საქმე №ას-114-110-2012 19 ივლისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ა. ო-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს მ. „თ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება, იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს მ. „თ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ო-ს, მ., ნუგ. და ნ. ნ-ისა და ბ. ჟ-ის მიმართ და მოითხოვა ბ. ჟ-სათვის 58951.2 აშშ დოლარის (სესხის ძირითადი თანხა –33000 აშშ დოლარი, სარგებელი – 6600 აშშ დოლარი), პირგასამტეხლოს – ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილებიდან 2009 წლის 30 აპრილიდან სარჩელის აღძვრის დღემდე, 2011 წლის 13 მაისამდე, 19351.20 აშშ დოლარისა და სარჩელის აღძვრის დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 39600 აშშ დოლარის წლიური 24 %-ის ანაზღაურება, ასევე თანხის ამოღების მიზნით იპოთეკით დატვირთული მოპასუხეების უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა შემდეგი საფუძვლებით:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბ. ჟ-ს შპს მ. „თ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 58 951.2 აშშ დოლარის გადახდა, მოსარჩელეს უარი ეთქვა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციაზე. ა. ო-ს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2008 წლის 30 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება იმ ნაწილში, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ა. ო-ს, მ., ნ. და ნ. ნ-ების კუთვნილი ქ.თბილისში, ბ-ის ქუჩა №25-ში მდებარე 79.22 კვ.მ უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №....
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს მ. „თ-მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა ა. ო-ს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისა და შპს მ. „თ-ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, შპს მ. „თ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბ. ჟ-სათვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით დადგინდა ა. ო-ს, მ., ნუგ. და ნ. ნ-ების კუთვნილი ქ.თბილისში, ბ-ის ქუჩა N25-ში მდებარე 79,22 კვ.მ-ის რეალიზაცია საკადასტრო კოდით ..., ასევე გაუქმდა გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:
2008 წლის 23 ოქტომბრის სანოტარო აქტით ნ. ნ-მა, ა. ო-მ, მ. ნ-მა და ნუგ. ნ-მა ბ. ჟ-ს მიანიჭეს უფლებამოსილება, იპოთეკით დაეტვირთა მათი კუთვნილი უძრავი ქონება და შეესრულებინა ქონების იპოთეკით დატვირთვასთან დაკავშირებული ყველა საჭირო მოქმედება. უძრავი ქონების მესაკუთრეებმა თავად მოაწერეს ხელი მინდობილობას მისი შინაარსის გაცნობის შემდეგ ნოტარიუს ლ. რ-ის თანდასწრებით.
2008 წლის 30 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით ბ. ჟ-მა შპს მ. „თ-ისაგან“ აიღო სესხი 33 000 აშშ დოლარის ოდენობით 2009 წლის 30 აპრილამდე თვეში 5% სარგებლით. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულებით შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 1,5%-ის ოდენობით. აღებული სესხის უზრუნველსაყოფად 2008 წლის 30 ოქტომბრის სანოტარო აქტით იპოთეკით დაიტვირთა ა. ო-ს, ნ. ნ-ის, ნუგ. ნ-ისა და მ. ნ-ის კუთვნილი ქ.თბილისში, ბ-ის ქუჩა N25-ში მდებარე უძრავი ქონება, რომლის მესაკუთრეთა სახელით ხელშეკრულების დადებისას გამოდიოდა ბესიკ ჟღენტი 2008 წლის 23 ოქტომბრის მინდობილობის საფუძველზე.
2008 წლის 30 ოქტომბრის იპოთეკის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. დასახელებული გარემოება დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით.
ბ. ჟ-ს იპოთეკით უზრუნველყოფილი ვალდებულება არ შეუსრულებია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 მაისის განაჩენით ბ. ჟ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში. განაჩენის მიხედვით, საბრალდებო დასკვნით ბ. ჟ-ს ბრალად დაედო თაღლითობა, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება და ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით შემდეგი გარემოებების დადგენის საფუძველზე: 2008 წლის ოქტომბერში დასაქმების შესახებ გაზეთ „სიტყვა და საქმეში“ გამოქვეყნებული განცხადება წაიკითხა სამუშაოს დაწყების მსურველმა დ. ნ-მა, დაინტერესდა პირობებით და დარეკა განცხადებაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე. მას უპასუხა მამაკაცმა, რომელმაც სამსახურის პირობებზე სასაუბროდ შეხვედრა დაუთქვა შპს „ნ. პ-ს“ ოფისში. იმავე დღეს დ. ნ-ი მივიდა შპს „ნ. პ-ში“, სადაც მას დახვდა ბ. ჟ-ი, რომელიც გაეცნო „ნ. პ-ს“ მფლობელად. ბ. ჟ-მა დ. ნ-ს დაათვალიერებინა ქარხანა, გააცნო სამუშაოს პირობები და ჰკითხა, ჰქონდა თუ არა უძრავი ქონება.
ბ. ჟ-მა დ. ნ-ს შესთავაზა დისტრიბუტორად მუშაობა და დაარწმუნა ის რომ, საწარმოში მუშაობის დასაწყებად აუცილებელი იყო მის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე ბ. ჟ-სათვის მიეცა მინდობილობა, რათა იმ შემთხვევაში, თუ მუშაობის პროცესში მისი მოქმედებით საზოგადოებას რაიმე სახის ზიანი მიადგებოდა, ანაზღაურება მომხდარიყო მისი ქონებიდან. როდესაც ბ. ჟ-მა დ. ნ-ისაგან შეიტყო, რომ მისი მშობლების სახელზე ირიცხებოდა ბ-ის ქ. №25-ში მდებარე ბინა, გადაწყვიტა სისრულეში მოეყვანა თავისი განზრახვა. აღნიშნული ბინის დათვალიერებისა და ბინის მესაკუთრეთა დარწმუნების მიზნით დ. ნ-შვილს იმავე დღეს გაჰყვა მის ოჯახში. ბ. ჟ-მა ბ-ის ქუჩა №25-ში მდებარე ბინის მესაკუთრეები – ა. ო-ა, მ. და ნუგ. ნ-ები დაარწმუნა, რომ მისი საწარმო იყო წარმატებული და იმ შემთხვევაში, თუ მათ კუთვნილ ბინაზე მისცემდნენ მინდობილობას, რომელიც იქნებოდა დ. ნ-ის კეთილსინდისიერად მუშაობის გარანტი და არ ითვალისწინებდა ბინის გასხვისების უფლებას, მათ ბინას საფრთხე არ შეექმნებოდა.
2008 წლის 23 ოქტომბერს ბ. ჟ-მა საჯარო რეესტრიდან აიღო ამონაწერი უძრავ ქონებაზე და იმავე დღეს მესაკუთრეებთან ერთად მივიდა სანოტარო ბიუროში, სადაც მათი სახელით გააფორმა მინდობილობა უძრავ ქონებაზე. სხვა უფლებებთან ერთად მან მოიპოვა ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლებაც. ბ. ჟ-მა გადაწყვიტა აღნიშნული უფლების რეალიზაციის გზით ქონებრივი სარგებლის მიღება. 2008 წლის 30 ოქტომბერს ა-ს ქ. №77-ში მდებარე სანოტარო ბიუროში შპს „თ-თან“ გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 2009 წლის 30 აპრილამდე, რომლის თანახმად იპოთეკარისაგან ისესხა 33000 აშშ დოლარი, სესხის უზრუნველსაყოფად კი იპოთეკით დატვირთა უძრავი ქონება. სესხად აღებული თანხა და სარგებელი ბ. ჟ-ს არ გადაუხდია.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2008 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულება, რომლითაც შპს მ. „თ-ის“ წინაშე ბ. ჟ-ის ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ა. ო-ს, ნ., ნუგ. და მ. ნ-ების კუთვნილი ქ.თბილისში, ბ-ის ქუჩა N25-ში მდებარე უძრავი ქონება, დადებულია კანონით განსაზღვრული წესით მხარეთა შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. ამდენად, ხელშეკრულება დაიდო შპს „თ-სა“ და ბ. ჟ-ს, როგორც იპოთეკის საგნის მესაკუთრეთა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს შორის.
სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის, 104-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ ა. ო-მ, მ., ნუგ. და ნ. ნ-ებმა ხელი მოაწერეს მინდობილობას, რომლითაც მათ ბ. ჟ-ს მიანიჭეს უფლება, მათი სახელით იპოთეკით დაეტვირთა კონკრეტული ქონება. აღნიშნული მინდობილობა წარმოადგენდა მესამე პირებისათვის კანონიერი ნდობის შექმნის საფუძველს. მესამე პირი, რომელიც ბ. ჟ-თან დებდა გარიგებას, ენდობოდა ხელმოწერილ, ნოტარიულად დამოწმებული გარიგების შინაარსს. ივარაუდება, რომ ხელმოწერილ და ნოტარიულად დამოწმებულ დოკუმენტში ნების გამომვლენი აცნობიერებდა გამოვლენილ ნებას, რაც იმას ნიშნავს, რომ იცნობდა დოკუმენტის შინაარსს და მისთვის ცნობილი იყო გარიგების სამართლებრივი შედეგები. იპოთეკის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის კანონი ითვალისწინებს მხარეთა შორის შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადებასა და ამ ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის სავალდებულობას, სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად.
