საქმე №ას-1026-961-2012 23 ივლისი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ტ. კ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ. კ-მ და ტ. კ-მ სარჩელი აღძრეს სასამართლოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით მოსარჩელე ჯ. კ-ს სასარგებლოდ 1410 ლარის, ხოლო ტ. კ-ის სასარგებლოდ 1410 ლარისა და როგორც ს. კ-ის უფლებამონაცვლისთვის - 4300 ლარის ანაზაღაურების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელეების განმარტებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე საწარმოთა მართვის სააგენტოს ქმედებით განხორციელდა სს „ვ. კ-ის“ რეორგანიზაცია. წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 მაისის განჩინებით დასრულდა სს „ვ. კ-ის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება, ამოღებულ იქნა „ვ. კ-ის“ ქონება და მის ბაზაზე შეიქმნა შპს „ვ. 2005“. მოპასუხისათვის ცნობილი იყო საზოგადოების დებუიტორული დავალიანების თაობაზე, კერძოდ, წყალტუბოს რაიონულის სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით სს „ვ. კ-ისათვის“ დაკისრებული ზიანის ანაზღაურების შესახებ და მან უკანონო რეორგანიზაციით მოსარჩელეებს მიაყენა ზიანი. აღნიშნული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:
მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება საქმის მასალებით არ დასტურდება, მოსარჩელეების მიერ ის სამართლებრივი ღონისძიებები, რომლებიც გატარდა სს „ვ. კ-თან“, შემდგომში შპს „ვ. კ-თან“ მიმართებაში, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, რეალაქტების, კრების ოქმებისა თუ სასამართლო დადგენილებების სახით, მოსარჩელეების მიერ სადავოდ არ გამხდარა, ისინი არც ძალადაკარგულად და არც ბათილადაა ცნობილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით ჯ. კ-სა და ტ. კ-ის, ასევე ს. კ-ის უფლებამონაცვლე ტ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 აპრილის განჩინებით ჯ. კ-ს სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, ამავე პალატის 2012 წლის 29 მაისის განჩინებით კი, ტ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ 2000 წლის 22 სექტემბერს საქართველოს ენერგეტიკისა სამინისტროს მიერ შექმნილმა კომისიამ თავის დასკვნაში აღიარა მოსახლეობისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის არსებობა. ზიანის ამსახველი აქტების საფუძველზე, საბოლოოდ, განისაზღვრა მისი ოდენობა და იგი აყვანილი იქნა „ვ. კ-ის“ ბალანსზე, კრედიტორულ დავალიანებაში. სს „ვ. კ-ის“ აქციონერთა კრების ოქმის დადგენილების საფუძველზე წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 მარტის დადგენილებით ცვლილება შევიდა სს „ვ. კ-ის“ სამეწარმეო რეესტრის მონაცემებში და საწესდებო კაპიტალიდან ამოღებული 21 822 238 ლარის ღირებულების აქტივები, განკარგვის მიზნით, გადაეცა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ დაზარალებული მოსახლეობისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ფაქტი აღიარებულ იქნა ჯერ კიდევ 2000 წელს, ხოლო სს „ვ. კ-ის“ საწესდებო კაპიტალიდან 21 822 238 ლარის ღირებულების აქტივები ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაეცა მხოლოდ 2005 წელს ანუ, ზუსტად 5 წლის შემდეგ. დროის ამგვარი შუალედის გათვალისწინებით, პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის მოსაზრება, რომ სს „ვ. კ-ის“ საწესდებო კაპიტალიდან 21 822 238 ლარის ღირებულების აქტივების ამოღება იყო მიზანმიმართული ქმედება, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის გამომწვევ, უშუალო მიზეზს. სასამართლოს მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას გამორიცხავდა. სასამართლომ სამართლებრივად დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა და აღნიშნა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა პასუხისმგებლობას აწესებს, ამოქმედდა 2008 წლის 10 მაისიდან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე 2008 წლის 14 მარტის №5913–Iს საქართველოს კანონის მიღებით. სასამართლომ მიუთითა ასევე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია ნორმატიული აქტის უკუძალა და აპელანტის მოსაზრება მოპასუხის პირადი და შეუზღუდავი პასუხისმგებლობის შესახებ არ იქნა გზიარებული, იმ მიზეზით, რომ, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოთაღნიშნული ნორმით დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა არ მოქმედებდა იმ პერიოდში, როდესაც, აპელანტის მოსაზრებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ბოროტად გამოიყენა პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივი ფორმა და შპს „ვ. კ-ის“ კაპიტალიდან თანხის ამოღებით მიზანმიმართულად შეუშალა ხელი კრედიტორების (მოსარჩელის) მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტ. კ-მ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ, მოწინააღმდეგე მხარისათვის კასატორის სასარგებლოდ 1410 ლარის, ხოლო, როგორც ს. კ-ის უფლებამონაცვლისათვის - 4300 ლარის დაკისრება შემდეგი დასაბუთებით:
