საქმე №ას-1031-966-2012 26 ივლისი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ხ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის განჩინებაზე, საქმეზე, ჟ. ვ-ს სარჩელის გამო, ხ. ჯ-ის, ქ.ბათუმის მერიისა და ბმა „მ. 93-ის“ მიმართ ინდივიდუალურ ბინათმშენებლობა „მ. 93-ის“ №7 საერთო კრების ოქმის, ქ.ბათუმის მერიის №127 დადგენილებისა და ბმა „მ. 93-ის“ საერთო კრების №3 ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ხ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ივლისის განჩინებით ხ. ჯ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 7 (შვიდი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 4200 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
2012 წლის 23 ივლისს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან მისი გადახდის გადანაწილების თაობაზე იმ საფუძვლით რომ, არის უმუშევარი და ყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. პალატა განმარტავს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული სასამართლო ხარჯების შემცირებისა და მისი გადახდის გადავადების შესაძლებლობა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა შუამდგომლობის ავტორის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას არ შეუძლია სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ხოლო მისი გადახდის გადავადების ღონისძიების გამოუყენებლობა მხარის სადავოდ ქცეულ უფლებას სასამართლო წესით დაცვის მიღმა დატოვებს.
განსახილველ შემთხვევაში, ხ. ჯ-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები არ იძლევა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესაძლებლობას, ვინაიდან ის ფაქტი რომ, კასატორს ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, არ არის საკმარისი საფუძველი, სასამართლოს შეექმნას რწმენა მხარის მძიმე მატერიალური მდგომარეობის შესახებ. ამდენად, არ არსებობს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისა და, შესაბამისად, შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება მხარის შუამდგომლობას სახელმწიფო ბაჟის გადახდის განაწილვადების თაობაზე, პალატა განმარტავს რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლი ითვალისწინებს მხარის გათავისუფლებას სასამართლო ხარჯებისაგან, ამავე კოდექსის 48-ე მუხლი – სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადებასა და მისი ოდენობის შემცირებას. სახელმწიფო ბაჟის გადახდის განაწილვადების შესაძლებლობას კი საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს, ამდენად, არ არსებობს აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს რომ, ხ. ჯ-მ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.