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის, 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში იპოთეკის ხელშეკრულებისთვის კანონით განსაზღვრული ზემოაღნიშნული პირობები არ დარღვეულა.
სასამართლოს მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 მაისის განაჩენით ბ. ჟ-ის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტის დადგენა არ წარმოადგენს სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველს.
პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულია ქმედების შეფასებისა და აღნიშნული ქმედების თანმდევი შედეგების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, მართლსაწინააღმდეგო ქმედების შეფასების კრიტერიუმები თავისი თანმდევი შედეგებით სამოქალაქო სამართალწარმოებაში ინდივიდუალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის წესით დადგენილი მოტყუების ფაქტი შეიძლება სამოქალაქო წესით არ წარმოადგენდეს ქმედების ისეთ შემადგენლობას, რომელიც გარიგების ბათილობას იწვევს.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 მაისის განაჩენით დადგენილი ბ. ჟ-ის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მტკიცებულებას წარმოადგენს დაზარალებულების მიერ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მსჯავრდებულის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის შემთხვევაში და არა გარიგების ბათილობის მოთხოვნით გამართულ სამოქალაქო სამართალწარმოებაში. ამდენად, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას სამოქალაქო სამართლებრივ კონტექსტში შეიძლება სულ სხვაგვარი შეფასება მიეცეს, ვიდრე აღნიშნული სისხლის სამართლის წესით არის დადგენილი. როგორც განაჩენის შინაარსიდან გამომდინარეობს, ბ. ჟ-ის მიერ დანაშაულებრივი ქმედება განხორციელდა დაზარალებულთა ნდობის ბოროტად გამოყენების შედეგად, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ იწვევს იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობას. მართალია, სამოქალაქო კანონმდებლობა ეფუძნება მხარეთა კეთილსინდისიერ ქმედებას, მაგრამ აღნიშნული ხორციელდება რა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების მაქსიმალური დაბალანსების საჭიროების პირობებში, მხარე, რომელიც არ დაიცავს წინდახედულობის აუცილებელ ნორმებს, ხდება შესაბამისი რისკის მატარებელი. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დგინდება იმ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც აუცილებელია სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის კვალიფიკაციისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს 2008 წლის 30 ოქტომბრის იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი, ხოლო ა. ო-ს შეგებებული სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ ჩათვალა, რომ შპს „თ-ის“ მოთხოვნა, ვალდებულების შესაბამისი გადახდევინება განხორციელდეს იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით, საფუძვლიანია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ა. ო-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილდების ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ უგულებელყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 მაისის განაჩენი, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ ბ. ჟ-მა მოტყუების გზით დატვირთა ა. ო-სა და ნ-ების ოჯახის საცხოვრებელი ბინა იპოთეკით. ამასთან, შპს „თ-ისათვის“ ცნობილი იყო, რომ კასატორი წარმოადგენდა დაზარალებულს, ბ. ჟ-ი მათ პრობლემურ მოვალეთა სიაში იყო დაფიქსირებული, არავითარი შემოსავალი სესხის უზრუნველსაყოფად არ გააჩნდა, შესაბამისად, არადამაჯერებელია ასეთ შემთხვევაში 33000 აშშ დოლარის მისთვის სესხება.
სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ ბ. ჟ-მა მოტყუებით გააფორმებინა ა. ო-სა და ნ-ების ოჯახს მინდობილობა. იგი გაიცა არა იმისათვის, რომ ბ. ჟ-ს იპოთეკით დაეტვირთა აღნიშნული ქონება მისი სურვილისამებრ არამედ, მხოლოდ მაშინ, თუკი დ. ნ-ის, როგორც დისტრიბუტორის, ქმედებით მას ზიანი მიადგებოდა. ბ. ჟ-მა დანაპირები არ შეასრულა, დ. ნ-ი სამსახურით ვერ უზრუნველყო და მინდობილობის მიღებიდან რამოდენიმე დღეში იპოთეკით დატვირთა მათი ქონება, გამოიტანა სესხი და მიითვისა აღნიშნული თანხა.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და უსაფუძვლოდ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 103-ე მუხლზე. მართალია, ა. ო-მ, მ., ნ. და ნუგ. ნ-ებმა ხელი მოაწერეს ბესო ჟღენტის სახელზე გაცემულ მინდობილობას, მაგრამ დადგენილი იყო ამ მინდობილობის გაცემის მიზეზი, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით, რომელშიც მითითებულია, რომ ბ. ჟ-მა მინდობილობა მიიღო კასატორების მოტყუებისა და მათი ნდობის ბოროტად გამოყენების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ ა. ო-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2008 წლის 23 ოქტომბრის სანოტარო აქტით ნ. ნ-მა, ა. ო-მ, მ. ნ-მა და ნუგ. ნ-მა ბ. ჟ-ს მიანიჭეს უფლებამოსილება, იპოთეკით დაეტვირთა მათი კუთვნილი უძრავი ქონება და შეესრულებინა ქონების იპოთეკით დატვირთვასთან დაკავშირებული ყველა საჭირო მოქმედება. უძრავი ქონების მესაკუთრეებმა თავად მოაწერეს ხელი მინდობილობას მისი შინაარსის გაცნობის შემდეგ ნოტარიუს ლ. რ-ის თანდასწრებით.
2008 წლის 30 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით ბ.ჟ-მა შპს მ. „თ-საგან“ აიღო სესხი 33 000 აშშ დოლარის ოდენობით 2009 წლის 30 აპრილამდე თვეში 5% სარგებლით. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულებით შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 1,5%-ის ოდენობით. აღებული სესხის უზრუნველსაყოფად 2008 წლის 30 ოქტომბრის სანოტარო აქტით იპოთეკით დაიტვირთა ა. ო-ს, ნ. ნ-ის, ნუგ. ნ-ისა და მ. ნ-ის კუთვნილი ქ.თბილისში, ბ-ის ქუჩა N25-ში მდებარე უძრავი ქონება, რომლის მესაკუთრეთა სახელით ხელშეკრულების დადებისას გამოდიოდა ბ. ჟ-ი 2008 წლის 23 ოქტომბრის მინდობილობის საფუძველზე.
2008 წლის 30 ოქტომბრის იპოთეკის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. დასახელებული გარემოება დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით.
ბ. ჟ-ს იპოთეკით უზრუნველყოფილი ვალდებულება არ შეუსრულებია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 მაისის განაჩენით ბ. ჟ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში. განაჩენის მიხედვით, საბრალდებო დასკვნით ბ. ჟ-ს ბრალად დაედო თაღლითობა, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება და ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით შემდეგი გარემოებების დადგენის საფუძველზე: 2008 წლის ოქტომბერში დასაქმების შესახებ გაზეთ „ს. და ს-ში“ გამოქვეყნებული განცხადება წაიკითხა სამუშაოს დაწყების მსურველმა დ. ნ-მა, დაინტერესდა პირობებით და დარეკა განცხადებაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე. მას უპასუხა მამაკაცმა, რომელმაც სამსახურის პირობებზე სასაუბროდ შეხვედრა დაუთქვა შპს „ნ. პ-ს“ ოფისში. იმავე დღეს დ. ნ-ი მივიდა შპს „ნ. პ-ში“, სადაც მას დახვდა ბ. ჟ-ი, რომელიც გაეცნო „ნ. პ-ს“ მფლობელად. ბ. ჟ-მა დ. ნ-ს დაათვალიერებინა ქარხანა, გააცნო სამუშაოს პირობები და ჰკითხა, ჰქონდა თუ არა უძრავი ქონება.
ბ. ჟ-მა დ. ნ-ს შესთავაზა დისტრიბუტორად მუშაობა და დაარწმუნა ის რომ, საწარმოში მუშაობის დასაწყებად აუცილებელი იყო მის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე ბ. ჟ-სათვის მიეცა მინდობილობა, რათა იმ შემთხვევაში, თუ მუშაობის პროცესში მისი მოქმედებით საზოგადოებას რაიმე სახის ზიანი მიადგებოდა, ანაზღაურება მომხდარიყო მისი ქონებიდან. როდესაც ბ. ჟ-მა დ. ნ-ისაგან შეიტყო, რომ მისი მშობლების სახელზე ირიცხებოდა ბ-ის ქ. №25-ში მდებარე ბინა, გადაწყვიტა სისრულეში მოეყვანა თავისი განზრახვა. აღნიშნული ბინის დათვალიერებისა და ბინის მესაკუთრეთა დარწმუნების მიზნით დ. ნ-ს იმავე დღეს გაჰყვა მის ოჯახში. ბ. ჟ-მა ბ-ის ქუჩა №25-ში მდებარე ბინის მესაკუთრეები – ა. ო-ა, მ. და ნუგ. ნ-ები დაარწმუნა, რომ მისი საწარმო იყო წარმატებული და იმ შემთხვევაში, თუ მათ კუთვნილ ბინაზე მისცემდნენ მინდობილობას, რომელიც იქნებოდა დ. ნ-ის კეთილსინდისიერად მუშაობის გარანტი და არ ითვალისწინებდა ბინის გასხვისების უფლებას, მათ ბინას საფრთხე არ შეექმნებოდა.
