარემოებები იქნა დადგენილი, განმარტავს შემდეგს: როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება არ არის კანონიერ ძალაში შესული, ამასთანავე, საწინააღმდეგოს არსებობის შემთხვევაშიც კი, ამ ეტაპზე საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი ვერ იქნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე.
ასევე დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის არგუმენტი საქართველოს კონსტიტუციითა თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით აღიარებულ უფლებათა დარღვევის თაობაზე, რადგანაც უფლების სასამართლო წესით დაცვა, თავისი არსით, მართალია, აბსოლუტურ უფლებას განეკუთვნება, თუმცა ამ სფეროში ლეგიტიმურ ჩარევას წარმოადგენს კანონმდებლობითვე დადგენილი შეზღუდვები, რაც თავად მოდავე მხარის ინტერესშია, მოცემულ შემთხვევაში, ასეთ ჩარევას, კანონმდებლის მიერ საპროცესო მოქმედების განხორციელებისათვის ვადის დაწესება და მისი მოდავე მხარის მიერ დაცვის აუცილებლობა წარმოადგენს. იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარემ (მისმა წარმომადგენელმა) დაარღვია ზემოაღნიშნული ვადა, უდავოდ გამორიცხავს კერძო საჩივრის არგუმენტის გაზიარების შესაძლებლობას, რომ მხარის მიმართ დაირღვა გარანტირებული სასამართლო წესით სადავოდ ქცეული უფლების დაცვისა თუ სასამართლოსათვის მიმართვის უფლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის არსებითად სწორი განმარტებით უთხრა უარი ქ.ლ-ს სააპელაციო საჩივრის დაშვებაზე, შესაბამისად, წარმოდგენილი კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელი და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახამად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ქ. ლ-ის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საკითხი გაზიარებულ იქნა საკასაციო პალატის მიერ, ხოლო გასაჩივრებული განჩინებით აპელანტს არ დაბრუნებია სააპელაციო საჩივრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამავე განჩინებით ქ. ლ-ს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშიდან მთლიანად უნდა დაუბრუნდეს გ. ო-ის (დეპოზიტის ბონუსი) მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში 2012 წლის 11 ივნისის №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. ქ. ლ-ს (პ/№...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) გ. ო-ის (დეპოზიტის ბონუსი) მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში 2012 წლის 11 ივნისის №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარი.
4. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
5. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე