№ას-1013-949-2012 31 ივლისი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: Pპაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ა. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები – ზ. გ-ე, შ. შ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სანოტარო აქტის ბათილად ცნობა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 მაისის განჩინებით ა. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. კ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. ამავდროულად, კასატორმა იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ივლისის განჩინებით ა. კ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 1250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
2012 წლის 19 ივლისის განჩინებით კასატორს, მისივე განცხადების საფუძველზე, გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით.
2012 წლის 31 ივლისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ა. კ-მ. მან განცხადებას თან დაურთო 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან საამისოდ გარკვეული ვადის მიცემა, რამდენადაც ეკონომიური მდგომარეობის გამო იგი ვერ ახერხებს თანხის სრულად გადახდას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი შუამდგომლობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. კ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ივლისის განჩინებით ა. კ-ს დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 1250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე სასამართლოს 2012 წლის 19 ივლისის განჩინებით კასატორს, მისივე განცხადების საფუძველზე, გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კასატორმა წარმოადგინა განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების ან მათი ოდენობის შემცირების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, რის გამოც მას არა აქვს საშუალება წინასწარ გადაიხადოს სასამართლო ხარჯები. ამ გარემოების დადასტურების ტვირთი ეკისრება თვითონ მხარეს, რომელიც ითხოვს სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადებას.
მოცემულ შემთხვევაში, კასატორი შუამდგომლობს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე ეკონომიური მდგომარეობის გამო. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები კასატორს არ წარმოუდგენია, რაც მის მოვალეობას წარმოადგენდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე-103-ე მუხლების შესაბამისად. ამდენად, კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს ასევე კასატორის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, კასატორს ერთხელ უკვე გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა, ხოლო, წარმოდგენილი განცხადება არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსების შეუძლებლობის შესახებ და არც ახალი მტკიცებულებებია წარმოდგენილი, რომლებიც კასატორის მძიმე ქონებრივ მდგომარეობას დაადასტურებდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორის წარმომადგენელს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (...) სატელეფონო შეტყობინებით 2012 წლის 23 ივლისს, რაც ითვლება სასამართლო გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე და 73.1 მუხლების შესაბამისად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 24 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 30 ივლისს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 374.3 მუხლების შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. კ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. ა. კ-ის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
3. ა. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
4. ა. კ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. ჭ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარი;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.