2008 წლის 23 ოქტომბერს ბ. ჟ-მა საჯარო რეესტრიდან აიღო ამონაწერი უძრავ ქონებაზე და იმავე დღეს მესაკუთრეებთან ერთად მივიდა სანოტარო ბიუროში, სადაც მათი სახელით გააფორმა მინდობილობა უძრავ ქონებაზე. სხვა უფლებებთან ერთად მან მოიპოვა ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლებაც. ბ. ჟ-მა გადაწყვიტა აღნიშნული უფლების რეალიზაციის გზით ქონებრივი სარგებლის მიღება. 2008 წლის 30 ოქტომბერს ა-ის ქ. №77-ში მდებარე სანოტარო ბიუროში შპს „თ-თან“ გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 2009 წლის 30 აპრილამდე, რომლის თანახმად იპოთეკარისაგან ისესხა 33000 აშშ დოლარი, სესხის უზრუნველსაყოფად კი იპოთეკით დატვირთა უძრავი ქონება. სესხად აღებული თანხა და სარგებელი ბ. ჟ-ს არ გადაუხდია.
კასატორი საკასაციო საჩივრის პრეტენზიას ძირითადად მითითებულ განაჩენს აყრდნობს და მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ განაჩენის მიხედვით ბ. ჟ-მა მოტყუების გზით მოახდინა სადავო საცხოვრებელი სახლის იპოთეკით დატვირთვა.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ იპოთეკის ხელშეკრულება დადებულია მინდობილობის საფუძველზე, რომელიც ბათილად არ არის ცნობილი სასამართლოს მიერ. იგი მხოლოდდამხოლოდ გაუქმებულია, რაც სამართლებრივი შედეგით მეტად განსხვავდება ბათილობის ინსტიტუტისაგან. თუ ბათილობის შემთხვევაში, არსებობს შესაძლებლობა გაბათილდეს მის საფუძველზე დადებული გარიგება, ასეთი შედეგი არ დგება გარიგების დადების შემდგომ მინდობილობის გაუქმების შემთხვევაში. შეუძლებელია, მინდობილობის საფუძველზე დადებული გარიგების გაბათილება იმ მოტივით, რომ მინდობილობის დადებისას მხარე მოატყუეს ან მისი ნდობა ბოროტად გამოიყენეს და იგი მიჩნეული არ არის არარა გარიგებად. ხოლო მხარეთა შორის არსებული მინდობილობით მხარე აღჭურვილია უფლებით დატვირთოს ნივთი იპოთეკით.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა წამომადგენლის მიერ დადებული გარიგება სააპელაციო სასამართლო სწორად აპელირებს სამოქალაქო კოდექსის 103-ე და 104-ე მუხლებზე, როგორც მინდობილობის საფუძველზე დადებული გარიგების მართლზომიერებაზე და მის სამართლებრივ შედეგზე. უნდა ითქვას, რომ კასატორი ჯეროვნად ვერ ასაბუთებს ამ ნორმების გამოყენების უსწორობას.
მოცემულ შემთხვევაში მეტად მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საქმეში მონაწილეობს შპს „თ-ც“, რომლის არაკეთილსინდისიერება არ დგინდება საქმის მასალებით. ასეთზე ვერ უთითებს კასატორიც. ა. ო-ა განაჩენის მიხედვით მოატყუა ბ. ჟ-მა და სწორედ იგია პასუხისმგებელი მის წინაშე. აღნიშნული გარემოება წარმოადგენს ბ. ჟ-საგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე. მითითებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
უნდა აღინიშნოს, რომ კასატორი ვერ უთითებს ნორმას, რომლის გამოყენებითაც გაბათილდებოდა სადავო გარიგება და არც იმაზე აპელირებს, რომ რომელიმე ასეთი სახის ნორმა სასამართლომ არ გამოიყენა. ასეთ შემთხვევაში კი შეუძლებელია კანონიერ ძალში შესული გადაწყვეტილების გაუქმება მხოლოდ იმ მოტივით, რომ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი და იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ო-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.