გასაჩივრებული განჩინება სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველია, სასამართლოს არ დაუსაბუთებია, თუ რატომ იყო გამართლებული გაკოტრებული საწარმოს პარტნიორისათვის იმავე პროფილის საწარმოს ჩამოყალიბება, ასევე ის გარემოება, თუ რატომ არ წარმოადგენდა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების საფუძველს კაპიტალის ამოღების დროს კასატორის მიმართ საწარმოს დავალიანების აყვანა საწარმოს ბალანსზე, რაც საწარმოს პარტნიორისათვის იყო ცნობილი. გარდა დაუსაბუთებლობისა ასევე არსებობს კანონის დარღვევის საფუძვლით გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა, რადგანაც სასამართლომ არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი. საქმის მასალებში არსებობს მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება კასატორისათვის მოპასუხის მიერ ზიანი მიყენება. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შინაარსიდან და საქმის მასალებიდან გამომდინარე, დასტურდება მხარეთა შორის მავალდებულებელი გარემოებების არსებობა, რაც მოპასუხეს წარმოუშობს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ბოროტად გამოიყენა პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივი ფორმა. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება, ზიანის არსებობა და ამ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი. სს „ვ. კ-ის“ (შპს „ვ. კ-ის“) პარტნიორ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის ცნობილი იყო რა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 3.6 მუხლის შინაარსი, მან, როგორც შპს „ვ. კ-ის“ 100%-იანის წილის მფლობელმა პარტნიორმა, საზოგადოების მიერ ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით, საწესდებო კაპიტალიდან ამოიღო მნიშვნელოვანი ღირებულების ქონება, რასაც შედეგად შპს „ვ. კ-ის“ გაკოტრება მოჰყვა. აღნიშნული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელა, რადგანაც მისთვის ცნობილი იყო, რომ მის მიერვე დაფუძნებული საწარმოს ვალდებულებაზე პარტნიორი პასუხს არ აგებდა, ამდენად, დასტურდება სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შემადგენლობის არსებობა. მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი შესაძლო ზიანის დადგომის თაობაზე, კერძოდ, საქმის მასალებით დადასტურებულია მოსარჩელისათვის ზიანის 1999-2001 წლებში მიყენების ფაქტი, 2005 წელს მოპასუხე სამინისტროსათვის აღნიშნული ცნობილი იყო და მან განზრახ გამოიწვია ისეთი ვითარება, როდესაც საწარმოს აღარ გააჩნია მატერიალური სახსრები ვალდებულების შესასრულებლად. ზემოაღნიშნული გარემოებები ცხდყოფს საწარმოს არამართლზომიერი რეორგანიზაციის ფაქტს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საწინააღმდეგოდ, ასევე არ უნდა იქნას გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ ზიანის ფაქტის დადგენიდან 5-წლიანი დროის შუალედში საწარმოს რეორგანიზაცია და კაპიტალის ამოღება მართლზომიერი ქმედებაა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ივლისის განჩინებით ტ. კ-ე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ტ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ტ. კ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ტ. კ-ე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნულს ვერ გაიზიარებს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია, აღნიშნული საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი განხილვის გარეშე. დასაშვებობის შემოწმების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, რაც ერთმნიშვნელოვნად საქმის მასალებზეა დამყარებული. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატამ 2012 წლის 11 ივლისის განჩინებით მოცემული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება სწორედ ზეპირი მოსმენის გარეშე ჩათვალა მიზანშეწონილად, ხოლო იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ ტ.კ-ის საკასაციო საჩივრი დაუშვებლად იქნა მიჩნეული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღარაა უფლებამოსილი იმსჯელოს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის საკითხზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ტ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. ტ.კ-ის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.