Nას-1048-983-2012 19 ივლისი, 2012 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია სულხანიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი - პ. შ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ. ბ-ი“
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 და 10 ივლისის განჩინებები
დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 26 აპრილს პ. შ-მ სასამართლოში შპს „მ. ბ-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მოპასუხის კუთვნილ ნაკვეთზე აუცილებელი გზის დადგენისა და მოპასუხის მიწის ნაკვეთის მისი ნაკვეთის სასარგებლოდ სერვიტუტით დატვირთვის მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთს გააჩნდა საავტომობილო მისასვლელი გზა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით პ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 ნოემბრის განჩინებით პ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული განჩინება პ. შ-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 მარტის განჩინებით პ. შ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 ნოემბრის განჩინება აუცილებელი გზის დადგენაზე უარის თქმის თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე პალატას, დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 ნოემბრის განჩინება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას პ. შ-მ 2012 წლის 26 ივნისს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობა დააყენა და მოითხოვა:
· მოპასუხე შპს „მ. ბ-ის“ კუთვნილ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქ-ში მდებარე უძრავი ქონებისათვის ყადაღის დადება;
· შპს „მ. ბ-ისათვის“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქ-ში მდებარე მიწის ნაკვეთის შემადგენლობაში მოქცეული საავტომობილო გზით პ. შ-ის მიერ სარგებლობის ხელშეშლის აკრძალვა;
· შპს „მ. ბ-ისათვის“ მიწის ნაკვეთზე გამავალი საავტომობილო გზის შესასვლელის განთავისუფლების დავალება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ივნისის განჩინებით პ. შ-ის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე შპს „მ. ბ-ს“ აეკრძალა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ქ-ში მდებარე მის კუთვნილ მიწის ნაკვეთიდან პ. შ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზით სარგებლობაში ხელშეშლა. მოპასუხე „მ. ბ-ს“ ასევე დაევალა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ქ-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე გამავალი საავტომობილო გზის შესასვლელის განთავისუფლება, მასზე შეუზღუდავი და უსაფრთხო გადაადგილების მიზნით.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე პ. შ-მ საჩივარი აღძრა და მიუთითა, რომ სასამართლომ არასწორად უთხრა უარი სარჩელის უზრუნველსაყოფად ყადაღის გამოყენებაზე.
2012 წლის 2 ივლისს კი, პ. შ-მ სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე ახალი განცხადება აღძრა და ამჯერად მოითხოვა:
· შპს „მ. ბ-ისათვის“ მის საკუთრებაში რეგისტრირებული ქონების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს პ. შ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საჯარო გზებთან დასაკავშირებელი აუცილებელი გზის დასადგენად, რაიმე მოქმედებების განხორციელების აკრძალვა;
· შპს „მ. ბ-ისათვის“ მის სახელზე რეგისტრირებული ქონების ამ ნაწილის მიმართ მესამე პირებთან რაიმე სახის გარიგების დადების აკრძალვა;
· მოპასუხე შპს „მ. ბ-ისათვის“ მის სახლზე რეგისტრირებული ქონების ამ ნაწილის მიმართ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რაიმე სახის ჩანაწერის მოთხოვნის ან რაიმე სახის მოქმედებების განხორციელების აკრძალვა;
· შპს „მ. ბ-ისათვის“ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთში მოქცეული გზის, გზის გვერდულებისა და სხვა ნაწილების მიმართ ისეთი სახის სარემონტო სამუშაოების შესრულების, რეკონსტრუქციის, დემონტაჟის, გადაკეთების, დავიწროების აკრძალვა, რის შედეგადაც საავტომობილო გზის დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი გახდება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 ივლისის განჩინებით პ. შ-ის განცხადება უზრუნველყოფის დამატებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარემ უკვე გამოყენებული ღონისძიების იდენტური უზრუნველყოფის საშუალების გამოყენება მოითხოვა.
იმავე სასამართლოს 2012 წლის 6 ივლისის განჩინებით პ. შ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამოიგზავნა.
პ. შ-მ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 2 ივლისის განჩინებაზე საჩივარი აღძრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 ივლისის განჩინებით პ. შ-ის აღნიშნული საჩივარი ასევე მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამოიგზავნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საჩივრების განხილვისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ პ. შ-ის საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით, ანუ, ზემდგომ ინსტანციაში საჩივრის განხილვა კერძო საჩივრის განხილვისათვის დადგენილი წესის შესაბამისად ხორციელდება.
