ბს-505-91(კ-05) 28 სექტემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე (მომხსენებელი),
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 4 მარტს ს. ჯ-ემ სარჩელი აღძრა ქობულეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების _ ჟ., ე., მ. და ი. ც-ეების, შპს “ჩ-ისა” და ... საკრებულოს მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1970-80 წლებიდან მოსარჩელეს სარგებლობის უფლებით გადაეცა დაბა ..... მდებარე საერთო საცხოვრებლის ერთი (17 კვ.მ) ოთახი, რომელიც სარჩელის შეტანის დღემდე ირიცხებოდა მის სახელზე. იგი 2003წ. 20 აგვისტომდე ცხოვრობდა აღნიშნულ ოთახში, ხოლო იმავე წლის აგვისტოს ბოლოს მისი ბინაში არყოფნით ისარგებლა იმავე საერთო საცხოვრებელში მცხოვრებმა ჟ. ც-ემ გატეხა მოსარჩელის ოთახის კარი და ოჯახთან ერთად თვითნებურად დაისაკუთრა მოსარჩელის კუთვნილი ფართი. ს. ჯ-ის განმარტებით, ჟ. ც-ე არ თმობდა უკანონოდ დაკავებულ ფართს, რის გამოც მოსარჩელემ რამდენჯერმე მიმართა დაბა ..... საკრებულოს, რომელმაც აღნიშნულთან დაკავშირებით ზომები არ მიიღო.
მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა მოპასუხე ფიზიკური პირების გამოსახლება სადავო ფართიდან და აღნიშნული ფართის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით ს. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრას. ჯ-ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 იანვრის განჩინებით ს. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელეს სადავო ბინაზე უფლება წარმოეშვა 1980 წლიდან, როდესაც “ჩ-ის” მეურნეობამ ბარაკის ტიპის საერთო საცხოვრებელში მას სარგებლობის უფლებით გამოუყო 17 კვ.მ ერთი ოთახი. მოსარჩელე ამ მეურნეობაში აღარ მუშაობდა, ხოლო სადავო ფართში არ ცხოვრობდა 1995 წლიდან. შესაბამისად, აღნიშნული ბინა დაიკავა ჟ. ც-ის მრავალშვილიანმა ოჯახმა. 2001წ. 15 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ზემოთ მითითებული საერთო საცხოვრებელი საკუთრების უფლებით გადაეცა დაბა ... საკრებულოს. 1995 წელს ს. ჯ-ე ოჯახის წევრებთან ერთად მუდმივად საცხოვრებლად გადავიდა დაბა ....., სადავო ფართში კი, დაბა ... საკრებულოს თანხმობით, ცხოვრობდა ჟ. ც-ის ოჯახი.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ჯ-ემ.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია და არ შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო პალატამ არ მიუთითა, რომ მოპასუხე ფიზიკურმა პირებმა დაარღვიეს სკ-ის 170-ე მუხლის მოთხოვნები.
კასატორმა საკასაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, იმისათვის, რომ დავა მიჩნეულ იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავად, აუცილებელია, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, ამასთან, ადმინისტრაციული დავის საგანს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე და თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონების კანონიერება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. სახეზეა კერძო სამართლებრივი დავა, რადგანაც მოსარჩელე ფიზიკური პირი ითხოვს მოპასუხე ფიზიკური პირების გამოსახლებას საცხოვრებელი ბინიდან, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს _ დაბა ... საკრებულოს მიმართ, მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნა არ დაუყენებია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 23-ე, 24-ე და 25-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული საქმე განიხილა არაგანსჯადმა სასამართლომ _ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ. არაგანსჯადი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევაა და საქმე არსებითად სწორადაც რომ იყოს გადაწყვეტილი, აღნიშნული დარღვევა გადაწყვეტილების გაუქმების სსკ-ის 394-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 ნოემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.