Facebook Twitter
saqme #as-571-539-2011 25 maisi, 2011 weli

№ას-180-173-2012 3 ივლისი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ გ. ქ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ჩ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ჩ-მ სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს გ. ქ-ისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: საქართველოში განხორციელებული მიწის რეფორმის შედეგად მოსარჩელეს გადაეცა სასოფლო-სამეურნეო მიწის რამდენიმე ნაკვეთი, მათ შორის, 1300 კვ.მ ე.წ „ჩ-ში“. ხსენებული ნაკვეთი 2003 წელს ვ.ჩ-ის წარმომადგენელ ე. თ-სა და შპს „ჯ-ს“ შორის დადებული ქირავნობის ხელშეკრულებით სარგებლობაში გადაეცა ამ უკანასკნელს, რომელმაც ნაკვეთზე ააგო სატელეფონო გადამცემი ანძა. მიმდინარე წლის 13 აპრილს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის ელექტრონული ფორმით ხელახალი რეგისტრაცია. საჯარო რეესტრმა, 2011 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით, შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან, ვ. ჩ-ის სახელზე რეგისტრირებული ნაკვეთი გ. ქ-ის სახელზე რეგისტრირებულ ნაკვეთს ფარავდა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა, საჯარო რეესტრში გ. ქ-ის სახელზე, ლანჩხუთის რაიონის, სოფელ ა-ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების გაუქმება.

მოპასუხე გ.ქ-მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების პრივატიზაციის შედეგად სადავო მიწის ნაკვეთი მოსარჩელის საკუთრებაში არ გადაცემულა. აღნიშნული მიწის ნაკვეთი 1997 წელს პრივატიზაციის საფუძველზე გადაეცა მოპასუხე გ. ქ-ის ოჯახს. მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთი არ გადაუფარავს. პირიქით, ვ,ჩ-ე შეეცადა გ. ქ-ის კუთვნილი ნაკვეთი საჯარო რეესტრში უკანონოდ დაერეგისტრირებინა. მართალია, ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ქ-ის სარჩელი შპს „ჯ-თან“ საბაზო სადგურის დემონტაჟისა და თანხების ანაზღაურებაზე არ დაკმაყოფილდა, მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილებით სადავო მიწის ნაკვეთის ვ. ჩ-ის კუთვნილება არ დადგენილა, რის გამოც მოცემულ დავაში მას პრეიუდიციული მნიშვნელობა არ გააჩნია. სარჩელი უსაფუძვლოა იმ თვალსაზრისითაც, რომ მოსარჩელეს გაშვებული აქვს საჯარო რეესტრის ჩანაწერის გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა. სადავო მიწის ნაკვეთის მოპასუხის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ფაქტი მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში 2010 წელს საქმის განხილვისას, რაც დაფიქსირებულია 2010 წლის 16 დეკემბრის №2-215/09 გადაწყვეტილებაში.

მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლანჩხუთის სარეგისტარციო სამსახურმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: 2011 წლის 7 აპრილს ვ. ჩ-მ, მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით და მოითხოვა ლანჩხუთის რაიონის, სოფელ ა-ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების შეტანა. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რადგან მოთხოვნილ იქნა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საჯარო რეესტრში გ. ქ-ის სახელზე რეგისტრირებული საკუთრების უფლება ლანჩხუთში, სოფელ ა-ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ...). აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 13 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2011 წლის 14 აპრილის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ ლანჩხუთის რაიონის სოფელ ა-ში მოპასუხე გ. ქ-ის საკუთრებას წარმოადგენს 1069.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მიწის საკადასტრო კოდი ...). დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის №882011163272-03 გადაწყვეტილებით მოსარჩელე – ვ. ჩ-ის განცხადებასთან დაკავშირებით შეჩერებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან, სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადების თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში. ზედდება აღმოჩნდა რეგისტრირებულ მონაცემთან სარეგისტრაციო ნომრით ... განცხადების რეგისტრაციის ნომრით .... ვინაიდან, დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი რეგისტრაციის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებული დოკუმენტი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

საჯარო რეესტრისა და საკადასტრო რუკის მონაცემებით დადგენილია, რომ ლანჩხუთის რაიონის სოფელ ა-ში ვ. ჩ-ის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი №273, 1300 კვ.მ დაზუსტებული ფართით. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე გ. ქ-მ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურში არ წარადგინა ზუსტი აზომვითი ნახაზი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მეოთხე ნაწილისა და ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილზე დაყრდნობით მიუთითა შემდეგი: ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2003 წლის მაისში შპს „ჯ-სა“ და ე. თ-ს შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულებით, შპს „ჯ-მა“ ე. თ-საგან ქირით მიიღო ლანჩხუთის რაიონის სოფელ ა-ში მდებარე ვ. ჩ-ის კუთვნილი 200 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის განკარგვის უფლებაც მინდობილობით გააჩნდა ე. თ-ს. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, მოწმეების ჩვენებიდან გამომდინარე, ასევე დადგენილია, რომ ის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც ანძაა განთავსებული, 1998 წელს მიეზომა ვ. ჩ-ს მონაცვლეობით.

პალატამ განმარტა, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე დადასტურებული ვერ იქნა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს „ჯ-ის ანძები განთავსებულია გ. ქ-ის საკუთრებაში აღრიცხულ ნაკვეთში“. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 დეკემბრისა და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებებით დადგენილია, რომ შპს „ჯ-ის“ ანძები არ მდებარეობს გ. ქ-ის ნაკვეთზე. პალატამ განმარტა, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებებს მოცემულ განსახილველ შემთხვევაში აქვს მტკიცებულებითი მნიშვნელობა. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, მოპასუხე გ. ქ-ის განმარტებით, დადგენილია, რომ მან საჯარო რეესტრში სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის დროს აზომვით ნახაზში არ უჩვენა შენობა-ნაგებობა, „ჯ-ის“ ანძა.

პალატის მოსაზრებით, რომ მოპასუხე გ. ქ-მ შეცდომაში შეიყვანა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახური, ვინაიდან, შენობა-ნაგებობის ნახაზში შეტანით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახური არ დაურეგისტრირებდა სადავო ნაკვეთს, რადგან საჯარო რეესტრისათვის წინა სასამართლო გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ცნობილი იყო, რომ გ. ქ-ის მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული შენობა-ნაგებობა, კერძოდ, შპს „ჯ-ის“ ანძები. პალატამ განმარტა, რომ საქართველოს იუსტიციის მინიმსტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანების 30-ე მუხლის მიხედვით: საკადასტრო აზომვითი ნახაზის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება უძრავი ნივთის მესაკუთრეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების საფუძველზე, გ. ქ-ს ეკისრებოდა მტკიცების ტვირთი ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების სიზუსტეზე, რაც მის მიერ არ განხორციელებულა.

ზემოაღნიშნული ნორმების დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით და ვინ, ე.ი რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებანი. სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რათა განკარგონ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოება თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გაროემოებები. სამოქალაქო კოდექსის 105-ე და 312-ე მუხლის პირველ ნაწილის შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დამტკიცებულ იქნა რომ აპელანტმა გ. ქ-მ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა არასწორი მონაცემები, კერძოდ, აზომვით ნახაზში არ უჩვენა შენობა-ნაგებობა, ანუ „ჯ-ის“ ანძა, რის საფუძველზედაც განხორციელდა უძრავი ნივთის არასწორი რეგისტრაცია, ანუ რეგისტრაციის საფუძველი არასწორია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ქ-მ შემდეგი დასაბუთებით: ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, ისევე, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, გადაწყვეტილება გამოიტანა ისე, რომ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, არ გამოთქვა მოსაზრებანი, რომლითაც უარყო ისინი, რითაც უხეშად დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, სასამართლომ სამოქალაქო წესით ისე განიხილა საქმე, რომ არ გამოარკვია, ჰქონდა თუ არა ვ.ჩ-ს სარჩელის აღძვრის უფლება, იყო თუ არა ვ.ჩ-ე სათანადო მოსარჩელე, ანუ ნამდვილად მისი არის თუ არა ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც დავა მიმდინარეობს და დაირღვა თუ არა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, მოწმეთა ჩვენებებზე და აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთზე ანძაა განთავსებული. ამასთან, 1998 წელს, მიწის ნაკვეთი ვ. ჩ-ს მონაცვლეობით მიეზომა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით, მოცემულ შემთხვევაში, ვ. ჩ-ის სახელზე მიწის ნაკვეთის მონაცვლეობა არ შეიძლება მოწმის განმარტებით დადასტურდეს, ამისათვის საჭიროა უფლების დამდგენი დოკუმენტის არსებობა, რასაც სასამართლომ შეგნებულად აუარა გვერდი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის უხეში დარღვევით გამოიტანა უკანონო და უსაფუძვლო გადაწყვეტილება.

ამასთან, სასამართლო გასცდა დავის საგანს და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით იმსჯელა საკადასტრო აზომვითი ნახაზის სიზუსტის პასუხისმგებლობაზე, მაშინ, როცა მოსარჩელეს ასეთი მოთხოვნა სასამართლოში არ დაუყენებია და, სწორედ, აღნიშნული გარემოება დაუდო სასამართლომ გადაწყვეტილებას საფუძვლად. სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო საჯარო რეესტრის შესახებ კანონის მე-11 და 26-ე მუხლის მოთხოვნები და სრულიად დაუსაბუთებლად სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ბრძანება, რაც საპროცესო ნორმების უხეში დარღვევაა, რადგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, სასამართლო იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობებს, მოცემულ შემთხვევაში კი, სასამართლომ გვერდი აუარა კანონს და გამოიყენა გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლად მინისტრის ბრძანება. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ იმსჯელა საქმეში მტკიცებულების სახით არსებულ 2011 წლის 10 ნოემბრის №4926 ექსპერტიზის დასკვნაზე და არ შეაფასა იგი - როგორც მტკიცებულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ქ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსნებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც, აგრეთვე, გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი კი, შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ დაქვემდებარებას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, ასევე იურიდიულ პირებს შორის.

მოცემულ შემთხვევაში, ვ. ჩ-ის სასარჩელო მოთხოვნაა, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლების გაუქმება. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელემ სარჩელზე მოპასუხეებად დაასახელა, როგორც ფიზიკური პირი გ.ქ-ე, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. განსახილველი დავა ეხება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის, იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანების გამოყენებისა და საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერის კანონიერებას. მოსარჩელე სადავოდ ხდის მარეგისტრირებელი ორგანოს ქმედებას და ითხოვს, ამ ორგანოსათვის კონკრეტული ქმედების დავალდებულებას.

ამდენად, მოცემული დავა ადმინისტრაციული წესით უნდა იქნეს განხილული, ვინაიდან სადავოს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედების მართლზომიერება და მისი შეფასება ადმინისტრაციული კანონმდებლობით უნდა მოხდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმე განხილულია საგნობრივი განსჯადობის წესების დარღვევით, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საპროცესოსამართლებრივი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ქ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.