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს პაატა შალამბერიძის საჩივარზე სააპელაციო სასამართლოს 27 ივნისის განჩინებაზე. ამ განჩინებით, მოსარჩელის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მის მიერ მოთხოვნილი სამი ღონისძიებიდან, სააპელაციო სასამართლომ მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადება მიიჩნია არამიზანშეწონილად. სწორედ ამ ნაწილში ასაჩივრებს პ. შ-ე განჩინებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააყადაღა შპს „მ. ბ-ის“ კუთვნილი უძრავი ქონება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველსაყოფად კონკრეტული ღონისძიების გამოყენება მჭიდრო კავშირშია დავის საგანთან, რადგანაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზანი, ზოგადად, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობის დაცვაა, შესაბამისად, მხარის მიერ შერჩეული უზრუნველყოფის ღონისძიება აუცილებელი უნდა იყოს იმ მატერიალურ-სამართლებრივი სიკეთის შესანარჩუნებლად, რის მიღებასაც იგი სარჩელის მეშვეობით ცდილობს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა არ არის მიმართული შპს „მ. ბ-ის“ კუთვნილი მიწის ნაკვეთზე მოპასუხის საკუთრების ან სხვა რომელიმე სანივთო უფლების წინააღმდეგ. მხარე არც მოპასუხისათვის თანხის დაკისრებას მოითხოვს, შესაბამისად, არ არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ მოსარჩელის მოთხოვნა შეიძლება ვერ აღსრულდეს მოპასუხის კუთვნილი ქონების რეალიზების ან სხვაგვარად დატვირთვის შედეგად. მოცემულ შემთხვევაში სარჩელის საგანი აუცილებელი გზის დადგენაა, რომლის უზრუნველსაყოფადაც მთლიან მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადება, გაუმართლებელია და მოპასუხის ინტერესებს უსაფუძვლოს შეზღუდავს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 6 ივლისის განჩინების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
რაც შეეხება მეორე საჩივარს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პ. შ-მ სარჩელის უზრუნველსაყოფად, დამატებით, შემდეგი ოთხი ღონისძიების გატარება მოითხოვა:
1. შპს „მ. ბ-ისათვის“ მის საკუთრებაში რეგისტრირებული ქონების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს პ. შ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საჯარო გზებთან დასაკავშირებელი აუცილებელი გზის დასადგენად, რაიმე მოქმედებების განხორციელების აკრძალვის;
2. შპს „მ. ბ-ისათვის“ მის სახელზე რეგისტრირებული ქონების ამ ნაწილის მიმართ მესამე პირებთან რაიმე სახის გარიგების დადების აკრძალვის;
3. მოპასუხე შპს „მ. ბ-ისათვის“ მის სახლზე რეგისტრირებული ქონების ამ ნაწილის მიმართ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რაიმე სახის ჩანაწერის მოთხოვნის ან რაიმე სახის მოქმედებების განხორციელების აკრძალვის;
4. შპს „მ. ბ-ისათვის“ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთში მოქცეული გზის, გზის გვერდულებისა და სხვა ნაწილების მიმართ ისეთი სახის სარემონტო სამუშაოების შესრულების, რეკონსტრუქციის, დემონტაჟის, გადაკეთების, დავიწროების აკრძალვის, რის შედეგადაც საავტომობილო გზის დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი გახდება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული ჩამონათვალიდან მეორე და მესამე, ფაქტობრივად, ქონებაზე ყადაღის დადების ტოლფასი ღონისძიებებია, ვინაიდან, მათი მიზანი სწორედ უძრავი ქონების რეალიზაციის ან რომელიმე სანივთო უფლებით დატვირთვის შესაძლებლობის შეზღუდვაა. უძრავი ქონების დაყადაღების მიზანშეწონილობაზე კი, საკასაციო სასამართლომ უკვე იმსჯელა.
რაც შეეხება პირველ და მეოთხე მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ აღნიშნული ღონისძიებები უკვე გამოყენებულის იდენტურია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ივნისის განჩინებით მოპასუხე შპს „მ. ბ-ს“ აეკრძალა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ქ-ში მდებარე მის კუთვნილ მიწის ნაკვეთიდან პ. შ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზით სარგებლობაში ხელშეშლა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სარგებლობაში ხელშეშლის აკრძალვა“ გულისხმობს მოპასუხის ვალდებულებას არ განახორციელოს რაიმე ქმედება, რომელიც შეაფერხებს პ. შ-ის მიწის ნაკვეთის ცენტრალურ გზასთან დაკავშირებას შპს „მ. ბ-ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გამავალი საავტომობილო გზის გამოყენებით. მოპასუხის ვალდებულებაა, მოსარჩელეს გზით სარგებლობისათვის ფაქტობრივ-სამართლებრივი დაბრკოლება არ შეუქმნას, რაც თავისთავად გულისხმობს საჩივარში ჩამოთვლილი ღონისძიებების (დემონტაჟი, რეკონსტრუქცია, გზის დავიწროება და ა.შ.) განხორციელებისაგან თავის შეკავებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პ. შ-მ ვერ დაასაბუთა მის მიერ მოთხოვნილი ღონისძიებების გატარების აუცილებლობა, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ განცხადება მართებულად არ დააკმაყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 420-ე, 410-ე, 191-ე, 1971-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პ. შ-ის საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 და 10 ივლისის განჩინებები;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.