Facebook Twitter

№ას-1018-954-2012 23 ივლისი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ნ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები – ე. ხ-ე, კ. ჩ-ი, გ. ს-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება

დავის საგანი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო კრების ოქმების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 პრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეების: ე. ხ-ის, კ. ჩ-ისა და გ. ს-ის სარჩელი მოპასუხეების – მ. მ-ის და ნ. გ-ის მიმართ: ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 10 ოქტომბერს შედგენილი, ქ.ქუთაისში, რ-ის ქ.№95-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეთა ამხანაგობა „შ-ს“ კრების №5 და №6 ოქმები (ტომი 1, ს.ფ. 174-191).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება (ტომი 1, ს.ფ. 181-189).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მაისის განჩინებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,შ-ა” მდებარეობს ქ.ქუთაისში, რ. გ-ის №95-ში. იგი დაფუძნდა 2007 წლის 3 სექტემბერს ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის დამფუძნებელი კრების მიერ. ამხანაგობა ,,შ-ს” თავმჯდომარედ არჩეულ იქნა მ. მ-ი. კრებამ განსაზღვრა, რომ ამხანაგობას ჰყოლოდა საკონსულტაციო საბჭო 5 კაცის შემადგენლობით. საკონსულტაციო საბჭოს წევრებად არჩეულ იქნენ: მ. მ-ი, გ. კ-ე, დ. უ-ე, მ. კ-ი და ი. ჩ-ე. სადამფუძნებლო კრების ოქმში მითითებულია, რომ სახლში ირიცხება 56 ერთეული ბინა;

2011 წლის 9 მარტს ჩატარდა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,შ-ს” საერთო კრება. კრებაზე განხილულ იქნა 3 საკითხი: 1) ამხანაგობის თავმჯდომარის გადარჩევა და ახალი არჩევნების ჩატარება; 2) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა შ-ს კრების №3 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც 29 კვ.მ. საერთო სარგებლობის ფართი გადაეცა ნ. გ-ს; 3) რ-ის ქ.№95-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის მეორე სადარბაზოს შესასვლელის მარჯვენა მხარეს მიშენების ქვემოთ საერთო საკუთრებაში არსებული თავისუფალი ფართის საერთო სარგებლობისათვის დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

კრებას ესწრებოდა 31 მესაკუთრე. კრების გადაწყვეტილებით მ. მ-ი გადარჩეულ იქნა ამხანაგობის თავმჯდომარეობიდან. ახალი არჩევენების ჩატარება გადაწყდა 30 კალენდარული დღის შემდეგ. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,შ-ს” კრების №3 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც 29 კვ.მ გადაცემული იყო ნ. გ-ზე. კრების გადაწყვეტილებით ფართი დარჩა საერთო საკუთრებაში;

2011 წლის 10 აპრილს, ჩატარდა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,შ-ს” საერთო კრება, რომელზეც ამხანაგობის თავმჯდომარედ სამი წლის ვადით არჩეულ იქნა კ. ჩ-ი. საკონსულტაციო საბჭოს წევრებად არჩეულ იქნენ დ.უ-ე, მ.ს-ი და გ.კ-ე. კრებას ესწრებოდა ამხანაგობის 31 წევრი. თავმჯდომარის გადარჩევისა და ახალის არჩევის საკითხს, ასევე სადაო ფართის საერთო საკუთრებაში დატოვებას დაეთანხმა და თანხმობა ხელის მოწერით დაადასტურა 24 წევრმა;

2011 წლის 13 მაისს ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,შ-ს” 2011 წლის 10 აპრილის კრების ოქმი №5 წარდგენილ იქნა საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურში, სადაც განხორციელდა პროგრამა ,,კ-ის” მონაცემთა ბაზაში ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,შ-ს” თავმჯდომარის მონაცემთა ცვლილება. კრების ოქმის საფუძველზე პროგრამა ,,კ-ის” მონაცემთა ბაზაში ამხანაგობის თავმჯდომარედ ნაცვლად მ. მ-ისა დარეგისტრირდა კ. ჩ-ი;

2011 წლის 10 ოქტომბერს ჩატარდა ამხანაგობის საერთო კრება. კრებაზე მოწვეულ იქნენ უქიმერიონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები რ. თ-ე და მ. ნ-ი. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების განმარტებით კრებაზე იხილებოდა საკითხი ამხანაგობის მიწის ნაკვეთის საზღვრებთან დაკავშირებით. კრება დაწყებიდან რამდენიმე წუთში გადაიზარდა ქაოსში, რადგანაც კრების წევრებს შორის წარმოიშვა კონფლიქტური სიტუაცია. კრებაზე სიტუაცია დაიძაბა მ. მ-ისა და კ. ჩ-ის კამათის გამო. ისინი დავობდენ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის, მ. მ-ის ღვაწლზე და ამხანაგობის საერთო საკუთებაში არსებული ფართების გასხვისების საკითხებზე. ამის გამო, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა და ამხანაგობის რიგმა წევრებმა დატოვეს კრება და წავიდნენ. კრების დასრულების შემდეგ შედგენილ იქნა ორი სხვადასხვა შინაარსის ოქმი, კერძოდ №5 და №6 ოქმი;

