№ას-1066-1000-2012 27 ივლისი, 2012წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – ს. კ-ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივლისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – აღსრულების უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ს. კ-მ და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით ო. პ-ისათვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების – მდებარე ქალაქ ქუთაისში, ტ-ის ქუჩის №140 – ში მდებარე ფართი №2-ის, სასარგებლო ფართით – 138,14 კვ.მ, სამეურნეო ფართი – 75,76 კვ.მ, საზაფხულო ფართი – 17,00 კვ.მ; საერთო სარგებლობის საზაფხულო ფართი – 72.88 კვ.მ - ს გასხვისების აკრძალვა.
განმცხადებელმა განცხადებაში აღნიშნა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი სარჩელი და მოპასუხე ო. პ-ს (ს. კ-ს) სასარგებლოდ დაეკისრა 1250 ევროს გადახდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 12 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება. ამდენად არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ შესაძლოა მოპასუხე ო. პ-მ დაკისრებული პასუხისმგებლობიდან 1250 ევროს გადახდისაგან თავის არიდების მიზნით გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისა და მისი აღსასრულებლად მიქცევამდე საჭირო დროში გაასხვისოს კუთვნილი ქონება, შესაბამისად შეუძლებელი იქნება გადაწყვეტილების აღსრულება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდწექსის 198 – ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე იშუამდგომლა მოპასუხე ო. პ-ს გადაწყვეტილების აღსრულებამდე აეკრძალოს საკუთრების, მდებარე ქალაქ ქუთაისში, ტ-ის ქუჩის №140 –ში მდებარე ფართი №2-ის, სასარგებლო ფართით – 138,14 კვ.მ, სამეურნეო ფართი – 75,76 კვ.მ, საზაფხულო ფართი – 17,00 კვ.მ; საერთო სარგებლობის საზაფხულო ფართი – 72.88 კვ.მ - ს გასხვისება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივნისის განჩინებით ს. კ-ს განცხადება, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნინული განჩინება ს. კი-მ გასაჩივრა საჩივრით და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამრთლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივნისის განჩინების გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინებით ს. კ-ს ხარვეზის შევსების მიზნით, 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაევალა.
იმავე სასამართლოს 2012 წლის 18 ივლისის განჩინებით ს. კ-ს საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაეგზავნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საჩივრის განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
იმავე კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოტანილ განჩინებაზე მოპასუხეს შეუძლია შეიტანოს საჩივარი, ხოლო 1971-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების შესაბამისად. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს ს. კ-ს საჩივარი წარმოებაში უნდა მიეღო სააპელაციო საჩივრისათვის დადგენილი წესების შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინებით ს. კ-ს ხარვეზის შევსების მიზნით 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაევალა. საქმეში არსებული შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ აღნიშნული განჩინება ს. კ-ზე გადასაცემად 2012 წლის 29 ივნისს ჩაბარდა მულის ქმარს ა. ბ-ს, შესაბამისად, მას ხარვეზის შევსების ვადა 2012 წლის 4 ივლისის ჩათვლით ჰქონდა. საჩივრის ავტორს ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეუვსია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ვინაიდან ს. კ-მ ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვაადში არ შეავსო, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო დაუშვებლად მიეჩნია მისი საჩივარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ს. კ-ს საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე, 1971-ე, 194-ე 63-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ს. კ-ს საჩივარი დარჩეს განუხილველად;
მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივლისის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.