№5 ოქმში დღის წესრიგად მითითებულია 5 საკითხი, კერძოდ:1) ბინის საზღვრების დადგენის პროექტი; 2) 2011 წლის 10 აპრილს ჩატარებული კრების ბათილად ცნობა; 3) მოწვეული მმართველის კ. ჩ-ის გადარჩევა და ახალი თავმჯდომარის არჩევა; 4) ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევა; 5) მესაკუთრე ნ. გ-სათვის მისი საცხოვრებელი ფართის ქვეშ არსებული 29 კვ.მ მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემა. ოქმში მითითებულ იქნა, რომ კრებას ესწრებოდა 26 წევრი, რაც შეადგენს 2/3 წევრზე მეტს. ოქმის მიხედვით კრების მოწვევის ინიციატორს წარმოადგენდა მ. მ-ი. მ. მ-მა კრების თავმჯდომარედ დაასახელა ი. ბ-ო. ოქმის მიხედვით დღის წესრიგში არსებული ხუთი საკითხიდან კრებამ იმსჯელა სამ საკითხზე, კერძოდ, კრების მიერ ამხანაგობის თავმჯდომარეობიდან გადაყენებულ იქნა კ. ჩ-ი, ახალ თავმჯდომარედ სამი წლის ვადით არჩეულ იქნა მ. მ-ი;

2011 წლის 10 ოქტომბრის მეორე ოქმით კრებას თავმჯდომარეობდა ამხანაგობის თავმჯდომარე მ. მ-ი. დღის წესრიგს წარმოადგენდა სამი საკითხი: 1) მიწის ნაკვეთის დამტკიცებული პროექტი; 2) 2011 წლის 10 აპრილს ჩატარებული კრების ბათილად ცნობა; 3) მესაკუთრე ნ. გ-სათვის მისი საცხოვრებელი ფართის ქვეშ არსებული 29 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა. ოქმში მითითებულ იქნა, რომ კრებამ მიიღო გადაწყვეტლება ბათილად ყოფილიყო ცნობილი 2011 წლის 10 აპრილს ჩატარებული კრების ოქმი, ასევე ნ. გ-ს საკუთრებაში გადაცემოდა მისი საცხოვრებელი ფართის ქვეშ არსებული 29 კვ.მ მიწის ნაკვეთი;

2012 წლის 25 ოქტომბერს (კრების ჩატარებიდან 15 დღის შემდეგ) მ. მ-მა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა „შ-ს“ 2011 წლის 10 ოქტომბრის კრების ოქმი №5 წარადგინა საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურში და მოითხოვა პროგრამა ,,კ-ის” მონაცემთა ბაზაში ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა „შ-ს“ თავმჯდომარის მონაცემთა ცვლილების განხორციელება. მისი განცხადების და კრების ოქმის საფუძველზე, პროგრამა ,,კ-ის” მონაცემთა ბაზაში ამხანაგობის თავმჯდომარედ ნაცვლად კ. ჩ-ისა დარეგისტრირდა მ. მ-ი. ნ. გ-მ ამხანაგობა ,,შ-ს” 2011 წლის 10 ოქტომბრის №6 ოქმი წარადგინა საჯარო რეესტრში და დარეგისტრირდა დასახელებული ფართის მესაკუთრედ;

ე. ხ-მ, კ. ჩ-მა და გ. ს-მა მიიჩნიეს, რომ ამხანაგობა ,,შ-ს” 2011 წლის 10 ოქტომბრის №5 და №6 ოქმი, რომლითაც არჩეულ იქნა ამხანაგობის ახალი თავმჯდომარე და ამხანაგობის საერთო სარგებლობის 29 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა ნ. გ-ს, უკანონო იყო. მათ სარჩელი აღძრეს ნ. გ-ის, მ. მ-ისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს ამხანაგობა ,,შ-ს” 2011 წლის 10 ოქტომბრის №5 და №6 ოქმის ბათილად ცნობა, აგრეთვე, საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება.

მთავარ სხდომაზე მოსარჩელეებმა საჯარო რეესტრის ნაწილში საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე აღძრული სარჩელი გაითხოვეს, რის გამოც საოქმო განჩინებით ამ ნაწილში სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული.

სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას გამოიყენა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის 1-ლი მუხლითაც დადგენილია, ეს კანონი არეგულირებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ფორმებსა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საკუთრების ფორმებს, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმოშობის, ჩამოყალიბების, საქმიანობისა და ლიკვიდაციის ძირითად სამართლებრივ პირობებს. ამავე კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთი, სახლის ნაწილი და ის შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საინჟინრო ქსელები, მოწყობილობები, რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) წარმოადგენს. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას შეიძლება ჰქონდეს წესდება, რომელშიც განისაზღვრება: ა) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესები; ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარების წესები; გ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა რეგულარული ხარჯებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარებასთან დაკავშირებული დამატებითი სადანახარჯო შენატანების ოდენობა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად; დ) სამეურნეო გეგმის მიღებისა და შესრულების წესები; ე) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების გასხვისების, გაქირავების, იჯარით გაცემის, დაგირავების, აგრეთვე, სერვიტუტისა თუ სხვაგვარი უფლების სხვა პირებისათვის გადაცემის წესები; ვ) სესხის აღებისა და გაცემის წესები; ზ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შეძენის წესები; თ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევისა და გათავისუფლების წესები; ი) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვის ფუნქციების მოწვეული მმართველისთვის გადაცემის წესი; კ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა რაოდენობა თორმეტს არ აღემატება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდებას იღებენ ხმათა 3/4-ით, ხოლო ყველა დანარჩენ შემთხვევაში – ხმათა 2/3-ით. თუ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში მიღებულ არ იქნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობა ხორციელდება ამ კანონის V თავით დადგენილი წესებით, ვიდრე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები არ მიიღებენ ახალ წესდებას. ამხანაგობის თავმჯდომრის არჩევის, ამხანაგობის ქონების განვითარების, მათ შორის გასხვისების საკითხი უნდა გადაწყდეს იმ წესის მიხედვით, რაც ამხანაგობის წესდებითაა დადგენილი. წესდების მიღება ამხანაგობის უფლებამოსილებაა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „შ-ს” წევრთა რაოდენობა თორმეტს აღემატებოდა, ამიტომ წესდება უნდა მიღებულიყო ხმათა 2/3-ით. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხემ წარადგინა წესდება, რაც სადავო გახადეს მოსარჩელეებმა. მოპასუხემ ვერ წარადგინა მტკიცებულება, რომ წესდება ამხანაგობის კრების მიერ იყო მიღებული ხმათა 2/3-ის თანხმობით, ამიტომ სასამართლომ იგი არ მიიჩნია ამხანაგობის ,,შ-ს” წესდებად, შესაბამისად, დადგენილად მიიჩნია, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ ამხანაგობა ,,შ-ს” წესდება არ მიუღია, ამიტომ ამხანაგობის ქონების განკარგვის დროს უნდა გამოყენებულიყო კანონის მე-5 თავით დადგენილი წესები.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი ნაწილით „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობას უძღვება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით ამხანაგობის თავმჯდომარე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებასთან შეთანხმებით უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების გასხვისებას, გაქირავებას, იჯარით გაცემას, დაგირავებას, აგრეთვე სერვიტუტისა თუ სხვაგვარი უფლებით სხვა პირებისათვის გადაცემას. კანონის 27-ე მუხლის 1-3-ე და მე-5-ე ნაწილების მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებას იწვევს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე წელიწადში ერთხელ მაინც. აღნიშნული წესი ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები არ მიიღებენ წესდებას ან თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. თუ თავმჯდომარე არ არის, ან იგი თავისი მოვალეობის საწინააღმდეგოდ თავს არიდებს კრების მოწვევას, კრება შეიძლება მოიწვიოს ნებისმიერმა მესაკუთრემ, თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კრება მოიწვევა დაუყოვნებლივ. კრებას უძღვება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე, თუ კრება სხვა რამეს არ გადაწყვეტს.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ 2011 წლის 10 ოქტომბერს ჩატარდა ამხანაგობა ,,შ-ს” კრება. 10 ოქტომბერს ამხანაგობის წევრები კრების ჩასატარებლად შეიკრიბნენ ერთჯერ, თუმცა საქმეში წარდგენილი იყო და მხარეებმაც დაადასტურეს, რომ ერთხელ შეკრებილმა კრებამ მიიღო ორი, შინაარსით ერთმანეთისაგან განსხვავებული, სხვადასხვა გადაწყვეტილება. მტკიცებულებათა ანალიზით ორჯერ კრების ჩატარების ფაქტი არ დგინდებოდა. საქმეში წარდგენილი ერთი და იგივე თარიღის ორი ოქმიდან დროში წინ უსწრებდა №5 ოქმი, სადაც მითითებულია, რომ კრების მოწვევის ინიციატორია მ. მ-ი. №6 ოქმშიც კრების ინიციატორად მითითებულია მ. მ-ი. დადგინდა, რომ მ. მ-ი ამხნაგობის წევრი არ იყო. 2011 წლის 10 ოქტომბრისათვის, ანუ კრების ჩატარების დღესაც იგი ამხანაგობის თავმჯდომარეს არ წარმოადგენდა, შესაბამისად ის არ იყო უფლებამოსილი რაიმე საკითხთან დაკავშირებით მოეწვია კრება. მის მიერ კრების მოწვევა ეწინააღმდეგებოდა ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით დადგენილ წესს, რომლის მიხედვითაც კრების მოწვევის უფლება ჰქონდა ამხანაგობის თავმჯდომარე კ. ჩ-ს ან რომელიმე სხვა მესაკუთრეს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, უნდა მიჩნეულიყო, რომ კრება მოწვეული იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კრების მოწვევის შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს უნდა ეცნობოთ წერილობით. კრების მოწვევისა და ჩატარების პროცესში სავალდებულოა ამხანაგობის წევრთა ინფორმირება განსახილველი საკითხების შესახებ. ინფორმირების მიზანია მხარეთა სათანადო მომზადება ამხანაგობის წინაშე დასმულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად. ასეთი ინფორმირება დასაშვებია მხოლოდ წერილობითი ფორმით. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის თანახმად, ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 2/3. თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე ხელმეორედ იწვევს კრებას იმავე დღის წესრიგით. ეს კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მონაწილეთა რაოდენობის მიუხედავად, რომლის შესახებაც უნდა აღინიშნოს კრების მოწვევისას. კანონის 28-ე მუხლის 4-5-ე ნაწილების შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ მესაკუთრეს აქვს ერთი ხმა. თუ ბინას რამდენიმე მესაკუთრე ჰყავს, მათ შეუძლიათ ხმის უფლება მხოლოდ ერთობლივად გამოიყენონ. თუ მესაკუთრეს აქვს რამდენიმე ბინა, მას აქვს ბინათა რაოდენობის შესაბამისი ხმები. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა ხმების ნახევარზე მეტით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის. კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილით ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები მოცემული საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა ე. ხ-ის, კ. ჩ-ის და გ. ს-ის სარჩელი, რადგან მიიჩნია, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეთა ამხანაგობა „შ-ს“ 2011 წლის 10 ოქტომბრის №5 და №6 ოქმი ეწინააღმდეგებოდა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. შესაბამისად, ორივე ოქმი სწორად იქნა ცნობილი ბათილად (ტომი 2, ს.ფ. 48-74).

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება ნ. გ-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნებას შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით:

სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. აპელანტი მოითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების არამარტო სამართლებრივი, არამედ ფაქტობრივი თვალსაზრისით შემოწმებას. ამ მიზნით მან სასამართლოში წარადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, ასევე, ქ.ქუთაისში, რ-ის №95-ში მცხოვრები და ამავე მისამართზე დაფუძნებული ამხანაგობის წევრების სრული სია. რეესტრის მიერ გაცემულ ცნობაში საუბარია 44 საკუთრების ობიექტზე. ეს ცნობა ასახავდა 2012 წლის მაისის თვეში ამხანაგობის წევრთა შემადგენლობას. აღნიშნული უნდა გამხდარიყო მსჯელობის საგანი, რამდენადაც №4 კრების ოქმით არჩეული ამხანაგობის თავმჯდომარე კ. ჩ-ი თავის უფლებამოსილებას ადასტურებდა კრების ოქმით, რომელშიც მითითებულია, რომ თითქოს ამხანაგობის წევრების რაოდენობა შეადგენს 48-ს. უფრო მეტიც, ამხანაგობის დამფუძნებელ კრების №1 ოქმში მითითებულია, რომ ამხანაგობის წევრების რაოდენობაა 51. სწორედ ამ ბოლო მონაცემით იხელმძღვანელა პირველი ინსტანციის სასამართლომ, როცა ჩათვალა, რომ №5 და №6 კრებებს არ ესწრებოდა ამხანაგობის წევრთა 2/3. ამდენად, ნათელია, რომ 2011 წლის 10 აპრილის №5 კრების ოქმით არჩეული კ. ჩ-ი წარმოადგენს არაუფლებამისლ პირს, რადგან აღნიშნულ კრების ოქმს ხელს არ აწერენ სათანადო ხმის უფლების მქონე ამხანაგობის წევრები, ამასთან, ოქმზე გაკეთებულია სხვა პირების ხელმოწერები, რომლებიც ხმის უფლებით არ სარგებლობენ. ამ მიზეზით, მოპასუხეს შეტანილი აქვს სამოქალაქო სარჩელები 2011 წლის 9 მარტის №4 და 2011 წლის 10 აპრილის №5 კრების ოქმების ბათილად ცნობის შესახებ (ტომი 2, ს.ფ. 77-84).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ნ. გ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.